ყველა სპორტული სიახლე

ლაშა შავდათუაშვილი: "ტატამიდან გამოსვლის შემდეგ, არ უნდა ფიქრობდე,რომ ბრძოლას რაიმე დააკელი" (ფოტო)

2012 წლის, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ქართველი ტრიუმფატორი, დღეს, 8 აგვისტოს რიოს 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

24 წლის კარათელელი ლაშა შავდათუაშვილი, უკვე ორი კვირაა ბრაზილიაშია და მოახლოებული ორთაბრძოლებისთვის ემზადება. ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიურ სოფელში შევხვდით, სპორტსმენს მონდომება და მოწინააღმდეგის შეფასების უნარი ზუსტად ისეთი აქვს, როგორც ლონდონში. თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ ლაშა შავდათუაშვილის უპირატესობა მოწინააღმდეგეების ობიექტური შეფასებაა.

სპორტსმენი მაქსიმალურად იხარჯება როგორც სადებიუტო, ასევე ფინალურ ორთაბრძოლებში. მისთვის ფავორიტი არ არსებობს, როგორც თავად ამბობს, ძალას და მონდომებას არცერთ შეხვედრაში არ ზოგავს, ეს მისი სახასიათო ნიშანია. ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, რიოს ოლიმპიურ სოფელში ვესაუბრეთ. 

"ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შევიცვალე. ერთი წონით ზევით გადავინაცვლე, რეალურად საკმაოდ რთული იყო პირველი წელი, ერთი წაგებით კარიერა არ მთავრდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ შრომა აუცილებლად ფასდება, უკვე დიდი ხანია ამ წონაში გამოვდივარ. ოლიმპიადისთვის ნამდვილად მზად ვარ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ, რომ 73 კგ. ერთერთი რთული წონაა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, თითოეულ მეტოქეს ვაფასებ,იქიდან გამომდინარე, რომ წინა ოლიმპიადაზე ჩემგან არავინ ელოდა შედეგს, რეიტინგშიც საკმაოდ დაბლა ვიყავი და დიდი ბრძოლის შემდეგ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ყოველთვის არის ალბათობა, რომ გახდე ჩემპიონი, როდესაც ასეთი დიდი შეჯიბრის მონაწილე ხარ. მთავარია ყველა მოწინააღმდეგე შეაფასო და თუ ჩემპიონობა გსურს, ყველა ორთაბრძოლაში თანაბრად, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. პროფესიონალი სპორტსმენი ყოველთვის მზად უნდა იყოს დიდი გამარჯვებისთვის, ყველა სიტუაციაში უნდა შეეცადო, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, სასიხარულოა რა თქმა უნდა ყურადღება, რომელსაც ჩვენდამი იჩენენ დელეგაციის წევრები. პრეზიდენტი იყო ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოსული, მაგრამ ვერავინ იჭიდავებს სპორტსმენის მაგივრად.

ყოველთვის კარგად უნდა იყო მომზადებული და ბოლომდე დაიხარჯო. ტატამიდან, რომ გამოხვალ არ უნდა ფიქრობდე, რომ ბრძოლას რამე დააკელი, ყველაფერი უნდა გააკეთო, თითოეული წამი უნდა გამოიყენო და დანარჩენი გამოჩნდება. შემდეგ გული არ უნდა დაგწყდეს და არ უნდა იფიქრო, რომ რატომ არ გააკეთე სხვანაირად, როდესაც გაიღებ ყველაფერს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ და დაგიფასდება. მინდა მთელს დელეგაციას წარმატება ვუსურვო. ყველას, ვინც რიოში საქართველოს წარმატებისთვის იბრძვის”.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტთა ორთაბრძოლები, თბილისის დროით 17 საათზე  დაიწყება.

ჭიდაობა / ძიუდო, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ