ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავეების 6 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

6-11 დეკემბერს  უნგრეთის დედაქალაქ ბუდეპეშტში ჩატარდა რიგით  მე -10 საერთაშორისო ტურნირი „სანტაკლაუსის თასზე“, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში მონაწილეობდა 557 სპორტსმენი. ამ ტურნირზე საქართველო 14  მოციგურავით იყო წარმოდგენილი, რაც ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობა იყო წინა წლებთან შედარებით.

ბუდაპეშტში გამართული  საერთაშორისო ტურნირი საკმაოდ შედეგიანი და წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოციგურავეებისათვის. 2 ოქროსა და  4  ვერცხლის  მედალი, 4  მოციგურავისა და ორი წყვილის საუკეთესო  ათეულში  მოხვედრა, ეს ის მოკრძალებული შედეგია, რომელიც საქართველომ აჩვენა ისეთ  ქვეყნებს შორის, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი და სხვა.

იუნიორთა შორის ვაჟთა კატეგორიაში გამოდიოდა ნიკა ეგაძე, უფროს კატეგორიაში ირაკლი  მაისურაძე და ცნობილი მოციგურავე, წარსულში რუსეთის სახელით მოასპარეზე მორის ყვითელაშვილი, რომლისთვისაც ეს ტურნირი პირველი  იყო საქართველოს  სახელით  ასპარეზობისათვის, სადაც მისი მთავარი ამოცანა   ევროპისა  და მსოფლიო ჩემპიონატებზე საგზურის  მოსაპოვებლად  ტექნიკური  მინიმუმის გადალახვა და  ღირსეული გამოსვლა იყო. სპორტულ ცეკვებში იუნიორთა  შორის ასევე  პირველად, საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ევა  ხაჩატურიანი და გიორგი  რევია , ხოლო უფროს კატეგორიაში ტატიანა კოზმავა და  ალექსეი შუმსკი. ამასთან, უმცროს ასაკობრივ  ჯგუფში გოგონათა შორის ასპარეზობდნენ ნატალი ლომინეიშვილი, ნანა მსხვილიძე, ეკატერინე იაზადჯი, ნოვისებში ანა,  დეა გულბიანი-შმიდტი, მარიამ მიშველიანი და ინგა ფუტკარაძე. უმცროსი ასაკის ვაჟთა შორის კი ილია გოგიტიძე. ზოგიერთი მოციგურავისათვის  ასეთი რანგის ტურნირი პირველი იყო, ზოგ მათგანს კი უკვე გარკვეული  გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი.

იუნიორთა  კატეგორიაში ქართველმა  მოციგურავე ნიკა ეგაძემ 163.87  ქულით 11  სპორტსმენს  შორის მე -2  ადგილი და  ვერცხლის  მედალი  დაიმსახურა  და  კიდევ  ერთხელ დაადასტურა თავისი  მომზადება და  კომპეტენცია  იუნიორთა  შორის ყველა  საერთაშორისო  ტურნირში  მონაწილეობისა. ნიკა ეგაძისათვის უახლოესი  ასეთი ტურნირი იქნება 8-16 თებერვალს თურქეთის ქალაქ  ერზრუმში დაგეგმილი  ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

2006 წელს დაბადებული  ქართველი მოციგურავეების ნატალი ლომინეიშვილისა და ნანა მსხვილიძისათვის ბუდაპეშტის  საერთაშორისო ტურნირი პირველი  სერიოზული  სტარტი იყო, ამიტომ თავად სპორტსმენებისა მათი მწვრთნელებისათვის ეს  გამოსვლა გარკვეულ ღელვასთან იყო დაკავშირებული, თუმცა პატარა მოციგურავეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს საპასუხისმგებლო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და სწორედ მათი პირველი  წარმატებული შედეგი გახდა სხვა ქართველი მოციგურავეებისათვის სტიმული წარმატებული ასპარეზობისათვის. ნატალი ლომინეიშვილმა 35, 26 ქულით მე-2  საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო ნანა მსხვილიძემ კი 32, 67 ქულით სპორტსმენს შორის მე-4  ადგილი  დაიკავა, ეკატერინე იაზადჯი კი  საუკეთესო  ათეულში მოხვდა, რაც ნამდვილად კარგი შედეგი  იყო 27 სპორტსმენს  შორის მოასპარეზე ჩვენი დებიუტანტებისათვის,

ვაჟთა  შორის  ნოვისებში  წარმატებულად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე ილია  გოგიტიძემ, რომელმაც 33, 70 ქულით მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერცხლის  მედალი დაიმსახურა. ილიას  სულ  რაღაც 0.22 ქულა აშორებდა პირველ ადგილს, რომელზეც იტალიელი მოციგურავე რაფაელ ზიჩი გავიდა. ილიასა და მისი  მწვრთნელის დამსახურებაა თავის ასაკში ციგურის ფლობის ესოდენ მაღალი  ხარისხი და ასეთი დამაჯერებელი გამოსვლა - აღნიშნეს სპეციალისტებმა.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა უფროსი ასაკის კატეგორიაში ასპარეზობა ქართველი მოციგურავეების ირაკლი მაისურაძისა და მორის  ყვითელაშვილისათვის. მორისს ორმაგი პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ ტურნირზე. იგი პირველად  გამოდიოდა საქართველოს სახელით და წარმატების  შემთხვევაში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიეცემოდა ასპარეზობის შესაძლებლობა. მორისმა ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და ელემენტების ტექნიკურ შესრულებაში მოკლე პროგრამისათვის დაიმსახურა  რა  38.63 ქულა და თავისუფალ  პროგრამაში 67.65  ქულა, ამით რამდენიმე ერთეულით გადააჭარბა  ტექნიკური  მინიმუმის მოთხოვნებს. მორისმა თავისუფალ პროგრამაში შეასრულა ისეთი რთული ნახტომები, როგორიცაა ოთხმაგი სალხოვი და ოთხმაგი ტულუპი და საერთო შედეგით 210.22  ქულით პირველი  ადგილი და ოქროს მედალი  მოიპოვა. ასევე მაღალი შედეგი  აჩვენა ირაკლი მაისურაძემ  და 182.66 ქულით მეორე ადგილი  და  ვერცხლის  მედალი  დაიმსახურა. მორის  ყვითელაშვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს იანვარში ჩეხეთში, ევროპის  ჩემპიონატზე, მარტში - ფინეთში   მსოფლიო  ჩემპიონატზე, სადაც მას  ექნება შესაძლებლობა 2018  წელს, კორეის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებისა. ირაკლი მაისურაძე კი  იასპარეზებს იუნიორთა შორის მსოფლიო  ჩემპიონატზე, რომელიც  2017  წლის  მარტში, ჩინეთში  გაიმართება.

გოგონათა შორის ნოვისებში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოციგურავე გოგონებმა. ანადეა გულბიანი-შმიდტმა, 22 მონაწილე გოგონას შორის საუკეთესო  შედეგი აჩვენა და 39,78  ქულით 1 საპრიზო ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი  დაიმსახურა. ანადეას გამოსვლა გამოირჩეოდა ელემენტების დახვეწილი  შესრულებით და კომპოზიციური  მთლიანობით. ქართველი მოციგურავე გოგონას  ეს  წარმატებული  გამოსვლა მისი და მწვრთნელის ლელა ჩოფიკაშვილის თავდაუზოგავი შრომის  შედეგი და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული  ცენტრის ადმინისტრაციის დამსახურებაა, სადაც წვრთნებს  გადიან ქართვველი სპორტსმენები და მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან. ასევე მონდომებით იასპარეზეც პატარა  მოციგურავეებმა ინგა ფუტკარაძემ და მარიამ  მეშველიანმა, რომელეთა გამოსვლა   და საუკეთესო ათეულში მოხვედრა იმედის მომცემ პერსპექტივებს უსახავს  ფედერაციას.

საინტერესო პროგრამა წარმოადგინა სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე ქართველმა  მოცეკვავე წყვილმა ევა ხაჩატურიანმა და გიორგი რევიამ, რომელთავისაც ეს ტურნირი პირველი იყო საქართველოს სახელით. მათი მთავარი ამოცანა იყო იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება. მათ ეს უფლება  დამსახურებულად  მოიპოვეს დაიკავეს რა მე-6  ადგილი 21 წყვილს შორის და  ტექნიკური მინიმუმის  მოთხოვნებიც, მოკლე პროგრამაში 28,28 ქულით და  თავისუფალ პროგრამაში 34,29 ქულით, რაც ათი ერთეულით მეტია მინიმალურ  მოთხოვნებთან  შედარებით, დამაჯერებლად დააკმაყოფილეს. უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღების  უფლება მოიპოვა უკვე გამოცდილმა მოცეკვავე წყვილმა ტატიანა კოზმავამ და  ალექსეი შუმსკიმ, რომლებმაც ამ ტურნირზე მე-4  საპატიო ადგილი მოიპოვეს და  სულ რაღაც 1,5 ქულით ჩამორჩნენ საპრიზო ადგილს.

ქართველ  სპორტსმენებს ბუდაპეშტის  საერთაშორისო  ტურნირზე  ახლდნენ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის  პრეზიდენტი  მარიამ გიორგობიანი და ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის  მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.









ფიგურული სრიალი, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ