ყველა სპორტული სიახლე

ლეგიონერები | დერბი და დებიუტი

გასულ კვირას ევროპის ჩემპიონატებში მორიგი ტურის თამაშები გაიმართა.

ტოპ 14

ფრანგული ტოპ 14-ის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ქართული დერბი” შედგა. მოედანზე ოთხი ბორჯღალოსანი გავიდა და სამი მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ერთი შეცვლაზე პირველსავე ტაიმში შევიდა.

‘კლერმონმა’ ‘ტულონს’ თითო ტაიმში ორ-ორი უპასუხო ლელო დაუდო, 30-6 დაამარცხა და ბონუს ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ვეტერანი ბორჯღალოსანი, ბურჯი დავით ზირაქაშვილი და მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი. ზირაქაშვილმა მოედანზე 67 წუთი გაატარა. მასპინძლები შერკინებაში უზარმაზარ უპირატესობას ფლობდნენ და ამაში წვლილი ‘ზირაქასაც’ მიუძღვის. ტულონის მწვრთნელი იძულებული გახდა ორივე ბურჯი 30-ე წუთზე შეეცვალა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა და პირველი ტაიმის მიწურულს კლერმონმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. შერკინებებში ქართველმა ბურჯმა მოწინააღმდეგეები 4-ჯერ დააჯარიმა.

კოლელიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მოედანზე 70 წუთი გაატარა. ის აქტიური იყო დაცვაში და მატჩში ყველაზე მეტი - 15 ბოჭვა შეასრულა. თუმცა ღია თამაშში კლერმონი ხშირად ჯარიმდებოდა, ორჯერ ვიტოც დაჯარიმდა და რეფმა ერთ-ერთი ეპიზოდი ყვითელი ბარათით შეაფასა (44-ე წუთზე).

სტუმართა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ. მან ბურთი 15-ჯერ მიიღო და ჯამში 34 მეტრი მოიგო, რაც ტულონის მოთამაშეთა შორის მეორე მაჩვენებელია. ბორჯღალოსანთა კაპიტანზე ერთით მეტჯერ ფულბეკმა ჯეიმს ოკონორმა შეუტია და ჯამში 41 მეტრი ირბინა. გორგოძე აქტიური იყო დაცვაშიც და 8 ბოჭვა შეასრულა, ხოლო ორჯერ მეტოქეს რაქიდან ბურთი აართვა.

ბურჯი ლევან ჩილაჩავა თამაშში 30-ე წუთიდან ჩაერთო, ბურთი 7-ჯერ მიიღო, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და 6 მეტრი მოიგო. დაცვაში მან 3 ბოჭვა მოაგროვა. 16 ტურის შემდეგ კლერმონი 51 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ტულონი 41 ქულით მე-5 საფეხურზე დაეშვა.

პარიზში ‘სტად ფრანსემ’ ‘ტულუზას’ უმასპინძლა და დასკვნითი 10 წუთის წინ 15-6 იგებდა, მაგრამ ორი წუთის ინტერვალით ორი ლელო და ერთი გარდასახვა გაუშვა და 15-18 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ვასილ კაკოვინი. მასპინძელთა ბურჯი ზურაბ ჟვანია შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა. განაცხადში იყო სტად ფრანსეს ახალგაზრდა ბურჯი გიორგი მელიქიძე, თუმცა ის თამაშში არ ჩართულა. ტულუზმა ამ მოგების შემდეგ ჯამში 42 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე დაწინაურდა. სტად ფრანსემ მცირედი მარცხისთვის ერთი ქულა ჩაიწერა, ჯამში 34 გაუხდა და მე-10 საფეხურზეა.

ტრადიციულად, ოთხმა ქართველმა ითამაშა ‘მონპელიეს’ შემადგენლობაში. ბურჯებმა მიხეილ ნარიაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა მოედანზე 57-57 წუთი გაატარეს, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა 67 წუთი ითამაშა, ხოლო მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. მამუკაშვილმა ბურთით 8-ჯერ შეუტია და 20 მეტრი მოიგო, დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა; ნარიაშვილმა 5 შეტევით ბურთი 10 მეტრი ატარა და დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა; ქუბრიაშვილმა 6-ჯერ მიიღო ბურთი და ის წინ 4 მეტრით წაწია. მონპელიეს ბორდომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა 31-26 იმარჯვეს და ქართველების გუნდი 46 ქულით მესამე ადგილზეა.

დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ‘ბრივმა’ გრენობლი - 23-22. მასპინძლებმა გადამწყვეტი ჯარიმა 75-ე წუთზე გაიტანეს. ბრივის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ბურჯი კარლენ ასიეშვილი. მისი გუნდი 36 ქულით მე-8 ადგილზეა.

პრო 12

‘კელტების ლიგის’ მემკვიდრე ‘გინეს პრო 12-ში’ პირველი თამაში ჩაატარა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა. ბორჯღალოსანი უელსურ ‘კარდიფ ბლუზს’ “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ანგლო-უელსის თასზე ორჯერ ითამაშა, ახლა კი მთავარ ტურნირშიც გამოჩნდა. კარდიფი შოტლანდიაში ‘გლაზგო უორიორსს’ ეწვია და 15-29 დამარცხდა. ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე 10 ბოჭვაა, ხოლო მისი გუნდი 27 ქულით მე-7 ადგილზეა. პრო 12-ში კარდიფს მომდევნო მატჩი 11 თებერვალს უწევს. მანამდე ის ჩელენჯ ქაფსა და ანგლო-უელსის თასზე ითამაშებს.

ინგლისში არ უთამაშია ბრისტოლის მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს, ხოლო ვუსტერის კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა. მისი გუნდი გლოსტერს ეწვია და 19-55 დამარცხდა. ‘მეომრები’ 14 ქულით ბოლოსწინა მე-11 პოზიციაზე არიან და ერთი ქულით უსწრებენ ბრისტოლს.

ტოპ 14-ის, ავივა პრემიერშიპისა და გინეს პრო 12-ის ლიგის კლუბები მომავალი ორი კვირა ევროთასებში ითამაშებენ, სადაც ჯგუფური ეტაპის ორი დასკვნითი ტური გაიმართება.  

პრო დე 2

სამკვირიანი საშობაო შესვენების შემდეგ განახლდა საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონი. პრო დ2-ის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორიაკმა აჟენი 19-16 დაამარცხა. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, ხოლო მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. სტუმართა ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ ბურჯი გიორგი თეთრაშვილი იყო და ის თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. აჟენი 46 ქულით მეორე ადგილზეა, ორიაკი მას ქულით ჩამორჩება და მე-4 პოზიციას იკავებს.

ფრე დაფიქსირდა ალბისა და ნარბონის შეხვედრაში - 13-13. ალბი პირველი ტაიმის შემდეგ 13-0 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ამდენივე უპასუხო ქულა მიიღო. მის რიგებში 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა.

ორმა მესამეხაზელმა ითამაშა ბეზიესა და ანგულემის შეხვედრაში. ბეზიემ სტუმრები 41-9 დაამარცხა და ბონუს ქულაც ჩაიწერა. გამარჯვებულთა შორის 65-ე წუთიდან ითამაშა ლაშა ლომიძემ. ანგულემის სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი და მოედანზე 51 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთამდე ანგარიში 13-9 იყო და მასპინძლებმა 4 ლელო მას შემდეგ გაიტანეს. ბეზიე 27 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა, ხოლო ანგულემი 40 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ