
ბითაძის გოლი სადებიუტო შეხვედრაში
ანდრო ბითაძემ იტალიური კარიერა გოლით დაიწყო - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ცენტრმა „რომას“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლიც მიითვალა. რომაელები იტალიის თასის გათამაშებაში სტუმრად „ორტიჯიას“ დაუპირისპირდნენ და 11:9 დაამარცხეს. ბითაძის თანაგუნდელთაგან საუკეთესო 5 გოლით ბრიგანტი იყო, მასპინძლებს 4 ზუსტი დარტყმით კამილერიმ ულიდერა. შეგახსენებთ, ბითაძემ გასული სეზონი „ბარსელონაში“ გაატარა, ესპანეთში წასვლამდე კი სერბულ „ვოივოდინაში“ თამაშობდა. 19 წლის ცენტრი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. წლეულს ითამაშა უფროსების და 19-წლამდელების ევროპირველობაზე.