ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავეების წარმატება მინსკში

წარმატებული გამოდგა ქართველი მოციგურავეებისთვის 18-20 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც საერთაშორისო ფიგურული ციგურაობის გაერთიანების ეგიდითა და ბელარუსის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ქართველმა მოციგურავეებმა ტურნირში საპრიზო ადგილები და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.

შეჯიბრში მონაწილეობა 24 ქვეყნის 156 მოციგურავემ მიიღო. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და მათ შორის, იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში ჩატარდა.

ტურნირში საქართველოდან მომაწილეობას 5 სპორტსმენი იღებდა. სენიორების კატეგორიაში: ირაკლი მაისურაძე (ვაჟები) , ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი (სპორტული ცეკვები) , იუნიორთა კატეგორიაში: ნიკა ეგაძე (ვაჟები) და ანადეა გულბიანი-შმიდტი (გოგონები).

თითოეული ქართველი მოციგურავისათვის ეს ტურნირი სხვადასხვა ამოცანის შესრულებას ისახავდა მიზანად. კერძოდ, წარმატებული გამოსვლები ქართველი მოციგურავეებისათვის იქნებოდა გარანტი სენიორთა ევროპის, მსოფლიოსა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატებზე ლიცენზიების მოსაპოვებლად.

მინსკში გამართული ტურნირი ქართველი მოციგურავეებისთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. სენიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ 200,72 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ნიშანდობლივია, რომ ირაკლი იუნიორია, მაგრამ მან სენიორთა კატეგორიაში იასპარეზა და საკმაოდ წარმატებულადაც. მან სავალდებულო ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის მოკლე პროგრამაში 25.00 ქულის ნაცვლად, 36.01 ქულა მიიღო, ხოლო თავისუფალ პროგრამაში შეფასების იმავე ნაწილში ნაცვლად 45.00 ქულისა 68.39 ქულა დააგროვა, რაც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიო ჩემპიონატებზე სენიორთა შორის მონაწილეობის მისაღებად.

ასევე წარმატებით იასპარეზა მოცეკვავე წყვილმა ტატიანა კოზმავამ და ალექსეი შუმსკიმ, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად უკვე დაგროვილი ქონდათ მინიმალური ტექნიკური მაჩვენებლები და მინსკში მიღებული შედეგები(მოკლე პროგრამაში 32.00 ქულა) და თავისუფალ პროგრამაში 43.04 ქულა, გარანტი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.

იუნიორთა კატეგორიაში ნიკა ეგაძემ 157.70 ქულით მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. მისი ტექნიკური შედეგები მოკლე პროგრამაში 27.16 ქულა და თავისუფალ პროგრამაში 51.71 ქულა, საკმაოდ მაღალი შედეგი აღმოჩნდა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ნიკა ეგაზე მონაწილეობას მიიღებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებშიც. ქართველი მოციგურავის ანადეა გულბიან- შმიდტისათვის ეს ტურნირი კიდევ ერთი სერიოზული სტარტი იყო მომავალში საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების წინ. ქართველ სპორტსმენებს მინსკში ახლდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და საერთაშორისო კატეგოროის მსაჯი ქალბატონ სალომე ჩიგოგიძე.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 2017 წლის 25-29 იანვარს ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გაიმართება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატს 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი უმასპინძლებს, სადაც განაწილდება საგზურების დიდი ნაწილი 2018 წელს კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 2017 წლის 15- 19 მარტს კი გაიმართება იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ტაიპეიში.







ფიგურული სრიალი, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ