ყველა სპორტული სიახლე

ვაკო გვილია: "ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თამაშში შეცდომები და ხარვეზები ვიპოვო"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა 8 ნოემბერს მეორე ვარჯიში გამართა.

გუნდთან ერთადაა ბორისოვის ბატეს ნახევარმცველი, ვაკო გვილია.

22 წლის ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ირლანდიის წინააღმდეგ ჰქონდა. სამ დღეში კი უელსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გვილია ორივე მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ქართველთაგან კი ალბათ საუკეთესო. Mysports.Ge ბატეს ნახევარმცველს სასტუმრო ჰუალინგში ესაუბრა.

ინტერვიუ სწორედ ბატეზე საუბრით დავიწყეთ. გვილია ბელარუსის საუკეთესო გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი 5 ტურით ადრე გახდა.

''ბატეში გადასვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. ბედნიერი ვიყავი ჩემპიონობით, მაგრამ წელს ჩვენ ვერ შევასრულეთ ის მიზანი, რომელიც კლუბს ჰქონდა დასახული. 

ბატე ვერ მოხვდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და სამწუხაროდ, ვერც ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი სწორედ ესაა. იმედი მაქვს, ამ მიზანს მომავალ წელს მივაღწევთ.'' - ამბობს გვილია.



- რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ტრანსფერით გერმანული კლუბები დაინტერესდნენ. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- ამჟამად მხოლოდ ნაკრების მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ბელარუსიაში უკვე ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ტური დარჩა. ყველა შემოთავაზებას სწორედ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განვიხილავ. 

თუ იქნება მოწვევა ისეთი გუნდებისგან, სადაც რეალურად განვვითარდები, დავფიქრდები და შესაძლოა კლუბი გამოვიცვალო. თუმცა, თუ ინტერესი ისეთი გუნდისგან იქნება, სადაც უფრო მეტად ვერ განვვითარდები, მომავალი ერთი სეზონის მანძილზე კვლავ ბატეში ვითამაშებ. 

- სანაკრებო დებიუტი ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გქონდა, შემდეგ კი უელსთანაც ითამაშე. როგორ შეაფასებ განვლილ ორ მატჩს, პირადად შენთვის და ზოგადად ნაკრებისთვის?

- ირლანდიასთან და უელსთან დაპირისპირება ძალიან საინტერესო იყო. მართალია თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ ქართველ ხალხს დავუბრუნეთ იმედი, რომელიც თითქოს მათში უკვე აღარ იყო და ქრებოდა.

ვფიქრობ, ორივე მატჩში ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორიც ჩვენ ხასიათშია, კომბინაციური, გამართული და ხარისხიანი. ჩვენი ფეხბუთი უბურთოდ სირბილი არ არის, ინიციატივას უნდა ფლობდეს ჩვენი გუნდი და კომბინაციურად უნდა თამაშობდეს, ამის რესურსი და პოტენციალი გვაქვს.

მინიმუმ ერთ მატჩში გამარჯვებას მაინც ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა, ამიტომ ყველა თამაშში მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თამაშში შეცდომები და ხარვეზები ვიპოვო. ფეხბურთელების შეფასება მწვრთნელის საქმეა.

- ნაკრებს დაუბრუნდა კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც გასულ ორ მატჩში შენ შეცვალე. მხად ხარ მასთან კონკურენციისთვის?

- კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, ფეხბურთელი მაშინ უმატებს, როცა ძლიერი კონკურენტები ჰყავს. ჯაბა უდიდესი პიროვნება და ფეხბურთელია, ის ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო. ვცდილობ და ვეცდები მისგან ბევრი რამ ვისწავლო და მაგალითი ავიღო. 

ვიცი, მწვრთნელისთის ადვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში ჩემი დაყენება, ეს გარკვეულწილად რისკიც იყო. მაგრამ მე მოტივირებული ვიყავი და როცა ნაკრებში ჩამოვდიოდი, ვფიქრობდი რომ უნდა მეთამაშა.

არასდროს მიფიქრია, რომ სადმე მოვალეობის მოხდის მიზნით უნდა ჩავსულიყავი. რადგან ნაკრებში მოვხვდი, იმის ამბიციაც მაქვს რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო.

- განვლილი ორი მატჩიდან გამომდინარე, ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ საქართველოს ნაკრებისგან, მოლდოვასთან ყველა პირველ ნომრად თამაშს ელოდება. 

- მატჩის წინ განწყობა საბროლო და ამაღლებულია. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ირლანდიასთან და უელსთან თამაში უნდა დავივიწყოთ, ეს უკვე ისტორიაა. ახლა მხოლოდ მოლდოვაზე უნდა ვიფიქროთ.

ვფიქრობ, მოლდოვასთან პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. თუ ისევე ერთმუშტად შეკრული ვითამაშებთ, როგორც ეს ირლანდიასა და უელსში შევძელით, ვფიქრობ გამარჯვებას მოვიპოვოთ.

ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება უნდა ვაჩუქოთ.

ფოტო: სფფ, tribuna.com

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2017 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ