
ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატია
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 23 დეკემბერს გიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მიიღებს, რომლის კანდიდატურაც ნინო სალუქვაძემ წარადგინა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი კი ირაკლი მეძმარიაშვილია, რომელიც ოფიციალურ განცხადებას 4 ნოემბერს „დინამო არენაზე“ პრესკონფერენციაზე 11:00 საათზე გააკეთებს.
ირაკლი მეძმარიაშვილი, 2000-2004 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005-2009 წლებში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, საქართველომ ათენში გამართულ ოლიმპიადაზე პირველი ორი ოქრო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო, ეროვნული სტადიონის გენერლური დირექტორობის პერიოდში, მოხდა რამდენიმე მილიონიანი ინფრასტრუქტურული განახლება დინამოს ეროვნულ სტადიონზე.
ირაკლი მეძმარიაშვილი საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ გამგეობას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.
ორგანიზაციამ წევრების შემოწირულობით 2015 წელს 1 მილიონ 350 ათასი ლარი გამჭვირვალედ განკარგა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილით, საზოგადოებამ „თბილისელი“ 13 ივნისს დაზარალებული 20-მდე ოჯახისთვის, კეთილმოწყობილი ბინები შეიძინა.
„ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე კენჭისყრისთვის მზადების პარალელურად, მსურს ფართო საზოგადოებას მაქსიმალურად გავაცნო ის გეგმები, რაც განსახორციელებლად გვაქვს დასახული.
ძირითადი აქცენტები ბიზნესის და ოლიმპიური კომიტეტის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაზე გაკეთდება, რაც მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვაში დაგვეხმარება.
განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ვეტერანი ოლიმპიელები, პრიორიტეტებს შორის ახალი თაობის ოლიმპილებისათვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და პარაოლიმპიური კომიტეტის წევრებისათვის ღირსეული პირობების შეთავაზება იქნება“, -განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნები 2016 წლის 23 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ოლიმპიური სპორტის ფედერაციიების რეგიონული სპორტული ორგანიზაციების და სხვა და სხვა ოლიმპიური გაერთიანების დელეგატი წევრები მიიღებენ.