ყველა სპორტული სიახლე

მამუკა გორგოძე: "ქართველმა გულშემატკივარმა თავისი საქმე იცის"

მამუკა გორგოძე - სარაგბო სამყაროში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაც ოვალით ბურთაობენ ეს სახელი უმალ საქართველოსთან და ქართულ რაგბთან ასოცირდება.

მამუკა გორგოძე 2015 წლის მსოფლიო თასზე უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო, რომელიც ტურნირის სიმბოლურ 15-ეულში და ‘დრიმ თიმში’ დაასახელდა. ბორჯღალოსანთა და ‘ტულონის’ ფლანკერს ზურგს 66 სანაკრებო კეპი და 26 ლელო უმაგრებს. იასპარეზა სამ მსოფლიო თასზე - 2015 წელს ინგლისში კი ნაკრებს უკაპიტნა.

ივნისში ‘ნოუ კამპზე ტულონისა და რასინგის ფინალით დასრულდა ტოპ 14-ის 2015-16 წლის სეზონი. მატჩის პირველივე ლელო მამუკას ანგარიშზეა, თუმცა მისმა ტულონმა ჩემპიონობა რასინგთან დათმო. სეზონის შემდეგ პირველობის საუკეთესოების გამოსავლენად ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ ‘მიდი ოლიმპიკმა’ გამოკითხვა აწარმოა, რომელშიც მამუკა გორგოძე სეზონის საუკეთესო 6 ნომრად, მარცხენა ფლანკერად დასახელდა.

გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გორგოძესთან, რომელიც სპორტულ გაზეთ ლელოსთან ერთობლივად მომზადდა:

ოკეანეთის წარმატებული ტურნეს და ნოემბრის ტესტების შესახებ

ასეთ შედეგს ვერც ვინატრებდით! მაგ დროს ტულონი პლეიოფს თამაშობდა და როგორც სპორტსმენი, სულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავი, არ შეიძლება ძილის გატეხა, ამიტომ ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურე.

თუმცა, გავიღვიძე ერთ დილას და სამოასთან ფრედ დასრულებული მატჩში დამხვდა; გავიღვიძე მეორე დილას და ლევან ჩილაჩავას შეტყობინება დამხვდა ტელეფონზე - ნახე ბიჭებმა ტონგასთან როგორ დაგლიჯესო; მესამე დილას გავიღვიძე და სულ გადავირიე - ფიჯისთან დამაჯერებლად მოგვიგია! 

ცხადია ყველას გულით გვიხარია ეს წარმატება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გუნდები, სამოა, ფიჯი და ტონგა, ჩვენთან თამაშისას ჯერ კიდევ ფავორიტები არიან. რათქმაუნდა მათთან წაგებას არავინ აპირებს და როგორც ყველასთან, რა შემადგენლობითაც არ უნდა ვითამაშოთ, მოსაგებად გავალთ.

ნოემბრის ტესტები

თუ ტრავმა არ მექნება, ცხადია, აუცილებლად ვითამაშებ. საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ძალიან ძლიერი გუნდებია. ყველამ ნახა იაპონიამ ინგლისში რა ფურორი მოახდინა. ფაქტობრივად მათმა თამაშმა მსოფლიო თასზე ჩვენი წარმატება გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები პროგრესს განაგრძობენ, არ მიმაჩნია, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდია და წესით თბილისში აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუმცა ეს ძალიან, ძნელი იქნება.

სამოა ჩვენთან სათამაშოდ კარგად მომზადებული ჩამოვა. ადრე თუ ზერელად გვიყურებდნენ ახლა ასე აღარ მოიქცევიან. მაქსიმალურად მობილიზებულნი ითამაშებენ და ჩვენთან ფავორიტები იქნებიან. მათთანაც, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ.

შოტლანდია სულ სხვა დონეა. კლასით ორივე გუნდზე ბევრად უფრო ძლიერია. სტუმრად გვიწევს თამაში, რაც ამოცანას კიდევ უფრო გვირთულებს. ვნახოთ როგორ წაგვივა თამაში, გამორიცხული არაფერია.

20-წლამდელების შესახებ

ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან მაგარი ბიჭები თამაშობენ. მიხარია, რომ პირველი ნაკრებისთვის ასეთი კარგი შევსება მოდის. მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან, ნელ-ნელა დაიწყონ ნაკრებში თამაში.

ძალიან დიდი კონკურენცია იქნება მესამე ხაზში, რაც დიდად მახარებს. რა წამს დავინახავ, რომ ისე ვეღარ ვარ, როგორც საჭიროა და ვინმე უკეთესია, უმალ დავუთმობ გზას. პირველი და მესამე ხაზი უმაღლესი დონის გვეყოლება, ცოტა მეორე ხაზში გვიჭირს. თუმცა, თუ გამოჩნდნენ მაღალი ბიჭები, ნელ-ნელა იქაც გაუმჯობესდება მდგომარეობა.

ტულონის და ტოპ 14-ის ფინალის შესახებ

ფინალი

დღემდე ვერ ამიხსნია. მეტოქის ერთ-ერთ წამყვან მორაგბეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზელები 14-ნი დარჩნენ. ეტყობა ჩემმა თანაგუნდელებმა იფიქრეს, რომ თამაში უკვე მოგებულიაო. ლელო, რომ დავდე კაპიტანთან მივედი და ვუთხარი, ჯერ არაფერი დამთავრებულა, თამაში კიდევ მოსაგებია - მეთქი. მართალი, რომ გითხრათ მაგ თამაშის წაგება უფრო ძნელი იყო ვიდრე მოგება. წარმოუდგენელია, მაგრამ ტულონმა ვერ დაამარცხა კაცნაკლული მეტოქე.

ნოუ კამპი...

შესანიშნავი სტადიონია. გასახდელიდან კიბეებზე რომ ჩადიხარ, სანამ მოედანზე გახვალ პატარა ეკლესიაა. იქ რასინგის პრეზიდენტი დამხვდა, ლოცულობდა. ჩემკენ ზურგით იდგა და ისე იყო გართული ლოცვით, რომ არც შევუჩმნევივარ. აი სწორედ მაშინ ვიფიქრე ღმერთმა საჩუქარი არ გაუკეთოს და არ მოაგებინოს - მეთქი.

მიდი ოლიმპიკის და ქომაგების უმაღლესი შეფასება

არ ვიცი ამაზე რა ვთქვა. ქომაგს თავისი აზრი აქვს და ხშირად ობიექტურიც. ფაქტი ერთია, გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა - ტულონს კაცნაკლული მეტოქის დამარცხება არ უნდა იჭირდეს.

ერთაბაშად სამი ქართველი მიდი ოლიმპიკის სიმბოლურში

ზუსტად ვიცი ამ გამოკითხვაში მაღალი პროცენტით რატომ გავუსწარით ყველას. სულელი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამ საქმეში ქართველი ქომაგების „ხელი ურევია“. შესაძლებელია, რომ არა ისინი დაბალი პროცენტით გაგვესწრო სხვებისთვის, მაგრამ ქართველმა გულშემატკივარმა თავისი საქმე იცის!

მიუხედავად ყველაფრისა, გამოკითხვაში კანდიდატებათ დასახელებას ნამდვილად ვიმსახებდით და ესეც არ არის პატარა საქმე. ძალიან გამიხარდა სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი, ამან სტიმული მომცა. სხვათა შორის არც საფრანგეთში არიან ჩვენ მიმართ ცუდად განწობილნი, მხარს ისინიც გვიჭერენ. ამაყი ხასიაღი მაქვს, მაგრამ რასაც ვაღწევ, მხოლოდ შრომით. მით უფრო, რომ ჩემს პოზიციაზე ძალიან ბევრი მაგარი მორაგბეა და ახალგაზრდებიც სულ მოდიან და მოდიან.

rugby.ge

ფეხბურთი, რაგბი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ