ყველა სპორტული სიახლე

ესპანელებმა ტრადიცია არ დაარღვიეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანელებს ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მანამდე ოთხჯერ შეხვედროდა და ქულა ვერ აეღო. ქართველებს 14 გოლი გაეშვათ და 2 გაეტანათ. ამ ორი გოლიდანაც ერთხელ ბურთი საკუთარ კარში პირენელთა მცველმა ჩაჭრა.

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და ესპანელებმა, რომელთა რიგებში პრიმერადივიზიონის და ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები ირიცხებიან, მორიგი სამი ქულა აიღეს. თუმცა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ქართველებმა გაცილებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში პირველად, თამაშის მსვლელობისას იგებდნენ.

მაყურებელს „მიხეილ მესხზე“ მისვლით თავი დიდად არ შეუწუხებია. ამის მიზეზი წვიმიანი ამინდი, მატჩის დაწყების დრო თუ პირდაპირი ეთერით ტრანსლიაცია იყო, რთული სათქმელია. ფაქტია, მსგავსი თამაშები გაცილებით მეტ გულშემატკივარს იმსახურებს.

შესაძლოა, ქომაგთა ნაწილი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო-ნამიბიის მნიშვნელოვან დაპირისპირებას ელოდა, რომელიც უფრო მოგვიანებით იწყებოდა და იმის შიშით, რომ სახლში არ დაეგვიანა ვაკეში აღარ წამოვიდა.

ესპანელებმა მასპინძლებს როგორც იტყვიან გამარჯობის თქმა არ აცალეს და მარჯვენა ფლანგიდან „ევერტონის“ გარემარბის დეულოფეუს პასის მერე, „ბარსელონას“ ფორვარდმა მუნირ ელ ჰადადიმ მეტოქის საჯარიმოში ყველას დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა. სხვათა შორის, ეს დუეტი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ქართველების პასუხმა არ დააყოვნა და მათე ცინცაძემ საჯარიმოს შესრულებისას მეტოქის კარისკენ „მოჭრა“ ბურთი, რომელსაც ესპანელთა მეკარემ მხოლოდ თვალი გააყოლა - 1:1.

ესპანელების მორიგი მწვავე შეტევის დროს, მარცხნიდან დუარტემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მუნირი მოძებნა, რომელმაც ბურთი კასტილეხოს დაუტოვა და ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.

ორი ტაიმი შეტევის მარჯვენა ფლანგი დეულოფეუმ „აიკლო“, რომლის კიდევ ერთი კარგი პასის შემდეგ, ქურდაძემ ბურთი ფეხით მოიგერია, ხოლო დამატებაზე კასტილეხომ ისევ ვერ გაიტანა.

ტაიმის შუაწელში ლევან შენგელიას პასის მერე, გურამ გოშთელიანი სტუმართა საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მცველს კარგად გასცდა, მაგრამ კარისკენ შემოტრიალებულმა სუსტად დაარტყა და არისაბალაგა ბურთს დაუეფლა.

ამას მასპინძლების კიდევ ერთი იერიში მოჰყვა, რომელიც გიორგი ფანცულაიამ კარში დარტყმით დაასრულა და ესპანელების გოლკიპერმა ბურთი ხელებში შეიმაგრა.

ქართველების მორიგი შეტევისას ოთარ კიტეიშვილმა შორიდან დაარტყა და  ხიფათი არც ამას შეუქმნია. სამაგიეროდ, საპასუხო „ჩხვლეტისას“ დეულოფეუმ ერთ მოწინააღმდეგეს გვერდი აურა და საჯარიმოს ხაზიდან ცაციათი ბურთი  შორეულ კუთხეში ოდნავ არაზუსტად „მოჭრა“. საბოლოოდ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი კვლავ მარჯვნიდან დეულოფეუს პასს მოჰყვა, რომლის შემდეგ მუნირმა ახლო მანძილიდან შემოტრიალებით დაარტყა და ქურდაძემ ბურთი დაბალი კუთხიდან „გამოაძრო“. ესპნეთი მხოლოდ კუთხურს გამორჩა.

ქართველები საბა ლობჟანიძემ დააწინაურა, რომელიც ერთ ესპანელს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან „ცაციათი“ არისაბალაგას კარის „ცხრიანში“  უალამაზესი გოლი გაიტანა.

მასპინძლებს ზეიმი დიდ ხანს არ დასცალდათ და მარჯვნიდან დეულოფეუს გადაცემის მერე, დაცვის ცენტრი „ჩავარდა“, ხოლო  მარკო ასენსიომ ახლოდან თავით ანგარიში გაათანაბრა.

ესპანელები სამ წუთში წინ გავიდნენ, როცა ქართველების საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა მაიორალმა საულის პასი შეირგო და ერთი შეხებით მახვილი კუთხიდან ქურდაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ამ ეპიზოდში ქურდაძეს უკეთ თამაში შეეძლო.

მუნირმა ერთი გოლი არ იკმარა და დუბლი მიითვალა. მასპინძლების ცენტრალურ მცველს დაჩი ცნობილაძეს გვერდი ეფექტური ცრუ მოძრაობით აუარა და საჯარიმოში შესულმა უძლიერესი დარტყმით ქურდაძე დაამწუხრა.

თავის გამოჩენა დეულოფეუსაც შეეძლო, რომელმაც ჯერ მარჯვენა ფლანგზე  ჩაიქროლა და მახვილი კუთხიდან დარტყმის მერე, ქურდაძემ ფეხით აუღო, შემდეგ კი, „ევერტონის“ მარჯვენაფლანგელი ქართველების მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ისევ ამ უკანასკნელმა იყოჩაღა.

მატჩის მიწურულს გიორგი ბერიძემ თავის საჯარიმოსთან ბურთი მკერდით ძალიან ცუდად მიიღო და სათავე მეტოქის შეტევას დაუდო, რომელიც საბოლოოდ სებალოსის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 2:5.

მატჩის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჩივაძემ მარცხი თავისი ფეხბურთელების ფიზიკურ მოუმზადებლობას დააბრალა:

„თანამედროვე ფეხბურთში თუ ფიზიკურად მზად არა ხარ არავითარ  ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე საუბარი არაა. სანამ შეძლეს ფიზიკურად ბიჭებმა გაუძლეს. ყველამ ნახა რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ესპანელების ფიზიკურ კონდიციებს შორის. ფეხბურთელებსაც ველაპარაკე და როცა ფიზიკური კონდიციები არ გაქვს იმ დონეზე, რომ ერთ ტაიმს ვერ ძლებ... კომენტარი არ სჭირდება სამწუხაროდ ისეთი ბავშვური შეცდომები დვუშვით“.

ესპანელთა თავკაცის ალბერტ სელადესის აზრით, თამაში ისე წარიმართა როგორც ელოდა.

-თამაში როგორც ელოდებოდით ისე წარიმართა?

-როგორც ველოდებოდი ღირსეული მეტოქე გვყავდა. ცოტა გაგვიჭირდა კიდევაც, მაგრამ ყველაფერი ისე წარიმართა როგორც გვსურდა.

-მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩაატარეთ და პირველში ნაკლებად კონცენტრირებულნი იყავით? საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შეუძლია?

-ნაკლები კონცენტრაციის ბრალი არ იყო, უბრალოდ საქართველოს ნაკრებმა ძალიან მოინდომა. საქართველოს ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ მარტივი ჯგუფი არაა, რადგან ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრები ჩემს ყოველ ჩამოსვლაზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

-რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევდით?

-კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ. 4-5 კარგი ფეხბურთლი იყო. განსაკუთრებით ეს მცველებსა და თავდამსხმელებს ეხება.

 

საქართველო - ესპანეთი 2:5 (1:1)

7 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ლევან შენგელია (საბა ლობჟანიძე, 55), კიტეიშვილი (გოროზია, 70) , ფანცულაია (ერისთავი, 80), ცნობილაძე, გოშთელიანი.

სათადარიგოები: მიქავა, გადრანი,  ნიკა კაჭარავა,  თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

ესპანეთი: არისაბალაგა, მანკილიო, დუარტე, ვალეხო, მერე, საული, დეულოფეუ (ხოსე როდრიგესი, 85), მიგელ ტორესი, მუნირ ელ ჰადადი (სებალოსი, 77), ასენსიო, კასტილეხო (მაიორალი, 60).

სათადარიგოები: პაუ, რემირო, ბელერინი, მატიას ნახუელი.

მთავარი მწვრთნელი: ალბერტ სელადესი.

გოლები: 0:1 მუნირი (2), 1:1 ცინცაძე (4), 2:1 ლობჟანიძე (60), 2:2 ასენსიო (62), 2:3 მაიორალი (67), 2:4 მუნირი (73), 2:5 სებალოსი (90).

გაფრთხილებები: აბურჯანია (64), ცინცაძე (79)

მთავარი მსაჯი: ერეზ პაპირი (ისრაელი).

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ