
ვახო სანაიას ბლოგი #2 - მსოფლიო ჩემპიონების ევროპული გამოცდა
საქართველოში 2016 წლის მთავარი მოვლენა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.
ფეხბურთის გულშემატკივრებს ცოტა გაგვიმართლა. 10 ივნისს ევრო 2016 იწყება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საარჩევნო ორომტრიალს ერთ თვეს გამოვსტაცებთ. მე კი მეძლევა შესაძლებლობა, ერთთვიანი ზეიმის დროს უფრო მეტი გესაუბროთ ფეხბურთზე.
დღეს გერმანიაზე ვწერ. ცოტა შორიდან დავიწყებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ორი წლის წინ ბრაზილიაში იოაჰიმ ლიოვმა ჩემ თვალწინ დაასამარა ჩემი ყველაზე დიდი საფეხბურთო მოლოდინი, რომლისთვისაც ათასობით კილომეტრი ვიფრინე.
მართალია, ბრაზილიაში სულ სხვა თამაშებს დავესწარი სტადიონებზე, მაგრამ უმწეობის განცდა სან პაოლოს აეროპორტში რომ დამეუფლა, დღემდე მომყვება. აეროპორტის დიდი ეკრანი და ხალხით გადაჭედილი დარბაზი გერმანიის განადგურებას ელოდა, ნახევარ საათში კი სიმჭიდროვისგან სრულად გავთავისუფლდი და მივხვდი, რომ სრულ სიჩუმესა და თითქმის დაცარიელებულ კედლებში ვიდექი.
ის ჩემპიონატი გერმანიამ მოიგო და დღემდე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის რანგშია. ეს ერთი მიზეზი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი პირველი წერილი სწორედ მსოფლიო ჩემპიონს მივუძღვნა. მეორე მიზეზის მოსატანად უფრო შორს წასვლა მომიწევს.
პირველი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩემს მეხსიერებას ყველაზე ცხადად შემორჩა, ევრო 1996-ია. ომებისა და უშუქობის მიუხედავად, ჩემს საფეხბურთო სკივრში უკვე ინახებოდა დაუვიწყარი საფეხბურთო ისტორიები, მათ შორის, 1992 წელი და გონებაში ფრაგმენტულად ჩაბეჭდილი დანიის ნაკრები. 1994 წელი და ბრაზილიელთა ჩემპიონობა შტატებში, ევროპის მომავალი ჩემპიონების სტუმრობა თბილისში და კლინსმანის ორი გოლი, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვწერ, 1996 წელი ყველაზე კარგად მახსოვს.
თუ ორი წლის წინ მსოფლოზე ოქროს ბიჭუნა მარიო გოტცე იყო, მაშინ ეგეთი ოლივერ ბირჰოფი გვყავდა, სრულიად დაუვიწყარი ვინმე. ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მოგონებები უმიზეზოდ არ ამშლია. ამ ამბავს სენტიმენტალიზმს ნუ მივაწერთ. შორიდან დაწყებას თავისი მიზეზი აქვს. სწორედ 1996 წლის ჩემპიონობის შემდეგ დაიწყო გერმანიის დაღმასვლა. ნაკრებმა ჩააგდო 1998 წელი საფრანგეთში. შემდეგ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. 2002-ში ფინალი ითამაშა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს მაქსიმუმი იყო და თასს ბრაზილია წაიღებდა.
ჩავარდა 2004 წელიც... ჯამში 1996-დან 2014 წლამდე, მთელი 18 წლის განმავლობაში გერმანიას არც ერთი დიდი ტურნირი არ მოუგია. მაგრამ ამ წლების ერთ ქვაბში მოხარშვა ღრმა შეცდომა იქნება. 2004 წელი - აი აქ უნდა შევჩერდეთ და ათვლის ახალ წერტილად გამოვაცხადოთ. ამ წელს გუნდში მთავარ მწვრთვნელად იურგენ კლინსმანი მოვიდა. ასისტენტი იოაჰიმ ლიოვი გახდა. 2014 წლის ტრიუმფატორ ნაკრებს საფუძველი სწორედ 2004-ში ჩაეყარა.
ახალი გერმანია იქმნებოდა სწორი სტრატეგიით, დიდი შრომითა და მოთმინებით.. ამ პერიოდში დაიწყო თაობათა ცვლაც. 2006 წელს კლინსმანისა და ლიოვის გუნდი საკუთარ კედლებში დამარცხდა, მთავარი მწვრთვნელიც წავიდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებმა აჩვენა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. კლინსმანის ადგილი მისმა ასისტენტმა დაიკავა.
მომდევნო 6 წლის განმავლობაში ლიოვის ნაკრები ერთხელ ფინალში დამარცხდა, ორჯერ კი ნახევარფინალი დათმო. ყველაზე მძიმე პერიოდი სპეციალისტს 2012-ში იტალიასთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ დაუდგა. იმ თამაშში ლიოვს ტაქტიკური შეცდომები მოუვიდა, მაგრამ მთავარი უფრო სხვა იყო - თითქოს გერმანიაში დაიღალნენ ფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპებზე წაგებებით. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ირწმუნეს, რომ სწორი გზით მიდიოდნენ და ლიოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბოლოს და ბოლოს 2014-ში გერმანიამ მაინც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ახალმა თაობამ თავისი სიტყვა თქვა. ბრაზილიური ტრიუმფი, რომელიც გერმანელთა დიდი, ხანგრძლივი და სწორი შრომის ლოგიკური შედეგი იყო, მაინც არ შეიძლება, ეპოქის დასასრულად მივიჩნიოთ. ლიოვი კვლავ ნაკრების სათავეშია. გუნდს თანდათაც შეეპარა თაობათა ცვლაც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ის გუნდია, რომელმაც ორი წლის წინ მუნდიალი მოიგო. ასე რომ, როდის სრულდება ლიოვის სანაკრებო ეპოქა - 2014-ში თუ 2016-ში - მაქსიმუმ 10 ივლისს ღამით გვეცოდინება.
ან იქნებ სულაც გაგრძელდეს კიდეც ეს ეპოქა. მსგავსი მაგალითი გვაქვს - დელ ბოსკეს შემთხვევა. გერმანიის ნაკრები ევრო 2016-ზე მთავარი ფავორიტია. ამასთან, არის პრობლემებიც. ერთადერთი პოზიცია, რომელზეც ლიოვს სანერვიულო არა აქვს, მეკარეა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი დაცვაა, განსაკუთრებით, ფლანგები. არც სხვა პოზიციებზეა საქმე იდეალურად. სირთულეები შესარჩევ ეტაპზევე ჩანდა. მსოფლიო ჩემპიონებს ადვილი გასეირნება არ ჰქონიათ. გუნდი არ იყო ოპტიმალურ ფორმაში. ხარვეზები იყო დამაგვირგვინებელ ფაზაშიც. წესით, გერმანიას ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. პოლონეთთან თამაშის გამოცდილება ამ გუნდს აქვს. უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ლიოვი, რა თქმა უნდა, მოგებას გეგმავს, მაგრამ პროგნოზებს ნუ ვიჩქარებთ. მოულოდნელობები ფეხბურთის ხიბლია.
უკვე ვთქვით, რომ გერმანია ფავორიტია, მაგრამ ევროპის ჩემპიონობას სხვებიც უმიზნებენ - მასპინძელი საფრანგეთი და ესპანეთი, რომელიც თავისი ჰეგემონიის დაკარგვას ვერ ეგუება. არ დაგვავიწყდეს, რომ ევრო 2016-ზე ინგლისი და იტალიაც არიან. ფავორიტებს შორის ფრთხილი ოპტიმიზმით ვახსენოთ ბელგიაც. ამ ტურნირზე ითამაშებს მონაწილეთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო, მაგრამ გაგვიჭირდება მისი გუნდი ფავორიტებში შევიყვანოთ... თუმცა ამ ყველაფერზე თანმიმდევრულად მომდევნო დღეებში... მაშ ასე, დაპირებულ თუ შესრულებულ სისხლიან მუქარას ევროპა ერთთვიანი საფეხბურთო ზეიმით უპასუხებს.