
ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულ ენაზე
გამომცემლობა "არტანუჯმა" სპორტული თემატიკის მორიგი წიგნი გამოუშვა, რომლის გაყიდვა ოფიციალურად წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 27 მაისიდან ექსპო ჯორჯიაში დაიწყება.
ამჯერად გამომცემლობამ კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნი "შემოქმედი" გამოსცა, რომლის თარგმანიც ივანე ჩხიკვაძეს ეკუთვნის. ოფიციალურ პრეზენტაციამდე კი MySports.Ge წიგნის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.
ინიესტამ ავტობიოგრაფიის წერისას განსხვავებული მიდგომა აირჩია: მას სურდა, წიგნშიც ისეთი როლი ჰქონოდა, როგორც მოედანზე - ბურთი აეღო და პასების ჩამორიგებას შედგომოდა.
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჰყვება - თავის ოჯახზე, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და იმ გზაზე, რომელიც ლა მანჩაში ბეტონის სტადიონიდან „კამპ ნოუმდე“ გაიარა. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში დაეტიოს უდიდესი საკლუბო/სანაკრებო ტრიუმფები და მძიმე ტრავმები, მწვერვალზე ყოფნის პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ წამს გადამწყვეტ ადგილას მოხვედრის ალღო.
ეს ამბავია ანდრეს ინიესტას შესახებ, ამბავი, რომელსაც GOOGLE-ში ვერ ნახავთ.
პროლოგი
თუ Google-ში ანდრეს ინიესტას ჩაწერთ და იქ მოძიებულ მასალებს გაეცნობით, შეიძლება იფიქროთ, რომ ჩემზე ყველაფერი იცით. ასეა - თქვენ და ათასობით ადამიანს ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი გეცოდინებათ. თუმცა არის ბევრი რამ, რასაც იქ ვერ იპოვით და რომელთა წარდგენაც ამ წიგნით მინდა.
მე მჯერა იმ ძველი გამოთქმის, რომლის მიხედვითაც, ადამიანს შვილი უნდა ჰყავდეს, ხე დარგოს და წიგნი დაწეროს. საბედნიეროდ, ქალ-ვაჟის მამა ვარ; ჩემს საფეხბურთო კარიერას ყოველთვის ექნება კავშირი ხესთან, იმ სათამაშო მოედანზე რომ იდგა, სადაც ბავშვობაში ბურთს ვაგორებდი; და დამრჩა წიგნი, თქვენ ხელთ რომ არის და რომელსაც „შემოქმედი“ ვუწოდე“.
ეპიზოდი 2009 წლის ტრიუმფალური სეზონის შემდეგ...
„2009 წლის სეზონში „ბარსელონამ“ ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაგრამ მერე?.. შემდეგ, უეცრად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავი ცუდად ვიგრძენი, - ერთ დღესაც აღმოჩნდა,რომ ყველაფერი კარგად ვერ არის და ასე გაგრძელდა შემდგომ დღეებშიც. ანალიზების მიხედვით ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, თითქოს სხეული გონება და გონება ცალ-ცალკე, სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებდნენ. გონება ვერ ისვენებდა. სხეული კი დახმარებას ითხოვდა. განსაკუთრებით იმ დაწყევლილი კუნთის მდგომარეობა უარესდებოდა, რომში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი კინაღამ რომ გამომატოვებინა. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. არდადეგებზე ყოფნისას ვცდილობდი, ყოველი დღით მესიამოვნა, მაგრამ წამითაც არ მტოვებდა საფიქრალი და მსურდა, მცოდნოდა, ასე ცუდად რატომ ვიყავი... ცუდად ხარ, მაგრამ ირგვლივ ეს არავის ესმის, რადგან მათ სულ სხვანაირი ანდრესი ახსოვთ. ისინი ვერ ხედავენ, როგორი გამოფიტული ხარ. ეს ძალიან რთულია... ვცდილობ ყველაფერი საკუთარ გულში შევინახო, სხვები ჩემი პრობლემებით არ შევაწუხო და საკუთარი ძალებით გავუმკლავდე, თუმცა ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც ეს უბრალოდ შეუძლებელია. მომხდარა ისეც, რომ სწორედ ამ უცნაური გრძნობის გამო გუნდის ვარჯიშზე ბოლომდე ვერ დავრჩენილვარ“...
"არტანუჯის" მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ MySports.Ge-სთან გამომცემლობის მიერ დაწყებულ სპორტული თემატიკის წიგნებსა და კონკრეტულად ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიულ წიგნზე ისაუბრა.
ზვიად კვარაცხელია: "გამომცემლობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო სერია - ფეხბურთელების ავტობიოგრაფიების გამოცემა. უკვე მსოფლიო ფეხბურთის რამდენიმე ვარსკვლავის ავტობიოგრაფია გვაქვს დაბეჭდილი, ახლა კი ქართველ გულშემატკივარს ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველის ანდრეს ინიესტას ბიოგრაფიას ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვცემთ მხოლოდ ავტობიოგრაფიულ წიგნებს და არა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე, თუნდაც კარგი ჟურნალისტის ან მწერლის მიერ დაწერილ წიგნს. აქამდე ჩვენ სულ შვიდი ავტობიოგრაფია გამოვუშვით, ინიესტას წიგნი კი მერვე იქნება, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი სერია გამოვიდა.
ექსპო ჯორჯიაში წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ახალი ავტობიოგრაფიული წიგნის ფასი 13-14 ლარი იქნება, ხოლო მომდევნო კვირიდან მაღაზიებში დაახლოებით 18 ლარად გაიყიდება.
ძალიან ბევრი მკითხველი მოგვმართავს თხოვნით, რომ გამოვცეთ სტივენ ჯერარდის ავტობიოგრაფია, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვფიქრობთ. გვსურს, რომ ჩვენი სერია იყოს მრავალფეროვანი, გამოვცეთ სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილე და სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელის ავტობიოგრაფია. საბოლოოდ კი გვსურს, რომ გამოვცეთ თერთმეტი ფეხბურთელის ავტობიოგრაფია.
დიდი მოთხოვნის გამო, ასევე ვემზადებით იმისთვის, რომ 90-იანი წლების ქართველი ფეხბურთელის, ან თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული "დინამოს" წევრი მოთამაშის ბიოგრაფია გამოვცეთ. ეს არამხოლოდ კონკრეტულად ფეხბურთელისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნისთვის, რადგანაც ეს ჩვენი ისტორიაა".