ყველა სპორტული სიახლე

კახა ცხადაძე : "გიბრალტარის ნაკრები დამაჯერებლად უნდა დავამარცხოთ"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გიბრალტართან მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს ''დინამო არენაზე'' უპასუხა. კახა ცხადაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანდრო კობახიძესთან ერთად მოვიდა. უპირველესად მომავალი ორი მატჩის შესახებ ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა.

KJR_9986

კახა ცხადაძე :" იცით, რომ შემადგენლობაში პრობლემებია და ტრავმის გამო დაუშვილი, ანანიძე, ყენია და მჭედლიძე გვაკლია. ამ ფეხბურთელების გამოკლებით შემადგენლობა ოპტიმალურია. მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი ბოლო ადგილზეა და ბევრ გოლს უშვებს, მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით. მთავარია თამაშის დროს ფეხბურთელებმა ქაოსურად არ ითამაშონ. როცა საჭირო იქნება უნდა შევუტიოთ და საჭიროების შემთხვევაში თავიც უნდა დავიცვათ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. გვინდა გიბრალტარის ნაკრები დამაჯერებელი სხვაობით დავამარცხოთ".

-აპირებთ თუ არა გიბრალტარის ნაკრებთან ორი თავდამსხმელით თამაშს?

-დიახ, ვთქვი რომ შეიძლება სქემა შევცვალო. მე რაც აღვნიშნე თავიდანვე, ვიმეორებ, რომ გიბრალტართან მატჩში ერთი შემტევი ფეხბურთელით მეტი გვეყოლება. თუ რა პოზიციაზე დავამატებთ შემტევ ფეხბურთელს ამას ხვალ ვიხილავთ.

-შეხვდით თუ არა ლევან კობიაშვილს გაპრეზიდენტების შემდეგ და ესაუბრეთ თუ არა სამომავლო გეგმებზე?

პირველ ყოვლისა მინდა ლევან კობიაშვილს წარმატება ვუსურვო. მას ორჯერ შევხვდი, ვისაუბრეთ მომავალი ორი მატჩისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის თამაშებს ნაკრები სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. გლობალურ საკითხებსა და უფრო ღრმად პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საუბრის დრო ნაკლებად იყო, რადგან მომავალ ორ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და თავად ლევანიც პრეზიდენტი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა.

-აპირებთ თუ არა გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის გიორგი ჭანტურიას ნაკრებში გამოძახებას?

-სასიხარულოა გიორგის ახალ კლუბში ასეთი წარმატებული დებიუტი რომ ჰქონდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ შეუძლია მას თამაში და როგორ შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ძალიან მიხარია, რომ ჭანტურია გერმანიაში მოხვდა. თუ ის საწვრთნელ პროცესს ბოლომდე ფეხს აუწყობს, დარწმუნებული ვარ სტაბილური და მაღალი დონის ფეხბურთელი გახდება. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ეს გიორგიმაც იცის, ასე რომ დარწმუნებული ვარ შემდეგში ეროვნულ ნაკრებს ძალიან გამოადგება.

-რამდენად რთული იყო თქვენთვის გიბრალტარის ფეხბურთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ხედავთ თუ არა საფრთხეს გიბრალტარის ნაკრებისგან?

-თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, ამიტომ გიბრალტარის ნაკრების ყველა თამაში შევისწავლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გიბრალტართან დაპირისპირებისთვის სერიოზულად ვემზადებით და ამ გუნდს პატივისცემით ვუდგებით.

-რა კრიტერიუმებით გამოიძახეთ ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ გელაშვილი და ბაჩანა ცხადაძე?

-ისინი დიდი ხანია ეროვნული ნაკრების წევრები არიან და სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხვდნენ ჩვენს შემადგებლობაში.

-სათამაშო პრაქტიკა აკლიათ ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ლორიას, ექნება თუ არა შანსი ხვალინდელ მატჩში გიორგი მაკარიძეს?

-ამას დღეს გადავწყვეტთ, ვინ დადგება კარში გიბრალტარის წინააღმდეგ.

-ითამაშებს თუ არა ხვალ ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში?

-კაკაბაძე ხვალინდელი მატჩისთვი სრული დატვირთვით ემზადება და მასთან დაკავშირებითაც დღეს მივიღებ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

-აპირებთ თუ არა სამომავლოდ ჯაბა ლიპარტიასა და ავთანდილ ებრალიძის ნაკრებში გამოძახებას?

-ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ამიტომ იმის გათვალისწინებით მოვიწვევთ ფეხბურთელებს, ვინ როგორ კონდიციასა და ფორმაში იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ ფეხბურთელზე დაკვირვებას, ვინც მოიაზრება სანაკრებო შემადგებლობაში.

-მოიაზრებთ თუ არა გუგა ფალავანდიშვილს ჯანო ანანიძის შემცვლელად ამ მატჩებში?

-ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებულია ეროვნულ ნაკრებში,  უკვე ძირითადი შემადგებლობის ფეხბურთელია. ცხადია ის მოიაზრება ამ პოზიციაზე, მაგრამ ითამაშებს თუ არა ამაზე ახლა არ ვისაუბრებ.

კახა ცხადაძის შემდეგ გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან დაპირისპირებაზე სანდრო კობახიძემ ისაუბრა.

KJR_0023

სანდრო კობახიძე : "წინა ორი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა ახლა ფორმაში ვარ და მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ხვალინდელ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. გერმანიის ნაკრებთან კი მთავარია მწვრთნელის მითითებები სწორად შევასრულოთ და დარწმუნებული ვარ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია".

ფეხბურთი, ვიდეო, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ