
ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში!
ქართული დელეგაციის ჰეგემონიით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში გამართული რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა 2 კატეგორიაში ჩატარდა: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.
ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (2014;2015;2016 წწ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65წ.)მოჭადრაკეთა შორის! თუმცა, მანამდე 1995 და 2009 წლებში უკვე გახლდათ ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.
ასე, რომ ქართველმა ჩემპიონმა თავის 11 ოლიმპიურ ოქროს და ქალთა შორის 5-გზის ჩემპიონობას, 5-გზის სენიორთა შორის ჩემპიონობაც მიუმატა. ნონამ, ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა , ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1998;1999;2003;2010 წწ.) სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი.
50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის ბოლო ტურში პრინციპული გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა! მან, 10-დან 9,5 ქულა დააგროვა და მთელი ქულით (!) გაასწრო უახლოეს მდევარს. II-III ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ რეპრინცევმა (უკრაინა) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ. შეჯიბრის მესამე ქართველმა მონაწილემ ვარლამ ვეფხვიშვილმა 6,5 ქულა დააგროვა.
50+წ. ქალთა შორის მონაწილეობდა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი. მის აქტივში 11-დან 7 ქულა და მე-7 ადგილია.
ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა 6 მოჭადრაკე და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!
თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია