ყველა სპორტული სიახლე

მარნეულის "დელტას" მიზნები - სუპერლიგა და ბავშვთა კალათბურთის განვითარება

საკალათბურთო ა-ლიგა მიმდინარე სეზონში ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს და სუპერლიგაში ადგილის მოსაპოვებლად რამდენიმე გუნდი იბრძვის. 6 ტურის შემდეგ პირველ სამ პოზიციაზე მყოფ გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულებით აქვთ.

ლიდერთა სამეულის წარმომადგენელი ერთ-ერთი გუნდი ქალაქ მარნეულის ისტორიაში პირველი პროფესიული საკალათბურთო კლუბი „დელტაა“. რამდენიმე თვის წინ შექმნილი და წარმატებით მოასპარეზე კლუბის დამფუძნებელმა და ამავდროულად ერთ-ერთმა საკვანძო მოთაშემ MySports.Ge-ს კითხვებს უპასუხა. ზვიად ანთაძესთან საუბარი კლუბის შექმნის იდეით დავიწყეთ.

ზვიად ანთაძე: „კლუბის შექმნა კალათბურთის ფედერაციის კლუბების განვითარების 5-წლიანი პროექტის დახმარებით მოხდა. კლუბის გაკეთების სურვილი რეგიონში გვქონდა. ბოლოს რუსთავის საკალთბურთო კლუბში ვთამშობდი და ვიცოდი, რომ მარნეულში იყო კალათბურთის განვითარებისთვის პირობები, რასაც ქვემო ქართლში მეორე კლუბის არსებობის პოლიტიკური სურვილიც სურვილიც დაემატა. ამავდროულად, რეგიონში კალათბურთის განვითარებას ფედერაციაც უჭერს მხარს და საერთო პროექტიც დავწერეთ ბავშვთა კალათბურთის განვითარების შესახებ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჩვენი კლუბი ამ საკითხზეც აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კალათბურთის განვითარებით დაინტერესებულია. ხედავენ ამ საქმეში პერსპექტივას და კლუბის განვითარებას, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

  • მარნეულში ერთი თამაში ჩაატარეთ და დარბაზში გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა.
  • სამწუხაროდ წავაგეთ, თუმცა მიუხედავად ამისა მაყურებლები მაინც დადებითად იყვნენ განწყობილები. „ტიტებთან“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა მაინც პირველ ადგილზე დავასრულეთ პირველი წრე. მომდევნო მატჩს მარნეულში 24 მარტს ვატარებთ თსუ-სთან და ასევე ვაპირებთ ჩვენი კლუბის პრეზენტაციის გაკეთებას.

 

  • საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. რა იყო ამის მიზეზი?
  • შეიცვალა როგორც სამწვრთნელო შემადგენლობა, ასევე დავიმატეთ რამდენიმე კალათბურთელი, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. შესარჩევში ვერავინ იტყოდა, რომ პირველი წრის ბოლოს ლიდერები ვიქნებოდით, მაგრამ ახალმა ძალამ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველი წრე მოგვეგო. თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. არსებული შედეგი სტაფის თავდაუზოგავი მუშაობის დამსახურებაა.კლუბის სპორტული დირექტორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ნოდარ ქორქიაა, ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელი კი ლექსო ლაფანაშვილია, რომელიც საუკეთესო ქართველი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ასისტენტი იყო და მასთან ერთად სუპერლიგის მოგება მოახერხა. ლაფანაშვილთან ერთად სამწვრთნელო შტაბში ჟულივერ ტუჯანი, ზაზა გაბისონია და მალხაზ ლობჟანიძე მუშაობენ. რთული მეორე და კიდევ უფრო მძიმე მესამე წრე გველის, რადგან წლევანდელი ა-ლიგა საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. დიდია კონკურენცია და ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და რთულია შედეგის პროგნოზირება.

 

  • რომელი გუნდი მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?
  • მთავარ მეტოქედ „არენას“ მივიჩნევ. მართალია, წავაგეთ „ტიტებთან“, მაგრამ „არენა“ უფრო ძლიერი გუნდი მგონია.

 

  • რამდენად დიდია სხვაობა ა ლიგასა და სუპერლიგას შორის?
  • ჩემი აზრით, წლევანდელი ა-ლიგა სუპერლიგას არაფრით ჩამოუვარდება. 6 გუნდში 14-15 ლეგიონერი თამაშობს, რაც დონეს საგრძნობლად ზრდის. გარდა ამისა, ა ლიგის გუნდებში სუპერლიგიდან ისეთი მოთამაშეები გადმოვიდნენ, როგორებიც არიან ლაშა გამყრელიძე, რევაზ დიდია და სხვები. ა ლიგაში გაცილებით დიდი კონკურენციაა და გუნდებიც გაცილებით მოტივირებულები არიან, რადგან სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვიან.

 

  • ბოლო პერიოდში ორივე ლიგაში მოიმატა ლეგიონერების რაოდენობამ.
  • ეს აუცილებელია, თუ ქვეყანას მაღალი დონის ჩემპიონატი უნდა. უბრალოდ, ჩემი აზრით, ა ლიგაში შეიძლება, რომ ნაკლები რაოდენობის ლეგიონერი იყო მეოდანზე, რადგანაც ეს განვითარების ლიგაა. სუპერლიგაში შესაძლოა, რომ სამი ლეგიონერი თამაშობდეს ერთდროულად, ხოლო ა ლიგაში მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა 2 ლეგიონერით თამაში.

 

  • თქვენი ლეგიონერების თამაშს როგორ შეაფასებდით?
  • ძალიან კმაყოფილები ვართ. კლუბის შენება ახლა დავიწყეთ, დიდი გამოცდილება არ გვქონდა უცხოელი მოთამაშეების შერჩევის მხრივ, თუმცა არჩევანმა გაამართლა. ჩვენ გვყავდა კიდევ ერთი ლეგიონერი, კარტერ სმიტი, რომელმაც პირადი მიზეზების გამო დატოვა გუნდი, მაგრამ ეს მოთამაშე ლარონ გრიფინით ჩავანაცვლეთ, რომელიც ჩვენს იმედებს ამართლებს. მის გარდა გუნდში კიდევ ორი ლეგიონერი, დეანდრე რეი და კევინ დაუნსი გვყავს, რომლებიც შეერთებეულ შტატებში ერთ გუნდში თამაშობდნენ და ერთმანეთს კარგად უგებენ. ადგილობრივი მოთამაშებიდან კი მინდა სოსო ლეჟავა გამოვყო, რომელიც საქართველოს ჩემპიონია და ძალიან გამოცდილი მოთამაშეა. გვყავს იოსებ ბიბილური, რომელსაც ვითიბი ლიგაზეც უთამაშია. ბათუმიდან დავიმატეთ ლევან ელიაძე, ხოლო სუპერლიგის რამდენიმე გუნდში თამაშის გამოცდილების მქონე ირაკლი ალხანაიძე კი გუნდის კაპიტანია. ასევე გვყავს ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული იოსებ გოგნაძე, რომელის IBSU-დან გადავიბირეთ. გვყავს ასევე ორი მარნეულელი მოთამაშე, ლაშა შერმაზანშვილი და გიორგი ბოჭოიძე.

  

  • რთულია, კლუბმა სპონსორის გარეშე იარსებოს. რა მდგომარეობა თქვენთან ამ მხრივ?
  • ამჟამად აქტიური მოლაპარაკებების პროცესში ვართ და იმედია ყველაფერი დადებითად გადაწყდება ჩვენთვის. განსაკუთრებით კარგი იქნებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტის მხარდაჭერა, რაც კლუბს ბევრ პრობლემას მოუგვარებდა და საშუალებას მოგვცემდა დაგვწყო ბავშვთა კალათბურთის განვითარების გეგმაც, რომელიც მე-2 კლასის ასაკიდან გულისხმობს ბავშვების მომზადებას.

 

  • იგეგმება თუ არა მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა?
  • ეგ იდეა არის და ძალიან არ მინდა, რომ იდეის დონეზე დარჩეს. ამ საქმეს დიდი ფინანსური მხარდჭერა სჭირდება. განიხილება ევროჩელენჯი და ვითიბი ლიგის ვარიანტი, რასაც ხელი ბიზნეს სექტორმა უნდა შეუწყოს.

 

  • კლუბის დამფუძნებელი და ამავდროულად ერთ-ერთი ლიდერიც ხარ. თამაშის დროს ამას ალბათ ორმაგი პასუხისმებლობაც მოჰყვება
  • ა ლიგაში მსგავსი შემთხვევა „ტიტებშიც“ არის, სადაც ლაშა გამყრელიძეა დამფუძნებელიც და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეც. რა თქმა უნდა ეს რთულია, რადგან მოედნის გარეთაც გიწევს კლუბის საკითხებზე ფიქრი და პრობლემების მოგვარება, მოედანზე კი ამ საკითხებზე არ უნდა იფიქრო. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან გამიჭირდა, თუმცა ახლა უკვე დავძლიე ეგ პრობლემა და მხოლოდ თამაშზე ვკონცენტრირდები მოედანზე ყოფნის დროს, რაც კლუბის სტაფის დამსახურებაა.მარნეულის ოფიციალური გვერდის ფოტოები

კალათბურთი, საქართველო, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ