ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი მეძმარიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთან სპორტული მენეჯმენტი ისწავლებოდეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა 19 დეკემბერს საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია გამართა და გუნდის წევრებიც დაასახელა.

პროგრამის პრეზენტაციისას ირაკლი მეძმარიაშვილმა ხაზი რამდენიმე პრობლემას გაუსვა. MySports.Ge-სთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში სპორტული მენეჯერების ნაკლებობაა და უნივერსიტეტში ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს.

ირაკლი მეძმარიაშვილი: „გულახდილად რომ ვთქვათ, არ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სამსახურში წაიყვან, რომლებსაც ენთუზიაზმი, განათლება ექნებათ სპორტული და არ მკითხავს, ეს სახეობა ოლიმპიურია თუ არაო.

ჩვენ გვჭირდება სპორტული მენეჯერები. აუცილებელია, რომ უნივერსიტეტში ეს საგანი ისწავლებოდეს. 200-მდე ფედერაციაა და გენერალურ მდივანი არ ჰყავთ მენეჯერული განათლებით და სულ ძველი გამოცდილებით მოდის ხალხი. ფედერაციებს რომ გადახედოთ, ძალიან ცოტა ახალგაზრდა სპეციალისტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საგანი ისწავლებოდეს. განათლების სამინისტროდან დაწყებული, ყველა რგოლს შევაწუხეთ და ვიტყვით, რომ ეს არის აუცილებელი. იმიტომ კი არა, რომ პრეტენზია გვაქვს, რომ მაგრები ვართ, არა, უბრალოდ ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

პირობას გაძლევთ, რომ როგორც კი ეს საგანი ჩვენთან გაჩნდება, უამრავი სტუდენტი ჩამოვა შესასწავლად, ისევე, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოდიან“.

ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაციაზე კიდევ ერთი საკითხი, სპორტული მედიცინის ცენტრის არარსებობაც ახსენა. მისი განმარტებით, სპორტული მედიცინის ცენტრი იქნება დაკომპლექტებული სპორტული ექიმებით და მისით სარგებლობას არამხოლოდ სპორტსმენები შეძლებენ.

ირაკლი მეძმარიაშვილი: „როგორც ვიცი, გამოყოფილია რაღაც თანხა მსგავსი ორგანიზაციის თუ დაწესებულების შესაქმნელად. უბრალოდ ამას სჭირდება სწორი მენეჯმენტი, სწორად მიტანა და სწორად გაკეთება, ეს ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სახელმწიფო ამაში ჩადებს ფულს, წაგებული არ დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 23 დეკემბერს 12 საათზე სასტუმრო „რადისონში“ გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 2 კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი მიიღებენ.

ინტერვიუ, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ