
როსიცკი „სპარტაში“ დაბრუნდა
ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი სამშობლოში დაბრუნდა.
35 წლის როსიცკი პრაღის „სპარტაში“ ითამაშებს, რომელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის პროფესიონალურ კარიერას პრაღულ კლუბში იწყებდა, სადაც 1998-2001 წლებში თამაშობდა და ჩეხეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. მან 61 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
2001-2006 წლებში როსიცკი დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა, რომელშიც ყველა ტურნირზე 189-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.
ბოლო 10 წლის მანძილზე ჩეხი ლონდონის „არსენალში“ გამოდიოდა - 247 შეხვედრაში 28 გოლი.
როსიცკი გერმანიის ჩემპიონია (2002), ხოლო ინგლისის ასოციაციის თასს 2-ჯერ დაეუფლა (2014, 2015).
„როგორც იქნა ეს მოხდა. როსიცკი „ბორუსიაში“ და „არსენალში“ წარმატებული თამაშის მერე „სპარტაში“ დაბრუნდა“ - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.