ყველა სპორტული სიახლე

რუსთავის ავტოდრომს ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შეეცვალა

28 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს - კახა გუგეშაშვილს, რუსთავის მერს დავით ჯიქიას, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღლაკელიძეს და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელს შოთა აფხაზავას.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილებით ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა და ავტო-მოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომის განვითარებისთვის, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია. ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდება გამოთავისუფლებული თანხის რეინვესტირება სპორტის ხელშეწყობაში.

მაისში რუსთავის ავტოდრომზე საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა ოფიციალურად გაიხსნება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიის სრული მოცულობა 78 ჰექტარია, ტრეკის სირგძე 4 140 მეტრი და შეუძლია უმასპინძლოს 10 000 მაყურებელს. წლეულს ავტოდრომმა საავტომობილო სპორტის, (FIA) მესამე გრეიდი მიიღო, რაც აძლევს საშუალებას ფორმულა 1-ის გარდა თითქმის ყველა დონის რბოლა ჩაატაროს.

დასრულდა საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა, რომელსაც ექნება თავისი სატრენინგო ცენტრი და სასტუმრო. კავკასიის რეგიონში ეს ერთადერთი სტაციონარული ავტოდრომია. ასევე სრულდება მოტოკროსის ტრასის მოწყობა.

საერთო ჯამში განხორციელებულია 25 მლნ დოლარის ინვესტიცია. აქამდე არსებული განაკვეთით ავტო-მოტო სპორტის დარგში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

რუსთავის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის ცვლილების შესახებ დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 2015 წელს სპორტულ ობიექტებს ქონების გადასახადზე შეღავათი თბილისის საკრებულომ დაუწესა. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ ქონებას, კერძოდ სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხო. აღნიშნული პოლიტიკა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:"ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის სულ უფრო ფართოვდება და ამ თანამშრობლობის არაერთი მაგალითი უკვე სახეზეა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შოთა აფხაზავას, მის მიერ განხორციელებული ამ მართლაც მასშტაბური ინვესტიციისთვის ავტოსპორტში. სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც რუსთავის ავტოდრომს ქონების გადასახდი შეუმცირდა და ეს დაზოგილი ფინანსები სამომავლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას მოხმარდება. ამ მართლაც შესანიშნავ ტრასაზე არაერთი საერთშორისო ტურნირი გამართულა და ჩვენ მომავალში ავტოსპორტში კიდევ არაერთი უმაღლესი დონის შეჯიბრი გველის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთავის ავტორდომი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში, რომელიც ერთ ტერიტორიაზე რამდენიმე ტრასას აერთიანებს, როგორც საავტომობილო სპორტისთვის, ასევე მოტოკროსისა და კარტინგისთვის."

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ