ყველა სპორტული სიახლე

ზურაბ ჯავავახაძე - 80

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 80 წლის იუბილეს ულოცავს ქართული სპორტის დიდ მოამაგეს, ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელს, ჩვენი სპორტის ისტორიის დაუღალავ მკვლევარს, აღიარებულ პუბლიცისტს ზურაბ ჯავახაძეს.

ბატონი ზურაბის ღვაწლი მართლაც გამორჩეულია - ის გახლავთ სპორტულ თემაზე შექმნილი 40-მდე წიგნის ავტორი. მათ შორის არის წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, ჩვენს სახელოვან ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას - ამ თემას ეძღვნება ჟურნალისტური ნარკვევები თუ გამოკვლევები, საინტერესო საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკები.

ასევე აღსანიშნავია ზურაბ ჯავაძაძის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა, იშვიათი ორგანიზატორული ნიჭი, მრავალწლიანი დაუღალავი საქმიანობა სპორტის პოპულარიზაციისთვის, ქართველ სპორტსმენთა და სპორტის მოღვაწეთა ამაგის წარმოჩენისა და დაფასებისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბატონი ზურაბის დამსახურებაა ქუთაისში სპორტის უნიკალური მუზეუმის არსებობა. აქ ნახავთ არა მარტო ქუთაისისა და იმერეთის, არამედ მთელი ქართული სპორტის ისტორიის შთამბეჭდავ მასალებს, ჩვენი სპორტსმენების მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, სხვა დიდ შეჯიბრებებზე მოპოვებულ მედლებს, სხვადასხვა ჯილდოებს და სუვენირებს, სპორტულ აღჭურავილობას და ინვენტარს. მუზეუმის ფონდში დაცულია მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტები და მდიდარი ფოტომასალა, იშვიათი ხელნაწერები და სპორტული გამოცემები. ქუთაისის სპორტის მუზეუმი 10 ათასზე მეტ ექსპონატს აერთიანებს. ზურაბ ჯავახაძის თაოსნობით აქ ხშირად ეწყობა ხალხმრავალი ღონისძიებები, საიუბილეო საღამოები, საინტერესო შეხვედრები ცნობილი სპორტსმენებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობით.

ზურაბ ჯავახაძე არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედლით, სხვადასხვა ჟურნალისტური პრემიით.


www.geonoc.org.ge

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ