ყველა სპორტული სიახლე

საქართველო - ნამიბია: გადამწყვეტი ბრძოლის წინ

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს უკანასკნელ მატჩს გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპს მესამე პოზიციაზე დაასრულებენ, რაც ავტომატურად შემდეგი მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ნამიბიელთა დამარცხებით ქართველებისთვის მიმდინარე მსოფლიო თასი ისტორიაში ყველაზე წარმატებულად ჩაითვლება.

საქართველოსა და ნამიბიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 4 მატჩს ითვლის. 3 შემთხვევაში გამარჯვება ქართველებს დარჩათ, ხოლო ნამიბიამ ერთხელ შეძლო ბორჯღალოსნების დამარცხება. ხსენებული ოთხი შეხვედრიდან ორი ერთა თასის გათამაშების ფარგლებში შედგა, ორი კი მსოფლიო თასზე. ყველაზე დიდი სხვაობით საქართველომ ნაკრებმა ნამიბიას 2007 წლის მსოფლიო თასზე მოუგო (30-0).

მიმდინარე ჩემპიონატზე ნამიბიელებმა ორი შეხვედრა გამართეს. ახალ ზელანდიასთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ (58-14) აფრიკელებმა ტონგასთან იბრძოლეს და მეტოქეს სამი ლელოც დაუდეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ (35-21).

ნამიბიასთან მატჩში საქართველოს ნაკრები ტონგასთან და არგენტინასთან გამოცდილ შემადგენლობას უბრუნდება. სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - აფციაურის ნაცვლად თამაშს თოდუა დაიწყებს.

დღევანდელი დაპირისპირების წინ ტრადიციულად კაპიტნების ვარჯიში გაიმართა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და ლევან დათუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

მილტონ ჰეიგი:

„გასული 4 წლის მანძილზე ამ მსოფლიო თასისთვის ვემზადებოდით. მთელი ჩვენი კონცენტრაცია ჯგუფში მესამე დგილის დაკავებაზე იყო ორიენტირებული. ხვალინდელი დღე ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, გამარჯვების შემთხვევაში ეს დღე ისტორიულ მემკვიდრეობას დაუტოვებს მომავალ თაობას.

„ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დამატებით 4 წელს მოგვცემს მორიგი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, რაც უკეთესი თაობის გამოწვრთნაში დაგვეხმარება.

„როდესაც ტურნირის საუკეთესო 12-ეულში ხვდები მსოფლიოსთვის უფრო მეტად შესამჩნევი ხარ, რაც უფრო მეტ შესაძებლობას მოიტანს პირველი ეშელონის გუნდებთან უფრო ხშირად საასპარეზოდ.“

ლევან დათუნაშვილი:

„ხვალინდელი მატჩი ჩვენი 4 თვიანი მძიმე შრომის დასასრული იქნება. ნამიბიასთან იოლი მატჩი არ გველის - საკმაოდ რთული იქნება მათი გამკლავება. პირადად მე, ჩემს უკანასკნელ მსოფლიო თასს ვთამაშობ და მინდა, რომ საუკეთესოდ წარვდგე ბოლო მატჩში.“

 

კომენტარები მოწინააღმდეგის ბანაკშიც გაკეთდა:

როჯერ თომსონი - ნამიბიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი:

„დღევანდელი მატჩისთვის მზადებაში დიდი შრომა ჩავდეთ და ამ თამაშის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინა კვირას ტონგას წინააღმდეგ ღირსეულად დავიცავით ჩვენი მხარე და კარგი მოლებიც ვაკეთეთ. საქართველოს წინააღმდეგაც ასე თავდადებით უნდა ვითამაშოთ და ბორჯღალოსნებს სათანადოდ უნდა დავუხვდეთ. მათ არაჩეულებრივი კაპიტანი ჰყავთ, მამუკა გორგოძესთან ერთად გუნდი მოედანზე ნამდვილად ცეცხლს დაანთებს.“

ჟაკ ბერგერი, ნამიბიის ნაკრების კაპიტანი:

"მოგვიწევს, ბევრად უფრო ჭკვიანურად გავისარჯოთ, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვიძლია".

საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ექსტერის "სენდი პარკზე" გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23 საათზე აიღებს.

ფეხბურთი, რაგბი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ