
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილება
ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 130-ე რიგგარეშე სესიის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას, რომ წლეულს სექტემბერში, ლიმაში, სოკ-ის მორიგ სესიაზე ერთდროულად აირჩიონ 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები.
2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებდა 5 ქალაქი: პარიზი, ლოს-ანჯლესი, ბუდაპეშტი, რომი და ჰამბურგი, მაგრამ საბოლოოდ დარჩა ორი კანდიდატი - პარიზი და ლოს-ანჯელესი.
სესიამ სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება შექმნას სამმხრივი კომისია კანდიდატი ქალაქების საგანაცხადო კომიტეტებისა და შესაბამისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაწილეობით. თუ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგება, მაშინ სექტემბერში აირჩევენ 2024 წლის ოლიმპიადის დედაქალაქს, მეორე ქალაქი კი ავტომატურად გახდება 2028 წლის თამაშების მასპინძელი. თუ შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ ლიმაში აირჩევენ 2024 წლის ოლიმპიადის დედაქალქს აქამდე მოქმედი პროცედურის შესაბამისად.
სოკ-ის ამ გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდნენ პარიზისა და ლოს-ანჯელესის მერები - ანა იდალგო და ერიკ გარსეტი. მათ მადლობა გადაუხადეს სესიის დელეგატებს და მზადყოფნა გამოთქვეს, მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შეთანხმებას.
„სტაბილური ოლიმპიური11 წლის უზრუნველყოფა სიახლეა ჩვენთვის. ამიტომაც ვამბობთ, რომ რომ ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია ოლიმპიური თამაშებისთვის და ოლიმპიური მოძრაობისთვის, ასევე ამ ორი შესანიშნავი, მართლაც დიდი ოლიმპიური ქალაქებისთვის,“ - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი