
ანტიდოპინგურ სააგენტოში რიო 2016-ის დარღვევებზე ისაუბრეს
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რიო 2016-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა. ორგანიზაციის ანგარიშში განმარტებულია, რომ ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული.
დამკვირვებლების თქმით, ოლიმპიადაზე არ იყო საკმარისი პერსონალი, რომლებიც დოპინგის გამოვლენაში იქნებოდნენ გათვითცნობიერებულები. ეს ასევე ეხებოდა მათაც, ვისაც დოპინგ-ტესტები უნდა აეღოთ და მათ, ვისაც სპორტსმენები ტესტირებაზე უნდა მიეყვანათ.
ამ გამცილებლებისთვის კი რამდენიმე ადგილას შესვლა ხელმისაწვდომი არ იყო. ხშირად ისინი სპორტსმენებტან უდროოდ მიდიოდნენ, ზოგჯერ კი საერთოდ არ მიდიოდნენ. ზოგიერთი მათგანი კი ინლისურად საერთოდ არ ლაპარაკობდა.
საბოლოო ჯამში შეუძლებელი იყო ყოველდღიური გეგმის განხორციელება და სპორტსმენებისთვის ტესტების ჩატარება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სხვადასხვა დღეებში დაგეგმილი ტესტების მხოლოდ ნახევარი კეთდებოდა.
ოლიმპიადაზე მონაწილე 11 470 სპორტსმენიდან კი შემოწმება დაახლოებით 4 125-ს არ გაუვლია. 4 125 სპორტსმენიდან კი 1 913 მონაწილეობას სპორტის ისეთ სახეობებში იღებდნენ, სადაც მაღალი რისკებია, მათ შორის ძალოსნობაში.