ყველა სპორტული სიახლე

ახალი ოლიმპიური ოთხწლეული

მომავალ ოლიმპიურ ოთხწლეულში,2017-2020 წლებშისაერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია) ეგიდით გაიმართება 10 კომპლექსური შეჯიბრება სპორტის ზაფხულისა და ზამთრის სახეობებში. დიდ ოლიმპიურ თამაშებს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალებსდა ევროპულ თამაშებს 2019 წელს დაემატება მსოფლიოს თამაშები ქვიშის სპორტში.

თვალი გადავავლოთ 2017-2020 წლების ოლიმპიუ შეჯიბრებათა ჩამონათვალს:

2017, თებერვალი. თურქეთი, ერზრუმი. ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

2017, ივლისი. უნგრეთი, გიორი. ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი..

2018, თებერვალი. სამხრეთ კორეა, პიონჩანგი. ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები.

2018, აგვისტო. არგენტინა, ბუენოს აირესი. ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

2019, თებერვალი. ბოსნია-ჰერცოგოვინა, სარაევო. ევროპის ზამთრის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

2019, ევროპის ზაფხულის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი        (მასპინძლის ვინაობა მალე გამოცხადდება).

2019, ზაფხული. აშშ, სან დიეგო. მსოფლიოს I თამაშები ქვიშის სპორტში.

2019, ზაფხული. ბელორუსი, მინსკი. II ევროპული თამაშები.

2020, იანვარი. ლოზანა, შვეიცარია.ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

2020, ივლისი-აგვისტო. იაპონია, ტოკიო. ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები.

გადაწყვეტილი იყო, რომ ევროპის ზაფხულის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2019 წელს მინსკში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რაკიმოგვიანებით ბელორუსის დედაქალაქმა II ევროპული თამაშების მასპინძლობა ითავა, ახალგაზრდული ფესტივალი, სავარაუდოდ, სხვა ქვეყანაში გაიმართება.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ რვა თვეში ევროპელი ახალგაზრდები თავიანთ XIV თამაშებზე გიორში შეიკრიბებიან. უნგრეთის ამ ქალაქმა ესტაფეტა თბილისისგან მიიღო. როგორც შარშან ჩვენთან მყოფმა გიორის მერიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს,ქალაქი ეცდება ისეთივე ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს ევროპულ ფესტივალს, როგორც ეს თბილისმა შეძლო.ამ დღეებში გიორში ჩასულმა ეოკ-ის საკოორდინაციო კომისიის წევრებმა და ევროპული სპორტული ფედერაციების ტექნიკურმა დელეგატებმა დაადასტურეს, რომ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი წარმატებით საქმიანობს, სპორტული ბაზების უმეტესობა უკვე მწყობრშია, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და ათლეტთა სოფლის მშენებლობა.მოკლედ, კომისიის საბოლოო დასკვნა ერთობ პოზიტიურია: გიორი წინმსწრები გრაფიკით ემზადება ფესტივალისთვის, მთელი ქალაქი ჩართულია ამ პროცესში, იგრძნობა ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერა, რაც გვაძლევს მტკიცე რწმენას, რომ ევროპელი ახალგაზრდები იასპარეზებენ საუკეთესო პირობებში.

გიორში შეჯიბრებები გაიმართება 2017წლის 23-29 ივლისს, სპორტის 10 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, ტანვარჯიში, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ველოსპორტი, კანოე).

ამასობაში, III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ ემზადება არგენტინის დედაქალაქი ბუენოს აირესი. ეს შეჯიბრება, რა თქმა უნდა, გაცილებით მასშტაბურია ევროპულ ფესტივალთან შედარებით. არგენტინაში შეიკრიბებიან 15-18 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები, სპორტის 28 სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც 2018 წლის 1-12 ოქტომბერს გაითამაშებენ მედლების 185 კომპლექტს.

არგენტინაში მივლინებულმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიამ ამ დღეებში გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუენოს აირესი აქტიურად და კარგი ტემპით ემზადება მომავალი თამაშებისთვის. ქალაქში ამოქმედდება ოთხი პარკი _ ოლიმპიური, საქალაქო, მწვანე და ტექნო პარკები, სადაც გაიმართება სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მთავარ პროექტად ითვლება ახალგაზრდული ოლიმპიური პარკი, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილში შენდება. პარკი მოიცავს ობიექტებს 12 ოლიმპიური სახეობისთვის, ახალგაზრდების ოლიმპიურ ცენტრს და ოლიმპიურ სოფელს, სადაც იცხოვრებენ მსოფლიოს 185 ქვეყნის სპორტსმენები. მათ ბუენოს აირესის საგზურის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული სალიცენზიო ტურნირები ელოდებათ.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხებათ ევროპის XIII ახალგაზრდული ფესტივალის ქართველ მონაწილეებს, მათ თბილისში ოქროს 4 და ბრინჯაოს 6 მედლის მოპოვება შეძლეს, გუნდურში კი მე-10 შედეგი აჩვენეს.

ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან მომავალი ახალგაზრდული ფესტივალისთვის და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის.

სწორედ მკარს მომდგარი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის სამზადისს მიეძღვნა სეოკ-ში გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების წარმომადგენლები. სეოკ-ის ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა გაცვალეს ინფორამაციები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და იმ პრობლემებზე, რომელთა დროულად მოგვარებაც დაგვეხმარება მზადების პროცესის უკეთ წარმართვაში.

www.geonoc.org.ge

საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ