ყველა სპორტული სიახლე

ისლანდია თბილისში იმედიანად მოდის!

საქართველოს ცხელი სპორტული ზაფხული დაუდგა, რომლის გვირგვინიც 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გასამართი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატია ხელბურთში.

აგვისტოში, საქართველოს დედაქალაქს, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ოცდასამი 19 წლამდე სახელბურთო ნაკრები ეწვევა, ხოლო ოცდამეოთხე, ბუნებრივია, მასპინძელი საქართველოს გუნდი იქნება.

10 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინაში შედგა აღნიშნული ტურნირის წილისყრა, რომლის შედეგადაც ჩვენი გუნდი B ჯგუფში - გერმანიის, ისლანდიის, ალჟირის, იაპონიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს B ჯგუფის ერთ-ერთი ბინადრის, ისლანდიის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ბარნი ფრიტზონთან, რომელსაც იქაური ხელბურთის ფედერაციის დახმარებით დავუკავშირდით. სხვათა შორის, ბარნი ფრიტზონი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

- ბატონო ბარნი, რას იტყოდით B ჯგუფის შესახებ?

მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდება, ამიტომაც ყველა ჯგუფი ძლიერია. რაც შეეხება B ჯგუფს, საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდებია თავმოყრილი. უდაოდ ლიდერი კი გერმანიის ნაკრებია. ისინი ზოგადად ტურნირის ფავორიტებადაც მიმაჩნია. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან ყველა გუნდს აქვს შანსი საუკეთესო 16-ეულში მოხვდეს.

- რას ფიქრობთ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე და
ზოგადად რა იცით ქართულ ხელბურთზე?

-სიმართლე გითხრათ, თქვენი ასაკობრივი გუნდის შესახებ ამ ეტაპზე მწირ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ არის დრო და მათი თამაშის სტილს აუცილებლად შევისწავლით.
რაც შეეხება ქართულ ხელბურთს, ვიცი რომ ტრადიციები ნამდვილად გაქვთ. ისე, ისლანდიაში, საკმაოდ ძლიერი ქართველი გოლკიპერი როლანდ ერაძე თამაშობდა და მისგან ვიცი, რომ ქართველებს საკმაოდ დიდი ისტორია გაქვთ სპორტის ამ სახეობაში და რა თქმა უნდა შინაურ კედლებში ეცდებით ჯგუფური ეტაპის გადალახვას.

- როგორ შეაფასებდით ისლანდიის ნაკრების შანსებს?

-ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ თბილისში საბრძოლველად მოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ელის და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.

- როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

-გეგმაზომიერა და ნაყოფიერად. იმედი მაქვს 8 აგვისტოსთვის იდეალურ ფორმაში ვიქნებით.

- დაასახელეთ 3 ნაკრები, რომლებსაც ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

-ვფიქრობ ხორვატია, გერმანია და საფრანგეთი ამ ტურნირის აშკარა ფავორიტები არიან.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ