ყველა სპორტული სიახლე

რიოს ტრიუმფატორი ქართველი ძალოსნების ექიმის ემოციური წერილი

ქართული ძალოსნობისთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული გამოდგა. 

ძალოსნებმა ოლიმპიური თამაშებიდან ორი მედალი ჩამოიტანეს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდით ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლო, ხოლო ირაკლი თურმანიძე მესამე ადგილზე გავიდა და საქართველოს ბრინჯაო მოუტანა. 

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"2013 წლის 4 თებერვალს მივედი ძალოსნობის ნაკრებში პირველად... მაშინ დუშეთში გადიოდნენ ბიჭები შეკრებას... ზურა კახაბრიშვილმა მითხრა ადი მიხედე მაგ გუნდს, შენც ბევრ რამეს ისწავლი და იმათაც წაადგები ბევრ რამეშიო.... მაშინ ერთი უპერსპეკტივო, არაფრით გამორჩეული სტუდენტი ვიყავი.... , რომელიც იმას ფიქრობდა რა მეშველება უნივერსიტეტს რომ დავამთავრებო....
... ავედი...
....დამხვდნენ....
ექიმი ჯერ არასდროს ყოლოდა გუნდს, არც მე ვიცოდი ბევრი რამ... ჯერ არც დიპლომი მქონდა.... მასაჟის კეთებით დავიწყე.... დაუმუშავებელ, გაქვავებულ კუნთებს ვუზელდი ბიჭებს და ვფიქრობდი მომავალზე, რომელიც არ ვიცოდი რას მიქადდა.....
მაშინ გავიცანი ირაკლი თურმანიძე, ლაშა ჯერ არ იყო... ალბათ ერთი თვის მერე შევხვდი პირველად.... თუმცა დაუსწრებლად ვიცოდი ერთი "პატარა" ბიჭის არსებობის შესახებ, რომელსაც მთელი გუნდი დიდი შტანგის აწევას უწინასწარმეტყველებდა.....
დღე დღეს მისდევდა....
ვშრომობდი, ბიჭები ვარჯიშობდნენ.... ევროპისთვის ემზადებოდნენ მაშინ....
არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორი ურთიეერთობა ჩამომიყალიბდებოდა, ვინ იქნებოდნენ ჩემთვის და ვინ ვიქნებოდი მათთვის მომავალში....
არც იმაზე ვიდებდი თავს, რომ იმ პერიოდში ძალოსნობაზე ვგიჟდებოდი და ძალიან მიყვარდა.... მერე იყო პირველი ევროპა, მსოფლიო, მაშინ გუნდს პრობლემები ქონდა დოპინგთან და სრული შემადგენლობით ვერ მივდიოდით შეჯიბრზე ..... შეკრებებზე ვაკეთებდით ყველაფერს და მერე მიფრინნავდნენ... მე ვიჯექი და ტელევიზორიდან ვგულშემატკივრობდი.... ნელნელა იზრდებოდა გუნდი, იზრდებოდა ბიჭების შესაძლებლობები და მათთან ერთად ვიზრდებოდი მე, როგორც ძალოსანთა ეროვნული გუნდის ექიმ-რეაბილიტოლოგი....
რა მზრდიდა ?!
დამოუკიდებლობა...
ტრამვები, რომელსაც ბიჭები ტონობით რკინის აწევისას იღებდნენ....



მზრდიდა ურთიერთობა, მათთან ყოფნა ვინც ოჯახებს, პატარა შვილებს და ახალმოყვანილ ცოლებს ტოვებდნენ რათა ევარჯიშათ, ეშრომათ, ოფლის და ტკივილის ფასად წასულიყვნენ , ბოლომდე ებრძოლათ და კვარცხლბეკის პიკზე მიეღწიათ....
ნელნელა ვგრძნობდი, ვისისხლხორცებდი და ვერთვებოდი სპორტის ყოველდღიურობაში .... მანიად მექცა სამედიცინო ჩანთით სიარული.... ძალოსნობის ნაკრები იქცა ჩემს ოჯახად და ჩემი მშობლების თხოვნის მიუხედავად , ცოტა მეტი დრო გამეტარებინა მათთან, ვერ ვჩერდებოდი, სახლში მოსული ორ საათს თუ ჩამოვუჯდებოდი დედას და მამას და ისევ გავრბოდი... გავრბოდი იმიტომ, რომ შეიძლება მათ ვჭირდებოდი, შეიძლებოდა რომელიმეს რამე აწუხებდა, შეიძლებოდა უბრალოდ ჩემი იქ ყოფნით რომელიმეს უკეთ ეგრძნო თავი... და უკან არ ვიხევდი არაფერზე....
... დიდი კაცია ირაკლი თურმანიძე... დიდი სპორტსმენია.... და მარტო სპორტი არაა.. კაპიტანია, კაცია რომელსაც გუნდი უზარმაზარ პატივს სცემს.. მას ეკითხებიან, ის პასუხობს.. მის აზრს ყველა ითვალისწინებს... იმიტომ რომ უფროსია, იმიტომ რომ გამოცდილია, იმიტომ რომ მან ატარა ძალოსნობის მძიმე უღელი ააქამდე ისე, რომ არ დაიჩოქა და 2016 წლის 16 აგვისტოს მან უფლისგან მიიღო ის, რასაც იმსახურებდა... კიდევ რატომ ვაფასებ იცით ?! იცოდა, რომ ლაშა მოუგებდა... იცოდა, რომ მასზე მეტს აწევდა მაგრამ წარბს არ იხრიდა, ყველანაირად გვერდში ედგა და გულშემატკივრობდა... მეტი სიკარგე რა გინდათ ხალხო... ყველაზე ძლიერი კონკურენტი გყავდეს ნაკრებში და მისი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდე....
ამიტომ მიყვარს ძალოსნები....
აქ შური და ბოღმა არ არსებობს...
..... იმ დიდ კაცზე მინდა კიდევ ვისაუბრო, დღეს რომ ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიური რეკორდსმენი და ჩემპიონი როა....
22 წლის... რა პატარააო ალბათ იტყვით... აღარაა პატარა... არ არიან პატარები ძალოსნობაში... კაცი , რომ სახლიდან წამოხვალ, რათა შენი მიზნების მისაღწევად იშრომო, ვეღარ გეძახიან პატარას... ... დიდი კაცია ლაშა ტალახაძე, დღეს უკვე ძალიან დიდი.... წლებია მუხლჩაუხრელად შრომობს .... იცით როგორი კაცია?! არც სპორტი ეშლება, არც კაცობა, არც ზრდილობა და არაფერი... ქიციც იცის და ქიცმაცურიც.... ღვთის მოშიში კაცია ლაშა... ღმერთთან ერთად იბრძვის... რწმენა აქვს და არაფრის ეშინია...ყველაფერი გამოსდის ამ ფიზიკურად და მორალურად ძლიერ ადამიანს.... პირჯვარს რომ გადაისახავს ისეთი სიმტკიცე იღვრება მოძრაობიდან რომ ასე მგონია ჩემზეც გადმოდის ამ გოლიათისთვის უფლისგან მინიჭებული მადლი....


.... რიომდე ერთი თვე და ცოტა მეტი იყო დარჩენილი, გამიცივდა... ანგინა დაემართა... სიცხეები 40 ზე ქონდა ... 5-6 კილო დაიკლო.... დიდი ვარჯიშები ქონდა და ჩაუვარდა... ყველა ვწუხდით .. რა არ ვუმკურნალეთ... ერთი კვირა მაინც გაგვიცუდდა... დაიწყო ისევ მთელი შემართებით... იქამდე არ მოისვენა სანამ ჩვეულ ფორმას არ დაუბრუნდა და ცოტახანში გადააჭარბა კიდეც...
მე და ზურა 10 დღით ადრე წამოვედით ბრაზილიაში, მედარდებოდა მაგრამ იმედი მქონდა თავს გაიტანდნენ გოლიათები უჩემოდ... არ გაცივდე და ბევრი არ იწანწალოთქო დავუბარე... ითვალისწინებს ხოლმე ჩემს თხოვნას... ბოლო თვეები ერთ ნომერში ვცხოვრობდით...და სულ კუდში დავდევდი... ყასიდად გამიბრაზდება ხლომე, მაგრამ იცის რომ ცუდს არ ვურჩევ... და მაინც მისრულებს თხოვნას...



ძლივს გაიარა ათმა დღემ და ჩამოვიდნენ.... ირაკლის მაჯა ქონდა ნატკენი.... ვერც გავიგე როდის მეტკინაო შემომჩივლა... ლაშა კარგად იყო.. რამოდენიმე კილოს მომატება გვქონდა შეჯიბრამდე გეგმაში...
ახლოვდებოდა 16 და მატულობდა დაძაბულობა ... მე, ავთოს, გიას და ზურას უფრო გვეტყობოდა ნერვიულობა ვიდრე ამ ყოვლისშემძლე ბიჭებს... აქეთ გვამხნევებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო....
ირაკლის მაჯის ტკივილმა უმატა... ნემსებს ვუკეთებდით... შევთანხმდით, რომ შეჯიბრზე ლიდოკაინით გავუყუჩებდით გაუსაძლის ტკივილს.... მაგრამ არ დაგვჭირდა... გამზადებული ნემსები გადავყარე... არ მინდაო ... გავუძლებო და გაუძლო კიდეც... კიდევ ერთხელ უფრო ძლიერად შემაყვარა თავი....
სასწაული ხდებოდა გასახურებელში, ყირაზე ვიყავით, ცალკე ემოცია, ცალკე ამათი გამხნევება, შტანგის დაგება, დაშლა... ასანიძის მათემატიკურად აელვარებული მზერა... ზურას და ავთოს შეძახილები.... და......
გავიმარჯვეთ...



ორი მედალი რიოდან....

ძალოსნობის ისტორიაში პირველად,
ოქრო და ბრინჯაო, მედლები რომელსაც ოქროს ფასი აქვთ... და ისტორია რომელიც დაწერეს ამ ორმა ქართველმა...
მე ამაყი ვარ...
მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ ამ ისტორიის ნაწილი...
რომ ვარ ამ გუნდის, ამ ბიჭების ექიმი....
რომ ვარ ძალოსნობის ეროვნული ნაკრების დიდი ოჯახის წევრი....

მადლობა ლაშას და ირაკლის... მადლობა გიორგი ასანიძეს, ავთო გახოკიძეს, ზურა კახაბრიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც იოტისოდენა წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში....

ხო კიდევ აქ ორ ძალოსანზე ვსაუბრობ... მაგრამ მე მყავს ნამდვილი მგლები საქართველოში, რომლებიც ძალიან მომენატრნენ.. და მინდა მოვიკითხო შორეული ბრაზილიიდან... ჩემო ძალოსნებო მალე ისევ ერთად ვიქნებით!

დიდი მადლობა თქვენ ქართველო გულშემატკივარო!!!

მიყვარხართ!

მეც ძალოსანი ვარ !!!

მე მიყვარს საქართველო!!!!"




გიორგი ჭინჭარაული 1991 წლის 18 სექტემბერს დუშეთის რაიონი სოფელი ლაფანაანთკარში დაიბადა. ადგილობრივი სკოლის დამთავრების შემდეგ, 2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მესამე კურსიდან, ლექტორის პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის დახმარებით დაიწყო სხვადასხვა სპორტულ ნაკრებებთან სტაჟირების გავლა. 2013 წლის 4 თებერვალს დაინიშნა ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგის თანამდებობაზე და დღემდე ამ სპორტის სახეობას ემსახურება. 

ფეხბურთი, სხვადასხვა, საინტერესო, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ