ყველა სპორტული სიახლე

თომას ბახის განცხადება რუსეთის სპორტსმენების ოლიმპიადიდან შესაძლო მოკვეთის თაობაზე

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები შესაძლოა რუსეთის სპორტსმენების გარეშე ჩატარდეს - მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ახალი ბრალდება რუსეთის ფედერაციაში ყოვლისმომცველი და ხელისუფლების მიერ სანქცირებული "დოპინგ-პროგრამის" არსებობის თაობაზე. 

სოკ-ის თავკაცმა ეს განცხადება გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში" დაბეჭდილ სტატიაში გააკეთა.
"რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობა დამოკიდებულია იმ გამოძიების შედეგებზე, რომელსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (ვადა) "სოჭი-2014"-თან დაკავშირებით აწარმოებს. თუ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები ორგანიზებული სახელმწიფო დოპინგ-პროგრამის არსებობის თაობაზე, რომელიც სპორტის ბევრ სახეობას ეხება, საერთაშოროსო სპორტულ ორგანიზაციებს და სოკ-ს მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურ და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის," - განაცხადა ბახმა.

ახალ დოპინგ-სკანდალს წინ უძღოდა რუსი მძლეოსნებისთვის დაწესებული სანქცია, რომელიც მოჰყვა გერმანულ ტელეკომპანია ARD-ის მიერ მომზადებულ მამხილებელ დოკუმენტურ ფილმს. ამ სანქციის მოხსნა-არმოხსნის საკითხი არაუადრეს 17 ივნისის შემდეგ უნდა გადაწყდეს, მაგრამ ამასობაში რუსეთს უფრო მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელიც სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელთა ოლიმპიადიდან მოკვეთას გულისხმობს.

ამჯერად რუსეთს ახალი დოპინგ-ბრალდება წაუყენა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა. ამერიკაში გაქცეული მეცნიერი გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ასამდე რუსი სპორტსმენი, მათ შორის - სოჭის ოლიმპიადის თხუთმეტი მედალოსანი ჩართული იყო ე.წ. დოპინგ-პროგრამაში, რომელიც დეტალურად დაიგეგმა სახელმწიფო დონეზე, რუსებისთვის საშინაო ოლიმპიადაზე გამარჯვების უზრუნველსაყოფად (როგორც ცნობილია, რუსებმა პირველი ადგილი დაიკავეს საერთო გუნდურ ჩათვლაში). როდჩენკოვი აცხადებს, რომ ნაკრების წევრებს აძლევდა სამი აკრძალული პრეპარატის მის მიერვე შემუშავებულ ნაზავს და ამის შესახებ თავად სპორტსმენებმაც იცოდნენ. როდჩენკოვი ასევე აღიარებს, რომ ლაბორატორიის კედელში საგანგებოდ გაკეთებული ხვრელის მეშვეობით აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადის რუსი პრიზიორების დოპინგ-სიჯების შეცვლაში.

"ნიუ იორკ ტაიმსის" პუბლიკაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა ვადა-ს გამოიძიოს გრიგორი როდჩენკოვის ინტერვიუში გამოთქმული ბრალდებები.

როდჩენკოვის განცხადებების საფუძველზე, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პარალელურად, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ასევე დაიწყო გამოძიება რუსეთის სამთავრობო ჩინოვნიკების, სპორტსმენების, მწვრთნელების და ანტისადოპინგო ორგანოების წინააღმდეგ.

www.geonoc.org.ge

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ