ყველა სპორტული სიახლე

ტური ორი ცენტრალურით

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დადგომამდე, საქართველოს 27-ე საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტური შაბათ-კვირას გაიმართება. უდავოა, რომ ცენტრალური შეხვედრები თბილისსა და სამტრედიაში შედგება. „დინამო“ ბათუმელ თანამოსახეელეებს მიიღებს, ხოლო გალიდერებული „დილა“ სამტრედიას ეწვევა.

დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი)

3 ოქტომბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.18:00 საათი.

დისკვალიფიცირებულნი: ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ბეგაშვილი (ორივე თბილისის „დინამო“).

ტურის ორი ცენტრალური მატჩიდან ერთ-ერთი თბილისში იმართება. განვლილ ტურში, გია გეგუჩაძის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი გორში „დილასთან“ წააგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. ბუნებრივია, თბილისელების გეგმაში ზედიზედ ორი მარცხი არ შედის, მაგრამ მეტოქეც სერიოზული ჰყავთ წინა ჩემპიონატის მეორეადგილოსან ბათუმელთა სახით. მართალია, ზღვისპირელები გასული სეზონის მსგავსად რიხიანად ვერ გამოიყურებიან, მაგრამ ქულები ისედაც საკმარისად დაკარგეს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება თუ სურთ თამაშსაც უნდა მოუმატონ.

სამტრედია - დილა (გორი)

3 ოქტომბერი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი. 15:00 საათი.

გასულ სეზონში, „დილამ“ ისტორიაში პირველად ჩემპიონობა სამტრედიაში გაინაღდეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, გორელებმა გუნდის კაპიტან ალექსანდრე კვახაძის გოლით  „სამტრედიას“ (1:0) აჯობეს და ოქროს მედლები ნაადრევად მოიპოვეს. „დილას“ საჩემპიონო ამბიცია წელსაც აქვს, რასაც სატურნირო ცხრილის სათავეში შიდაქართლელების ყოფნა მეტყველებს. წინა სეზონთან შედარებით, „სამტრედია“ რადიკალურად სახეცვლილია. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ახალგაზრდული გუნდი შეკრიბა, რომელიც საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს და შედეგიც სახეზეა - ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ცხინვალი - კოლხეთი (ფოთი)

3 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.15:00 საათი.

დისკვალიფიცირებული: გიორგი კილასონია (კოლხეთი).

„ცხინვალს“ წინა სეზონში აღებული ტემპი არ „დაუგდია“ და მიმდინარეს სტარტზე ლიდერებს შორის ტრიალებს. კახა კაჭარავას შეგირდებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს - ჯერ სახლში ბათუმის „დინამოს“ სძლიეს (3:2), შემდეგ სტუმრად ქუთაისში „ტორპედოსთან“ სამი ქულა აიღეს. ამ ფონზე ერთი შეხედვით ნაკლებ სავარაუდოა, რომ ცხინვალელებმა  შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ „კოლხეთს“ ქულა გაატანონ.

საპოვნელა (თერჯოლა) - ლოკომოტივი (თბილისი)

3 ოქტომბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 15:00 საათი.

თერჯოლის „საპოვნელას“ სეზონის დასაწყისშივე აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ და ჯერჯერობით ეს პროგნოზი მართლდება. 6 ტურში თერჯოლელებმა მხოლოდ 2 ქულა აიღეს და ცხრილშიც ბოლოსწინა პოზიციაზე არიან. „საპოვნელას“ მდგომარეობას ისიც ურთულებს, რომ გუნდი სახლში ვერ თამაშობს.

დიდი წარმატებით ვერც თბილისელები დაიკვეხნიან - თითო მოგება და ფრე. ჯერ სეზონის სტარტია, მაგრამ „ლოკომოტივიც“ იმ გუნდებს შორის ფიგურირებს, რომელთა მთავარი ამოცანა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

სიონი (ბოლნისი) - მერანი (მარტვილი)

4 ოქტომბერი. ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი. 15:00 საათი.

ბოლნისელებს მშობლიურ „თამაზ სტეფანიაზე“ დაბრუნება აშკარად მოუხდათ. გასულ სეზონში ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ქვემოქართლელებს ახალი თავკაცის ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ჯერ თამაში არ წაუგიათ და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე დამსახურებულად არიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისი საშეჯიბრო კომიტეტმა „სიონს“ შინ მატჩების ჩატარების უფლება სეზონის დაწყებიდან ორი თვის მანძილზე მისცა და შემდეგ, ბოლნისელები სტუმრებს გორში მიიღებენ. თუმცა, კილასონიას ბოლნისიდან წასვლა არ სურს და თავისი არგუმენტებიც აქვს.

„მერანს“ ფინანსურმა პრობლემებმა თავისი ხელი დაატყო. წარუმატებელი სტარტის შემდეგ, გუნდი უკრაინელმა ვლადიმერ ლობასმა დატოვა, ხოლო მისმა შემცვლელმა გალაქტიონ ჭუბაბრიამ წინა ტურში მარტვილელებს პირველი მატჩი მოაგებინა. თუმცა, ამჯერად „მერანის“ წარმატების შანსი ძალიან ცოტაა.

გურია (ლანჩხუთი) - ზუგდიდი

4 ოქტომბერი. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი. 15:00 საათი.

დისკვალიფიცირებული: თორნიკე მოსიაშვილი (გურია)

ლანჩხუთელები საშინაო მატჩს დიდი ტრაგედიის ფონზე ხვდებიან. „გურიას“ 26 წლის მეკარე მიხეილ გოგუაძე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

გურულები მომავალ შეხვედრას მორიგი ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ. კახი გოგიჩაიშვილის შემცვლელმა ბადრი კვარაცხელიამ ლანჩხუთელებს ერთი თამაში უხელმძღვანელა  და „მერანთან“ მარცხის (0:1) მერე თანამდებობა დატოვა. სეზონის დაწყებიდან „გურიას“ მესამე თავკაცი ჰყავს.

„ზუგდიდს“ მწვრთნელი არ შეცვლია, მაგრამ სეზონის წინ შეკრების გავლისა და კლუბში მეტ-ნაკლებად ნორმალური ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ბესიკ შეროზიას გაწვრთნილები ბოლო ადგილზე იმყოფებიან. ასე გაგრძელების შემთხვევაში, შეროზიას პოსტი შენარჩუნების დიდი პერსპექტივა არ აქვს.

ჩიხურა (საჩხერე) - ტორპედო (ქუთაისი)

4 ოქტომბერი. ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი. 15:00 საათი.

დისკვალიფიცირებულნი: ოთარ კუსიანი (ჩიხურა), ირაკლი კლიმიაშვილი, ოთარ კვერნაძე (ორივე „ტორპედო“).

იმერულ დერბის, რომელიც ყოველთვის საინტერესოა გუნდები განსხვავებულ განწყობაზე ხვდებიან. წინა ტურში, „ჩიხურამ“ სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ ქულა აიღო (1:1), ხოლო „ტორპედომ“ სახლში „ცხინვალთან“ წააგო (1:3).

გუნდები ერთმანეთს კარგად რომ იცნობენ ამაზე საუბარიც ზედმეტია. საჩხერელთა თავკაც სოსო ფრუიძეს თავის დროზე „ტორპედოში“ უთამაშია და ქუთაისელებიც გაუწვრთნია. ტორპედოელთა მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე წლების განმავლობაში „ჩიხურას“ კაპიტნობდა და ადგილობრივი გულშემატკივრების კერპიც იყო. მის გარდა, საჩხერლებში არაერთი სეზონი გიორგი ქიმაძესა და დავით კირკიტაძეს გაუტარებიათ. ბოლოს ამ გუნდების შეხვედრა ქუთაისში „ჩიხურას“ გაამრჯვებით (2:1) დასრულდა.

შუქურა (ქობულეთი) - საბურთალო (თბილისი)

4 ოქტომბერი. ქობულეთი. „ჩელე არენა“. 15:00 საათი.

„საბურთალომ“ 30 ოქტომბერს ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად დანიის „მიდტიულანდთან“ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები გამოცდილ „შუქურას“ შეხვდებიან, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ევროთასების საგზურის მოპოვების ამბიცია ჰქონდა, მაგრამ ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. გუნდებს შორის ქულებში სხვაობა 3 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში, ქობულეთელებს მინიმუმ თბილისელების დაწევის შანსი აქვთ.

1.დილა 6 5 1 0 11 1 16
2.დინამო თბ 6 5 0 1 19 5 15
3.სიონი 6 4 2 0 8 3 14
4.სამტრედია 6 4 1 1 17 10 13
5.ცხინვალი 6 4 0 2 15 11 12
6.ჩიხურა 6 3 1 2 9 4 10
7.საბურთალო 6 3 1 2 8 10 10
8.დინამო ბთ 6 2 3 1 12 6 9
9.ტორპედო 6 2 2 2 8 7 8
10.შუქურა 6 2 1 3 6 6 7
11.გურია 6 1 2 3 5 8 5
12.ლოკომოტივი 6 1 1 4 6 9 4
13.კოლხეთი ფ 6 1 1 4 1 6 4
14.მერანი 6 1 0 5 5 18 3
15.საპოვნელა 6 0 2 4 2 14 2
16.ზუგდიდი 6 0 2 4 7 21 2
ბომბარდირები:

6 - გიორგი ბერიაშვილი („დინამო“ ბთ.), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“).

5 - გიორგი ქვილითაია („დინამო“ თბ.), ირაკლი მოდებაძე („დილა“), ირაკლი სიხარულიძე („სამტრედია“).

4 - ჯაბა ჯიღაური („დინამო“ თბ.), ოთარ მარცვალაძე („დილა“), თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა“).

3 - ირაკლი ლექვთაძე („ცხინვალი“), თენგიზ წიქარიძე („შუქურა“), მათე ცინცაძე („დინამო“ თბ.), ბუდუ ზივძივაძე („სამტრედია“).

2 - გიორგი ბულია („ზუგდიდი“), ავთო ენდელაძე („სამტრედია“), გიორგი გაბედავა („დინამო“ ბთ.)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ