
კონოპლიანკა „შალკეშია“
უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
გელზენკირხენის „შალკეს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ესპანური „სევილიადან“ კონოპლიანკას იჯარა დაადასტურა. უკრაინელი ახლა კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონოპლიანკამ უკრაინის ნაკრების საწვრთნელი ბანაკი დროებით დატოვა, რომ „შალკესთან“ ხელშეკრულება გაეფორმებინა.
გასულ სეზონში კონოპლიანკამ „სევილიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანის გარდა, 9 საგოლე პასი გააკეთა. მან სევილიელების რიგებში უეფას ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა, ასევე უეფას სუპართასზე და ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა.