ყველა სპორტული სიახლე

ჯერ ვარჯიში, მერე - შეჯიბრება

რიოში ჩასული ქართველი სპორტსმენები უკვე გადავიდნენ წვრთნის რეჟიმზე. მას შემდეგ, რაც ტექნიკური დეტალები დაზუსტდა და შესაბამის სამსახურებთან სავარჯიშო გრაფიკზე შეთანხმება შედგა, ჩვენმა ოლიმპიელებმა - 9 სახეობის წარმომადგენლებმა აქაურ სპორტულ ბაზებზე ჩაატარეს პირველი საწვრთნელი მეცადინეობები.

მაგალითად, დედა-შვილი - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ტყვიის სროლის ოლიმპიურ ცენტრში იმყოფებოდნენ და თითქმის სამი საათი ივარჯიშეს. დეოდორა ზონაში, ოლიმპიური სოფლიდან 40 წუთის სავალზე განთავსებულ ამ ბაზაზე გათამაშდება ოლიმპიური მედლები ტყვიის სროლაში. ეს ცენტრი საგანგებოდ ამ თამაშებისთვის აშენდა და როგორც ნინო სალუქვაძე ამბობს, დაუმთავრებელი ობიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს - თავად სასროლო სივრცე მაღალი დონისაა, მაგრამ ვიდრე იქამდე მიაღწევ, მიწისქვეშა ლაბირინთებში გავლა გიწევს. სხვათა შორის, წლეულს, გაზაფხულზე აქ ლიცენზიანტი მსლოლელებისთვის სატესტო შეჯიბრება ჩატარდა, რომელშიც ნინო და ცოტნეც მონაწილეობდნენ.

ტყვიის მსროლელთა ოლიმპიური ტურნირი სტარტს 6 აგვისტოს აიღებს - ცეცხლის ხაზზე პირველი დადგება ცოტნე მაჭავარიანი, მეორე დღეს კი ბრძოლაში ნინო სალუქვაძე ჩაერთვება.

6 აგვისტოს იწყება ძიუდოისტთა შეჯიბრებაც. ჩვენს ნაკრებს დილის საათებში პირველი სრულყოფილი ვარჯიში ათლეტთა პარკში განთავსებულ საწვრთნელ დარბაზში ჰქონდა, საღამოს კი ოლიმპიურ სოფელში ფეხბურთი ითამაშეს.

საქართველოს ნაკრების ლამის მთელი შემადგენლობა ოლიმპიადის ფავორიტთა შორის მოიაზრება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან ჩვენი გუნდის ლიდერები. თამაშების ოფიციალურმა საიტმა საინტერესო მასალა მიუძღვნა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს და საქართველოს დელეგაციის მედროშეს, მსოფლიოს ჩემპიონს ავთანდილ ჭრიკიშვილს, ასევე გაქართველებულ ჰოლანდიელს ესტერ სტამს - რომელსაც საქართველოს სახელით პირველად მოუწევს გამოსვლა ძიუდოისტ ქალთა ოლიმპიურ ტურნირში.

შავდათუაშვილი ამბობს: "ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემთვის მოტივაცია უფროა, ვიდრე ტვირთი. მე აქ მეორე ოლიმპიური ოქროს მოსაგებად ჩამოვედი. ლონდონის ოლიმპიადის წინ არ მქონდა მაღალი შედეგები, მაგრამ მქონდა ძალა და დიდი სურვილი, ვყოფილვიყავი საუკეთესო. მთავარია ბოლომდე იბრძოლო."

81 კგ წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი თვლის, რომ ოლიმპიადისთვის ყველა სპორტსმენი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება, თუმცა თუ ფავორიტებზე ვისაუბრებთ, მათ შორის მოიაზრება რეიტინგით რვა საუკეთესო ძიუდოისტი, პლიუს - ფრანგი ლოიკ პიეტრი: "რეიტინგში ლიდერობა უფრო მეტ სიმტკიცეს და თავდაჯერებულობას მაძლევს. რადგან პირველი ნომერი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქეები მიფრთხიან. მე ძალიან მოტივირებული ვარ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად თავს სულ უფრო უკეთესად ვგრძნობ და არაფერს დავიშურებ გამარჯვებისთვის."

28 ივლისს ოლიმპიურ სოფელს ესტუმრა (უკვე მეორედ) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი. ის სოკ-ისა და მსოფლიო სპორტის სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში ცხოვრობს, თუმცა სოფელშიც აქვს აპარტამენტი, რომელიც სწორედ ჩვენი დელეგაციის კორპუსშია განთავსებული. ბახის გამოჩენა, ბუნებრივია, საყოველთაო ინტერესს იწვევს და ისიც მზად არის გაესაუბროს სპორტსმენებს, დელეგაციების სხვა წევრებს. ამჯერადაც ასე იყო. სხვებთან ერთად, ბახთან გასაუბრების საშუალება მიეცა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს მამუკა ხაბარელს.




geonoc.org.ge

 

საქართველო, სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ