
ვახო სანაიას ბლოგი № 3 - ფრანგების საჩემპიონო ამბიცია
ჰქონდათ თუ არა ფრანგებს საჩემპიონო დასაწყისი ? ჰქონდათ. დიახ - მიუხედავად ყველაფრისა.
ზოგადად, ასეთ დიდ სანაკრებო ტურნირებზე სტარტი იოლი არ არის. რუმინეთთან თამაშის შემდეგ დეშამს საფიქრალი არ აკლია, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთია, რომ საფრანგეთი საჩემპიონო გუნდია.
დეშამს პრობლემები აქვს დაცვაში. ერთ მატჩში თერთმეტმეტრიანი და რამდენიმე რეალური საგოლე ეპიზოდი საკუთარ კართან სერიოზული სიგნალია მთავარი მწვრთვნელისთვის.
რუმინელები იმედებს ამყარებდნენ კონტრშეტევებსა და სტანდარტულებზე და ეს სულაც არ იყო უსაფუძვლო - საწყის წუთებში რომ გამართლებოდათ, მატჩის სცენარი შეიცვლებოდა. ასე რომ, დაცვა მწვრთვნელის მთავარი საზრუნავია.
ფრანგებს ფინალისკენ მიმავალ გზაზე უფრო მრისხანე გუნდები შეხვდებიან, ვიდრე დისციპლინირებული, მაგრამ ძლიერ ინდუვიდუალურ შემსრულებლებს მოკლებული რუმინეთია.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დიმიტრი პაიეა. შეგიძლიათ, თავიდან უყუროთ მატჩიის მიმოხილვას და ნახავთ, რომ ყველა სახიფათო ეპიზოდი, ჟირუს გოლის ჩათვლით, სწორედ პაიეს გადაცემას მოჰყვა. ამასთან, უნდა გამოვყოთ ნგოლო კანტე, რომელიც ნაკრების ხერხემალს წარმოადგენს და რუმინეთთან თამაშში უდიდესი სამუშაო შეასრულა.
მომდევნო მატჩებში უფრო მეტად უნდა ველოდოთ პოლ პოგბას გახსნას. საერთოდ, სწრაფი და ტექნიკური ნახევარდაცვა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ცალკე საქმეა თავდასხმა.
ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრებისთვის ცენტრალური ფიგურაა. არსენალის ფორვარდმა დავალება შეასრულა. ფლანგები ძირითადად მისთვის მუშაობდნენ და საგოლე მომენტებს უქმნიდნენ. მართალია, მესამე ცდით, მაგრამ გააკეთა ის, რისთვისაც მოედანზე იყო. ჟირუზე მწვრთვნელი მომავალ თამაშებშიც ააგებს გეგმებს.
გრიზმანმა კი თავისი ყველაზე რეალური ორი შანსი გოლად ვერ აქცია. მეორე ტაიმში რუმინელებმა ატლეტიკოს ფორვარდი მთლიანად ჩაკეტეს. თავდამსხმელს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებმა სივრცეები არ დაუტოვეს და მეორე ნახევარში ფუნქცია დაუკარგეს. დეშამმა ბრწყინვალე სვლა გააკეთა. გრიზმანის ნაცვლად სწრაფი და აქტიური კინგსლი კომანი შემოუშვა, რომელმაც დასვენებულ მარსიალთან ერთად შეტევა და ზეწოლა გააძლიერა.
შედეგად მეტი გასაქანი მიეცა პაიეს, რომელმაც ულამაზესი გოლით საფრანგეთს გამარჯვება მოუტანა. პაიემ საჯარიმოს გარედან ანალოგიური დარტყმა პირველ ტაიმშიც სცადა, მაგრამ მცველმა ბურთი ვარდნაში მოიგერია.
ვესტ ჰემის ფეხბურთელი შეუდარებელია. ინდივიდუალური მონაცემი - ბურთის ფლობა, მოედნის ხედვა, ზუსტი გადაცემები, ფლანგებიდან ჩაწოდება - პაიეს საფრანგეთის დღევანდელი ნაკრების ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად აყალიბებს.
ფრანგებმა პირველი ამოცანა შეასრულეს, სამი ქულა აიღეს და საჩემპიონო განაცხადი გააკეთეს. დრო ბევრი არ არის,მაგრამ დეშამი ახლა სუსტი წერტილების აღმოფხვრაზე იმუშავებს. გვაქვს საფუძველი, მომდევნო შეხვედრებში კიდევ უფრო უკეთეს საფრანგეთს ველოდოთ.