ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ლიგაზე გასამართი მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ქართველი წყალბურთელები 17 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს ლიგაზე პირველი ტურის მატჩები 20 ოქტომბერს გაიმართა და ჩვენმა ნაკრებმა ბუდაპეშტში 9-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრეთის ნაკრებთან 10:17 წააგო.

ეროვნული გუნდის მოთამაშეების ნახევარი საკლუბო დონეზე “ლოკომოტივში“ გამოდის. ეს გუნდი მოსამზადებელ შეკრებას სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გადის. გუნდთან ერთად არის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, რომელიც “ლოკომოტივსაც“ ეხმარება და ნაკრების მოთამაშეებთანაც მუშაობს.

ნაკრების წყალბურთელები სერბეთიდან პირდაპირ საბერძნეთში ჩავლენ, სადაც გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდებიან - რევაზ იმნაიშვილი, ვინც უნგრულ “სეგეტში“ თამაშობს და ანდრო ბითაძე, რომელიც “ბარსელონაში“ გამოდის. თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავლენ საბერძნეთში სხვა ლეგიონერებიც - ივან სტრუჩანი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი და მარკო ელაჩა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგაზე პირველად თამაშობს და ტურნირს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებს. ევროპირველობას სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი 10-23 იანვარს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები C-ჯგუფში იტალიასთან, რუმინეთთან და გერმანიასთან ერთად ითამაშებს.

იტალია და რუმინეთი 2014 წელს უნგრეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ. რუმინეთი მსოფლიოს ლიგის გათამაშებაშიც ჩვენს ჯგუფშია და 1 დეკემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს ეთამაშება.

mysports.ge

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ