ყველა სპორტული სიახლე

ქართველი პარალიმპელები რიოში მიემგზავრებიან (ვიდეო)

31 აგვისტოს, 09:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია შეხვდნენ და წარმატება უსურვეს. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.  

რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - გამოვა 10 სექტემბერს, 15.00 სთ; პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - გამოვა 10 სექტემბერს, 10.00 სთ;  წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - გამოვა 13 სექტემბერს, 16.00სთ;  პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - გამოვა14 სექტემბერს, 09.30სთ;  ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - გამოვა 14 სექტემბერს, 09.00სთ.

პირველი შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც  ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი - იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

www.msy.gov.ge

პარასპორტი, საინტერესო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ