ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიელთა პირველი ჯგუფი რიო დე ჟანეიროში გაემგზავრა 

26 ივლისს გამთენიას საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ნაკადი რიო დე ჟანეიროში გაემგზავრა. 

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე რამდნიმე ეტაპად მიემგზავრებიან, პირველები კი რიოში მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ძიუდოისტები, ტყვიის მსროლელები, მშვილდოსნები, მძლეოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი, ტანმოვარჯიშე, მოფარიკავე და ძალოსანთა ნაწილი წავიდნენ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი კომპანია "ლუფტჰანზათი" გაფრინდა მიუნჰენში, იქიდან კი რამდენიმე საათში დელეგაცია რიო დე ჟანეიროსკენ აიღებს გეზს, სადაც ოლიმპიელები რიოს ოლიმპიურ სოფელში დაბინავდებიან და ოლიმპიადის დაწყებამდე დასკვნით შეკრებებს სწორედ იქ გაივლიან. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი 2 აგვისტოს 09:30 წუთზე გაიმართება, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს "მარაკანას" სტადიონზე ჩატარდება.

ყველაზე ადრე თამაშებში მშვილდოსნები ჩაებმებიან, რომლებსაც 4 აგვისტოს ოფიციალური ვარჯიში ექნებათ, 5-ში კი, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. 6 აგვისტოდან თამაშებში ძიუდოისტები, ტყვიის მსროლელები და ჩოგბურთელები ჩაებმებიან. 

რიოსკენ 4 აგვისტოს აიღებენ გეზს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, ძალოსნები და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოლიმპიადაზე 8 აგვისტოს გაფრინდებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ასევე კანოეთი მოასპარეზე ზაზა ნადირაძე

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს 39 სპორტსმენი წარმოადგენს სპორტის 13 სახეობაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე პირველად გვეყოლებიან სპორტსმენები ქალთა ძიუდოში, კანოესა მარათონში, 1996 წლის შემდეგ მონაწილე არ გვყოლია ფარიკაობაში, ხოლო 2000 წლიდან მხატვრულ ტანვარჯიშში. ოლიმპიურ თამაშებზე 39 სპორტსმენი სარეკორდო მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე -  ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი. 

ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012), საქართველოს მედროშე გახსნის ცერემონიალზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.

5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს. 

ფოტო: www.gjf.ge
სამინისტროს პრესსამსახური

საქართველო, სხვადასხვა, ოლიმპიური, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ