ყველა სპორტული სიახლე

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2017

ერთ თვეში ბორჯღალოსნები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და 19 მარტამდე 5 მატჩს გამართავენ.

რაგბი ევროპის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა:

► 2017 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთწლიან ციკლზე გადადის. ბოლო 7 გათამაშებაში ჩემპიონი ერთი წლის შედეგების მიხედვით ირკვეოდა, თუმცა დივიზიონიდან გასავარდნი გუნდის დასადგენად ორწლიანი ციკლი იყო საჭირო. ამიერიდან ერთი წლის შედეგად ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი, ქვედა დივიზიონის გამარჯვებულთან (ჩვენს შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ‘ალაფის’ გამარჯვებულთან) პლეი ოფს გამართავს და უკეთესი გაისად ჩემპიონშიპში ითამაშებს;

► შეიცვალა შეტევის ბონუსის დარიცხვის სისტემა: თუ აქამდე გუნდი დამატებით ქულას 4 და მეტი ლელოს დამიწებისას იღებდა (როგორც მოგებული, ასევე წაგებული), ამიერიდან შეტევის ბონუსს ის გუნდი მიიღებს, რომელიც მეტოქეზე 3-ით მეტ ლელოს დაამიწებს, ანუ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ფრანგულ მოდელზე გადავიდა. გარდა ამისა, ტურნირის გრანდ-სლემით, ანუ ერთწლიან ციკლში ხუთივე მატჩის მომგები გუნდი, დამატებით 1 ქულას მიიღებს.

ამრიგად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქულების დარიცხვის სისტემა ასეთი იქნება: მოგება: 4 ქულა; ფრე: 2 ქულა; წაგება: 0 ქულა; ბონუსი: +1 ქულა; 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის: +1; რაგბი ევროპის ჩემპიონატის გრანდ-სლემით მოგება:+ 1.

► კიდევ ერთი ცვლილება 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. რადგან საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაიბევა, ხოლო 2017 და 2018 წლებში რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაგბი ევროპას გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილები ცალ-ცალკე იწარმოებს. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოსთან გამართული შეხვედრების შედეგები; ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ის ქულები, რომელსაც გუნდები ბოლოადგილოსანთან აიღებენ. შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილი 4-გუნდა იქნება და მასში მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული ქულები დაითვლება.

გერმანიასთან რუსთავში, რუსეთთან დინამოზე

წელს ბორჯღალოსნები გუნდს სამ თამაშს სტუმრად და ორს შინ გამართავენ. პირველ მატჩში 11 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ვხვდებით, რომელიც საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება, ხოლო 19 თებერვალს გერმანიას რუსთავის რაგბის სტადიონზე მივიღებთ. მატჩი 15 საათზე დაიწყება.

4 მარტს ესპანეთს პატარა პროვინციულ ქალაქ მედინა დელ კამპოში ვეწვევით, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 22 ათასია და მუნიციპალური სტადიონი 1500 მაყურებელს იტევს, თუმცა სპეციალურად ქართველებთან მატჩისთვის, სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და მისი ტევადობა 6500-მდე გაიზრდება.

12 მარტს საქართველო რუსეთს 54-ათასიან ‘დინამო არენაზე’ უმასპინძლებს, ხოლო ტურნირს 19 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან ჯახით დაასრულებს. თბილისური შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, ხოლო რუმინეთს 17 საათზე ვეთამაშებით.

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების საშინაო თამაშების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ