ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ასანიძე: ჰიუსტონში რიოს ლიცენზიებისთვის ვიბრძოლებთ

21-28 ნოემბერს აშშ-ს ქალაქი ჰიუსტონი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ჰიუსტონში მედლებთან ერთად 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ამერიკაში 10 ძალოსანს წაიყვანს. ეროვნული გუნდს დოპინგზე ჩავარდნის და დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე დაუბრუნდა. ნაკრების თავკაცს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ვესაუბრეთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დავიწყეთ. გუნდმა 5 მოსამზადებელი შეკრება გაიარა - 3 ბაზალეთზე და 2 დუშეთში. ჯამში 120 დღე გამოდის, რაც უმძიმესი დატვირთვაა. ბიჭები დარბაზიდან ლამის საერთოდ არ გასულან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შაბათ-კვირას, როცა სპორტსმენები ოჯახებში დასასვენებლად, სულის მოსათქმელად გავუშვით.

- მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება. კმაყოფილი ხართ სპორტმენების ფორმით, მათი მდგომარეობით?

- მოსამზადებელი შეკრებები რამდენად ნაყოფიერი იყო, ბიჭები როგორ ფორმაში არიან, ამას მსოფლიოს ჩემპიონატი გამოაჩენს. ახლა ამაზე საუბარი გამიჭირდება. ის რომ, ჰიუსტონში ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება, ვიდრე წინა მსოფლიოს პირველობაზე ამის თქმა შემიძლია. გუნდს ყველა პირობა ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად. ამასთან, დისკვალიფიცირებული ძალოსნები დაგვიბრუნდნენ, მათ შორის ლაშა ტალახაძე, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა.

- ლაშა ტალახაძის გარდა ნაკრებს მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეც ჰყავს, რომელიც წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა.

- გუნდის დამრტყმელი ძალა მძიმე წონაა, უხეში გათვლებით 3 ლიცენზიის ასაღებად 50-55 ქულა გვჭირდება. თუ მძიმეწონოსნები მინიმუმ ათეულში შევლენ, მაშინ გამოდის რომ სხვა ძალოსნებმა ჯამში 25 ქულა უნდა დააგროვონ, რაც სავსებით რეალურია. ათეულში შესული კაცი ლიცენზიას ავტომატურად იღებს, მაგრამ ამ პრინციპით ქვეყანა მხოლოდ ერთ საგზურს მოიპოვებს, თუ ისე მოხდა რომ ათეულში ორი ძალოსანი შევიდა, საგზური უკეთესი შედეგის მქონეს დარჩება.

- 3 ლიცენზიისთვის საჭირო ქულების ნახევარს თუ ორი ძალოსანი აიღებს, დანარჩენი გუნდისთვის 25 ქულა ცოტა არ არის. რატომ ვერ ვითხოვთ მათაგნ უფრო მეტს?

- ნაკრებს ზოგიეთი ძალოსანი დისკვალიფიკაციის, ზოგიც ტრამვის შემდეგ დაუბრუნდა და ამ ეტაპზე ბევრს ვერ მოვთხოვთ. ჰიუსტონში ძალიან დიდი კონკურენცია იქნება - ერთ წონაში დაახლოებით 60 კაცი გროვდება და სალიცენზიო ქულების მოპოვებაც ურთულესი საქმეა, რომ აღარაფერი ვთქვათ მედლებზე. გაითვალისწინეთ, რომ 8 სპორტსმენიდან მხოლოდ 6 საუკეთეოს ქულები დაითვლება. ერთი კაცის შეცდომამაც შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, ამიტომ მწვრთნელებიც უფრო მობილიზებულები ვიქნებით.

-გუნდი ჰიუსტონში 16 ნოემბერს მიფრინავს, 5 დღე საკმარისი იქნება აკლიმატიზაციის პერიოდის დასაძლევად?

- 5 დღე ბევრიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტაც არ ეთქმის, წესით აკლიმატიზაციის პერიოდს კარგად დავძლევთ და ლიცენზიებისთვის ვიბრძოლებთ. თუ ყველაფერი კარგად იქნა და ბიჭებმა დარბაზში ნაჩვენები შედეგები შეჯიბრზე გადაიტანეს რიოს 3 ლიცენზიას ავიღებთ.

- რას გაითვალისწინებთ გასული მსოფლიოს ჩემპიონატიდან, რომელზეც რამდენიმე ძალოსანი დაგაკლდათ, მაგრამ ალბათ შეცდომებიც დაუშვით ?

- შეცდომებზე რა გითხრათ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ძალოსანისგან მაქიმუმი გამოვწუროთ. მეორეს მხრივ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით ნაკლებად გავრისკავთ და უფრო პრაგმატულები ვიქნებით.

21-28 ნოემბერი. აშშ, ჰიუსტონი. მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები რამინ შამილიშვილი (62 კგ) შოთა მიშველიძე (69 კგ) გიორგი ლომთაძე (77 კგ) რაულ ცირეკიძე (94 კგ) გია მაჭავარიანი (105 კგ) გიორგი ჩხეიძე (105 კგ) ლაშა ტალახაძე (მძიმე) ირაკლი თურმანიძე (მძიმე)

გოგონები თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) ანასტასია გოტფრიდი (მძიმე)

მწვრთნელი: გიორგი ასანიძე

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, , ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ