
მესიმ და ბარსელონამ მანჩესტერ სიტი არ დაინდეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში 19 ოქტომბერს 8 მატჩი გაიმართა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი დაამარცხა.
პეპ გვარდიოლამ ყოფილ გუნდთან 4:0 წააგო.
ინგლისელებს ჰეთ-თრიკი შეუსრულა ლიონელ მესიმ.
არგენტინელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაში მეშვიდედ მოახერხა სამი, ან მეტი ბურთის გატანა. ბარსელონას ათიანმა სიტის გოლები მე-17, 61-ე და 69-ე წუთებზე გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთზე სიტი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, მთავარმა მსაჯმა ინგლისელთა მეკარე, კლაუდიო ბრავო გააძევა. წითელი ბარათი მიიღო ჟერემი მატიემაც. ბარსელონას ფრანგ მცველს მოედანი 73-ე წუთზე დაატოვებინეს.
მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე ნეიმარმა დააფიქსირა, რომელმაც 87-ე წუთზე პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.
ჯგუფის მეორე მატჩში მიუხენგლადბახის ბორუსიამ სტუმრად სელტიკი 2:0 დაამარცხა. ანგარიში 57-ე წუთზე სტინდლმა გახსნა, მატჩის საბოლოო შედეგი ზუსტად 20 წუთში ჰანმა დააფიქსირა.
აღნიშნულ ჯგუფს 9 ქულით ბარსელონა ლიდერობს, 4 ქულა აქვს მანჩესტერ სიტის, სამი ქულით მე-3 პოზიციაზეა მიუნხენგლადბახი, ხოლო სელტიკი ერთი ქულით უკანასკნელ ადგილს იკავებს.
არსენალმა და პსჟ-მ მეტოქეები არ დაინდეს
ლონდონის არსენალმა საკუთარ მოედანზე ლუდგორეცი 6:0 დაამარცხა. სტუმრებს პირველი გოლი ალექსის სანჩესმა მე-12 წუთზე გაუტანა. 42-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა თეო უოლკოტმა ორამდე გაზარდა. 46-ე წუთზე კი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მოახერხა თავის გამოჩენა.
დარჩენილ დროში ლონდონელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა არსენალის ერთ-ერთმა ლიდერმა, მესუთ ოზილმა. გერმანელმა ნახევარმცველმა ბულგარელებს 56-ე, 83-ე და 87-ე წუთებზე გაუტანა.
არსენალის მსგავსად საკუთარ მოედანზე მოიგო პსჟ-მ. უნაი ემერის გუნდმა ბაზელი 3:0 დაამარცხა. ანგარიში მე-40 წუთზე ანხელ დი მარიამ გახსნა. შვეიცარიელებს მეორე გოლი ლუკასმა 62-ე წუთზე გაუტანა.
მატჩის საბოლოო შედეგი 93-ე წუთზე ედინსონ კავანიმ დააფიქსირა. ურუგვაელმა ფორვარდმა გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ჯგუფს 7-7 ქულით არსენალი და პსჟ ლიდერობენ. 1-1 ქულა აქვთ მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფ ბაზელსა და ლუდგორეცს.
დამაჯერებელი ბაიერნი და 100%-იანი ატლეტიკო
საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო მიუნხენის ბაიერნმა. კარლო ანჩელოტის გუნდმა პსვ ეინდჰოვენი 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. 21-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლი კიმიხმა გაუტანა.
41-ე წუთზე ნარსინგმა ერთი ბურთი გაქვითა. 59-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ თამაშისბედი გადაწყვიტა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 84-ე წუთზე არიენ რობენმა დააფიქსირა.
ჯგუფის მეორე მატჩში მინიმალური ანგარიშით მოიგო მადრიდის ატლეტიკომ. დიეგო სიმეონეს გუნდმა, სტუმრად, როსტოვი დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე კარასკომ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს ჯგუფში სამიდან სამი მოგება აქვთ და 9 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. 6 ქულა აქვს ბაიერნს, მე-3 და მე-4 ადგილებს კი თითო-თითო ქულით პსვ და როსტოვი ინაწილებენ.
ნაპოლიმ ისტორია ვერ დაწერა
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პირველად ნაპოლის შეეძლო, რომ სამი მოგებული მატჩით ჯგუფური ეტაპი დაეძლია. იტალიელებმა საკუთარ მოედანზე ბეშიქთაში მიიღეს, მაგრამ 3:2 დამარცხდნენ.
ამ ისტორიული ფაქტისთვის ხელი პარალელურ მატჩსაც უნდა შეეწყო. კიევში, დინამოსა და ბენფიკას დაპირისპირება რომ ფრედ დასრულებულიყო და იტალიელებს საკუთარ მოედანზე მოეგოთ, მაურიციო სარის გუნდი პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებდა.
ნაპოლიში ანგარიში თურქებმა გახსნეს. გოლი მე-12 წუთზე ადრიანო კორიამ გაიტანა. 30-ე წუთზე დრის მერტენსმა წონასწორობა აღადგინა. 38-ე წუთზე აბუბაქარმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა და თურქები კვლავ დააწინაურა.
50-ე წუთზე ინსინიეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ იტალიელმა ნახევარმცველმა პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა მის ნაცვლად მოედანზე შესულმა გაბიადინიმ. იტალიელმა ნახევარმცველმა გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.
86-ე წუთზე აბუბაქარმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ნაპოლისთან მატჩი საიუბილეო იყო რიკარდო ქვარეჟმასთვის. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
ჯგუფის მეორე მატჩში ბენფიკამ სტუმრად კიევის დინამო დაამარცხა. ანგარიში მე-9 წუთზე სალვიომ პენალტით გახსნა. მატჩის საბოლოო შედეგი 55-ე წუთზე ჩერვიმ დააფიქსირა.
აღნიშნულ ჯგუფს 6 ქულით ნაპოლი ლიდერობს, 5 ქულა აქვს მე-2 პოზიციაზე მყოფ ბეშიქთაშს. პორტუგალიელებს 4 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო დინამო ერთი ქულით უკანასკნელ პოზიციაზეა.