ყველა სპორტული სიახლე

ხუთი რგოლი, ხუთი ოქროს შანსი

რიოს XXXI-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე საათები დარჩა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო, სპორტის 13 სახეობაში 40 სპორტსმენით წარდგება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ცხადია, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი სპორტსმენებისგან წინა ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესებას ელის. დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის დროშით ქართველმა ოლიმპიელებმა ყველაზე მეტი 7 მედალი 2012 წელს ლონდონში მოიპოვეს, ხარისხობრივად საუკეთესო კი 2008 წელს პეკინში აღებული 3 ოქრო და 3 ბრინჯაო იყო. მაშინ ჩვენმა სპორტსმენებმა პატარა სასწაული მოახდინეს, საქართველო რუსეთის ომის და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე საოცარი შედეგი აჩვენეს. რიოში საქართველოს ნაკრები შედეგის გაუმჯობესებას როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის თვალსაზირისით შეეცდება. ბრაზილიაში მედლის მოპოვების შანსი ბევრს ექნება, თუმცა დღეს იმ სპორტსმენებზე ვისაუბრებთ, ვისაც ოქროს მედლის მოპოვების, ისტორიაში შესვლის საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ. ოლიმპიადაზე მოპოვებულ ნებისმიერი სინჯის მედალი დასაფასებელია, თუმცა ოქროს მედალს გამორჩეული ხიბლი აქვს. პროგნოზის გაკეთება ადვილი არ არის, მითუმეტეს როცა საქმე ოლიმპიურ თამაშებს, სპეციფიკურად განსხვავებულ შეჯიბრებას ეხება, თუმცა ჩვენი აზრით რიოში ჩემპიონობის ყველაზე მეტი და საკმაოდ რეალური შანსი 5 ქართველ ოლიმპიელს ექნება.

 

  1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) თავისუფალი სტილით მოჭიდავე

ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ლადო ხინჩეგაშვილი რიოში ფავორიტის სტატუსით ჩადის. ხინჩეგაშვილს ლონდონში მსაჯები უსმართლოდ მოექცნენ, შეიძლება ითქვას რომ ოქროს მედალი წაართვეს. რიოში ქართველი ფალავნის პოზიციებს ამტკიცებს რუსი კონკურენტის არ ყოფნა. დოპინგის მოხმარების გამო სხვა სახეობის მსავსად დაისაჯა რუსი მოჭიდავეც, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი  - ვიქტორ ლებედევი, რაც ხინჩეგაშვილის შანსებს ერთი-ორად ზრდის. ცხადია, ლებედევი სერიოზული კონკურენტი იყო, ამასთან რუს ფალავანთან შეხვედრისას ყოველთვის არის მსაჯების მიკერძოების შანსი, ეს ყველაფერი თავისთავზე ხინჩეგაშვილმა უკვე გამოსცადა. ახლა მას ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს. ლადო 19 აგვისტოს იჭიდავებს.

 

  1. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) თავისუფალი სტილით მოჭიდავე

 

ევროპის ჩემპიონი, მსოფლოს ბრინჯაოს პრიზიორი და რეიტინგის პირველი ნომერი გენო პეტრიაშვილი ახალაგზრდული ასაკის მიუხედავად წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მის მთვარ მინუსად ისევ ასაკიდან გამომდინარე შეიძლება გამოუცდელობა ჩავთვალოთ, მაგრამ ასე შავდათუაშვილისგანაც არავინ ელოდა ლონდონში გამარჯვებას, მაგრამ ბიჭი ტატამზე გავიდა, ერთმანეთზე ძლიერი მეტოქეები დაამარცხა და ახალი ისტორია შექმნა. გენო ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში ხვდება, საოცარი ძალის და ნიჭის პატრონი გორელი ფალავანი, ოქროს მედალს 20 აგვისტოს შეუტევს.

  1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ძიუდო


ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, წონის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი. ჭრიკიშვილმა საოლიმპიადე გამოცდილება ლონდონში მიიღო. რიოში კი ფავორიტის სტატუსით ჩადის. მისი მთავარი კონკურენტები იაპონელი ტაკანორი ნაგასე, კორეელი ლი და ფრანგი ლოიკ პიეტრი არიან, თუმცა ჭრიკიშვილის მძლეველი არც ერთია, ქართველი მათთან შეხვედრებს სრულად მობილიზებული და კონცენტრირებული თუ შეხვდება. ჭრიკიშვილი 9 აგვისტოს იჭიდავებს.

 

  1. ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ძიუდო

 

10 აგვისტოს შეუტევს ოქროს მედალს ლიპარტელიანი, რომელმაც ლონდონში მწარე გამოცდილება მიიღო - პირველივე წრეში უტიტულო და უსახელო მეტოქესთან დამარცხდა. ვარლამი, რიოს თამაშებს ბევრად გამოცდილი და დაღვინებული ხვდება. მისი საჭიდაო კლასი, სტაბილურობა იმედს გვაძლევს, რომ ქარველი ფალავანი უმაღლესი სინჯის მედალს შეეჭიდება. ლიპარტელიანისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება რუსი კირილ დენისოვი, სერიოზული მეტოქეა კორეელი დონგან გვაკი, საინტერესოა, რომ ორივე ეს ძიუდოისტი ბადის ერთ ნაწილშია და ჩვენი მოჭიდავე ერთ-ერთ მათგანს ნახევარფინალში შეხვდება. არ უნდა დაგვავიწყდეს გამოცდილი ილიას ილიადისი, მოკლედ კონკურენცია დიდია, თუმცა ლიპარტელიანის საჩემპიონო შანსი არანაკლები.

 

  1. ლაშა ტალახაძე (+105 კგ) ძალოსნობა

 

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. სწორედ ამერიკაში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე დოპინგზე ჩავარდა რუსი ალექსეი ლოვჩევი, რის შემდეგაც ქართველს ოქროს მედალი გადაეცა და რიოში ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად იქცა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტალახაძე ბრაზილიაში ჩემპიონი უნდა გახდეს - ქართველ გოლიათს პირველობის იდეალური შანსი აქვს. ლაშა, ფიცარნაგზე 16 აგვისტოს გავა. 

 

 

 

 



საინტერესო, ოლიმპიური, დღის ვიდეო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ