ყველა სპორტული სიახლე

ვაკო ყაზაიშვილის გუნდი მადრიდის რეალთან დამარცხდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა 18 ოქტომბერს.

სტუმრად მადრიდის რეალთან დამარცხდა ვაკო ყაზაიშვილი ლეგია.

ვარშაველებმა სანტიაგო ბერნაბეუზე 5:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.

მე-16 წუთზე მასპინძლები გარეტ ბეილმა დააწინაურა. ზუსტად ოთხ წუთში ლეგიამ მეორე გოლი გაუშვა, ბურთი საკუთარ კარში იოდლოვეცმა ჩაჭრა. 22-ე წუთზე პოლონელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გოლი პენალტით რადოვიჩმა გაიტანა.

37-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ასენსიომ გაიტანა, 68-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ვასკესმა შეძლო თავის გამოჩენა. მატჩის საბოლოო შედეგი ასევე შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ 84-ე წუთზე დააფიქსირა.

ყაზაიშვილის გუნდი ბოლო ადგილზეა. ლეგიას ქულა არ აქვს, პოლონელებმა სამ მატჩში 13 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს. 

დორტმუნდმა სტუმრად მოიგო

სტუმრად, ლისაბონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დორტმუნდის ბორუსიამ. გერმანელებმა სპორტინგი 2:1 დაამარცხეს. ანგარიში მე-9 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ვიელმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.

პორტუგალიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა 67-ე წუთზე შეძლეს. გოლი ცეზარმა გაიტანა. აღნიშნული ჯგუფის ლიდერი დორტმუნდია 7 ქულით, სპორტინგი კი 3 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.



100%-იანი ლესტერი

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ლესტერ სიტიმ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. კლაუდიო რანიერის გუნდმა 100 %-იანი შედეგი აჩვენა. ინგლისელებმა ამჯერად, საკუთარ მოედანზე, მინიმალური ანგარიშით კოპენჰაგენი დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე მაჰრეზიმ გაიტანა.

რანიერის გუნდი 9 ქულით პირველ ადგილზეა, დანიელებს კი 4 ქულა აქვთ და მე-2 პოზიციას იკავებენ.

3 ქულა ბოლო წუთზე

სტუმრად, ბრიუგესთან უკანასკნელ წუთზე მოიგო პორტომ. ბელგიელები მე-12 წუთზე ვოსენმა დააწინაურა. პორტუგალიელებმა წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ლაიუნმა გაიტანა.

მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით სილვამ გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუპოვა. კოპენჰაგენის მსგავსად, პორტოსაც 4 ქულა აქვს, ბრიუგე კი უქულოდაა და ბოლო ადგილზეა.

დაუმარცხებელი იუვენტუსი და სევილია

სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოიგეს ტურინის იუვენტუსმა და სევილიამ. ესპანელებმა ზაგრების დინამო დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე სამირ ნასრიმ გაიტანა. სევილიას 7 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა. ხორვატები კი ბოლო პოზიციაზე არიან, დინამომ სამიდან სამივე მატჩი წააგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ლიონი დაამარცხა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ, მაგრამ 35-ე წუთზე ლაკაზეტემ პენალტი ვერ გაიტანა. ფრანგ ფორვარდს ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა.

54-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მთავარმა მსაჯმა იუვენტუსის ნახევარმცველი, ლემინა გააძევა. გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კუადრადომ გაიტანა.

იუვენტუსი 7 ქულით პირველ ადგილზეა, ფრანგებს კი 3 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ.

დაძაბულობა E ჯგუფში

საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-მ მონაკოსთან 1:1 ითამაშა. მასპინძლები ტრაორეს გოლით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. კოტ დიუარელმა ფორვარდმა რუსები 34-ე წუთზე დააწინაურა.

ფრანგებმა წონასწორობა 87-ე წუთზე სილვას გოლით აღადგინეს. მოსკოველებს 2 ქულა აქვთ და ბოლო ადგილს იკავებებ, მონაკო კი 5 ქულით ჯგუფის ლიდერია.

უგოლოდ დასრულდა ლევერკუზენისა და ლონდონის ტოტენჰემის დაპირისპირება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს 4 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, გერმანელები კი სამი ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის დარჩენილი მატჩები 19 ოქტომბერს გაიმართება.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ