ყველა სპორტული სიახლე

მიიღებს თუ არა მოძმანაშვილი ოლიმპიურ ოქროს - სეოკის განმარტება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს უზბელ არტურ ტაიმაზოვს ოქროს მედალი ჩამოერთვა და დავით მოძმანაშვილს გადაეცემა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ MySports.Ge-სთან განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უზბეკ სპორტსმენს არა 2012-ის არამედ 2008 წლის დოპინგ ტესტი ჩაუტარა და სწორედ პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ჩამოერთვა.

MySports.Ge-სთან განმარტება ასევე გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

პალიკო კასრაძე: "ინფორმაცია, რომ 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში არტურ ტაიმაზოვს ოქროს მედალი ჩამოართვეს და დავით მოძმანაშვილს გადასცეს, არასწორია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე 2 ოლიმპიური ჩემპიონის დოპინგ კონტროლის განხილვა იყო. ერთ-ერთი იყო თაიმაზოვი, ხოლო მეორე 2012 წლის ჩემპიონი გოგონა. უზბეკ არტურ ტაიმაზოვის 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს და არა 2012-ის".

გუჯა ბერიშვილი: "არტურ ტაიმაზოვი აქამდე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. გუშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაბამის ანალიზებზე დაყრდნობით, უზბეკ სპორტსმენს 2008 წლის პეკინის ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვა. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე გაჩნდა ინტერესი, თუ რა და როგორ მოხდება შემდგომ. 2008 წლის მონაცემები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა დაველოდებით რა მოხდება, მაშინ, როდესაც მას 2012 წლის ანალიზს გაუკეთებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტაიმაზოვმა 2008 წლის ტესტი ჩააგდო, შემოწმდება სხვა წლების მონაცელებიც და მაშინ გაირკვევა რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ეს როგორც წესი ხდება ავტომატურ რეჟიმში, ბუნებრივია, თუ მომდევნო სპორტსმენს არ აქვს იგივე პრობლემა, მეორეადგილოსანი ცხადდება ოლიმპიურ ჩემპიონად, 2012 წლის შემთხვევაში კი დავით მოძმანაშვილი".

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დავით მოძმანაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ქართველი მძიმეწონოსანი ფინალურ შეხვედრაში სწორედ ტაიმაზოვთან დამარცხდა.

ჭიდაობა / ძიუდო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ