ყველა სპორტული სიახლე

ლიგა ენდეზა: შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

ესპანეთის პროფესიულმა საკალათბურთო ლიგამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

ესპანეთის პროფესიული საკალათბურთო ლიგა: "გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქართველმა ცენტრმა “რეალთან” მატჩში ყველაფერი გააკეთა, რათა მის გუნდს ქვეყნის თასზე გამსვლელი საგზური გასულ ტურშივე მოეპოვებინა, თუმცა, სტუმრებს გამარჯვებამე ცოტა დააკლდათ".

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინისა და გუსტავო იონის გუნდები ერთმანეთს გასულ ტურში შეხვდნენ და ქართველმა ცენტრმა იმ მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს უწია, რაც მთელი 11 ერთეულით მეტი იყო იონიაზე, მაგრამ როგორც 3 ტურის წინ, შერმადინს წაგების გამო ახლაც არ მისცეს ტურის MVP-ის ტიტული. მაშინ შერმადინის „ანდორა“ მადრდში „ესტუდიანტესთან“ 85:87 დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ცენტრს სარგებლიანობის ყველაზე მეტი (39) ერთეული ჰქონდა, ტურის საუკეთესოდ გაცილებით ნაკლები შედეგის მქონე კალათბურთელი დაასახელეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ შერმადინი ახლოს იყო “მორაბანკ ანდორას” ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლის დამხობასთანაც. ამ მხრივ, პირველ პოზიციას კრის მაკნილი ინარჩუნებს, რომელმაც 1995 წელს “უესკასთან” მოგებულ მატჩში (80:72) 30 ქულა (17-დან 15 ორქულიანი), 10 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 43-ს გაუტოლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი კარიერაში ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, რასაც მისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებენ. ესპანურ ლიგაში, რომელიც ევროპაში საუკეთესო ითვლება, გიორგი საშუალოდ 13.7 ქულას აგდებს, რაც მე-9 შედეგია. აი, მოხსნებში (7.9) კი, ქართველ ცენტრს საერთოდაც ბადალი არ ჰყავს.
შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის კლუბს 8 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია, 15 იანვარს კი, მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ანდორელები შინაურ კედლებში “ბეტისს” დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის სამეფო თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ