
მეორე ევროპულ თამაშებს მინსკი უმასპინძლებს
მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 45-ე გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს II ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს ბელორუსის დედაქალაქი მინსკი.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იანეზ კოსიანჩიჩმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბელორუსის ხელისუფლებას, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს (რომელიც ამავე დროს ბელორუსის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც არის) და გამოთქვა რწმენა, რომ მინსკი თავს გაართმევს ნაკისრ ვალდებულებებს და მაღალ დონეზე უმასპინძლებს მეორე ევროპულ თამაშებს: "მოხარული ვარ, რომ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ჩვენს მნიშვნელოვან კონტინენტალურ შეჯიბრებას უკვე ჰყავს მასპინძელი. მინსკში ხშირად ტარდება დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები, აქ თავმოყრილია შესანიშნავი სპორტული ნაგებობები და უკვე არსებული ინფრასტრუქტურა კომპლექსური ტურნირების ორგანიზების კარგ საშუალებას იძლევა."
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასამბლაზე მიღებულ გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდა და ევროპული სპორტის მაღალჩინოსნებს პირობა მისცა, რომ მინსკი დღესვე დაიწყებს მზადებას დიდი ევროპული სპორტული ფორუმისთვის: "2019 წელს ჩვენს ოლიმპიადაზე მინსკში თავს მოვუყრით საუკეთესო ევროპელ სპორტსმენებს. ჩვენ არა ვართ სუპერსახელმწიფო, მაგრამ სპორტს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ევროპული ოლიმპიური კომიტეტი საუკეთესო იყოს სხვა კონტინენტურ ორგანიზაციებს შორის. ბელორუსი მზად არის ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს."
როგორც ასამბლეაზე ითქვა, თამაშების დეტალური პროგრამა და ცალკეული შეჯიბრებების დაზუსტებული თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება. წინასწარი ინფორმაციით, ტურნირის პროგრამაში, წინა თამაშებთან შედარებით, დამატებით სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობას შეიტანენ. ასევე გაიზრდება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებების რაოდენობა.
ევროპული თამაშების გამართვის იდეა ადრეც არსებობდა, მაგრამ გასულ საუკუნეში, სხვა კონტინენტებისგან განსხვავებით, ევროპამ ამ საქმეს თავი ვერ მოაბა. იდეის რეალიზება შესაძლებელი გახდა ახალ ათასწლეულში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დიდი ძალისხმევით.
პირველი თამაშების მასპინძლად აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო აირჩიეს. ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ 2015 წელს ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს ამოცანას და ევროპას დიდი სპორტული დღესასწაული აჩუქა. ეს იყო ძალიან მაღალი დონეზე ორგანიზებული თამაშები.
შეჯიბრების დღეებში ბაქოს 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი და 3 ათასამდე ოფიციალური პირი სტუმრობდა. პროგრამა მოიცავდა სპორტის 16 ოლიმპიურ და 4 არაოლიმპიურ სახეობას. ხაზგასასმელია, რომ სპორტის რამდენიმე სახეობაში პარალელურად გათამაშდა ევროპის ჩემპიონატის მედლები, აგრეთვე 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები.
ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა _ 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის _ 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.
www.geonoc.org.ge