ყველა სპორტული სიახლე

ევროპული გრანდების სკაუტები საქართველოში და ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი შეხვედრა დარჩა, რომელშიც ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისის და პორტუგალიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

კონტინეტნის ახალგაზრდული პირველობა ტრადიციულად წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტების დიდ ინტერესს იწვევს და ახალგაზრდა ტალანტებზე დასაკვივებლად ცნობილი ევროპული კლუბების წარმომადგენლები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. 

გავრცელებული ინფორამციით, საქართველოში ლონდონის "არსენალის", "ლივერპულის", "სევილიას", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ტოტენჰემის", "აიაქსის", "სპორტინგის", "ბენფიკას", "ევერტონის", პსჟ-ს და სხვა ევროპული კლუბების სკაუტები იმყოფებოდნენ და აკვირდებიან იმ ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ევროზე მრავლად არიან. მაგალითად, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის) და ამავდროულად transfermarkt-ის ცნობით ყველაზე ძვირადღირებული (3 მილიონი ევრო) ფეხბურთელი, რაიან სესენიონი, რომელიც ინგლისის ნაკრების ლიდერია და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვისაც იბრძვის. MySports.Ge რაიან სესენიონთან ხვალ ექსკლუზიურ ინტერვიუსასც შემოგთავაზებთ. 



ევროპის ჩემპიონატზე, პერსპექტიულ მოთამაშეებზე და უცხოელი სკაუტების შეფასებების შესახებ სასაუბროდ კი ქართველ საფეხბურთო აგენტს, მალხაზ მუსერიძეს დავუკავშირდით. 




- როგორ შეაფასებდით ევროპის ჩემპიონატს და ზოგადად საქართველოს ნაკრებს? როგორც ცნობილია, ბევრი საფეხბურთო აგენტი დაესწრო ამ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა პატარა საქმე არ არის. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ გულშემატკივარი მრავლად არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშებზე ყოფილიყო წარმოდგენილი, არამედ სხვა მატჩებზეც.

თითოეულ გუნდში არიან ძალიან საინტერესო ფეხურთელები, რომლებსაც მომავალში აუცილებლად ვიხილავთ ცისფერ ეკრანზე ან საქართველოში ამა თუ იმ კლუბის ან ნაკრების შემადგენლობაში. თითქმის ყველა ნაკრებიდან გამოვარჩევდი რამდენიმე ფეხბურთელს. როგორც ქართველი სპეციალისტი ვუყურებ მათ თამაშს და ავტომატურად ვადარებ ქართველ თანატოლებს, რადგან გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა საზღვარგარეთ ითამაშონ და საინტერესოა, თუ მომზადების რა დონეზე არიან ევროპელ თანატოლებთან შედარებით.

მოვერიდები საქართველოს ნაკრებზე საუბრისას კონკრეტიკას და რომელიმე ფეხბურთელზე საუბარს, თუმცა ყველამ დაინახა, ვინც გამოიჩინა თავი. 2-3 გამორჩეული ფეხბურთელი კი ყველა გუნდს ჰყავდა. გამოვარჩევდი ბულგარეთის ფოვარდს, თუმცა მას კრეატიული თანაგუნდელები არ ჰყავდა. გამოვყოფდი ჩეხეთის ნაკრების უმაღლეს სათამაშო დისციპლინას და ინგლისთან ნახევარფინალური მატჩიდან გამომდინარე შეგვიძლია ამაყნი ვიყოთ, რომ სწორედ ჩეხეთის დონის გუნდთან ბრძოლაში დავმარცხდით და მხოლოდ სტანდარტული სიტუაციებიდან გავუშვით გოლები, რომელიც მეტი კონცენტრაციის შემთხვევაში არ უნდა გაგვეშა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩეხებს ფრეც ჰყოფნიდან და შტურმი არ მოუწყვიათ ჩვენს კართან, თუმცა არც ჩვენ ბიჭებს დავუკარგოთ გარჯა.

ინგლისის ნაკრები შემსრულებლების დონით მიმდინარე ჩემპიონატზე ცხადია დომინანტია, თუმცა მათ სათამაშო დისციპლინა აკლიათ. ცოტა შესუსტებული შემადგენლოით გვეწვია გერმანიის ნაკრები, რომლის მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს ბუნდესლიგის გამოცდილება. ფინალურ შეხვედრაში კი ჩემთვის ფავორიტი ინგლისია. 

დაახლოებით 60-მდე სკაუტი ჩამოვიდა საქართველოში, ვისაც მე პირადად ვიცნობ. ესენი არიან ბრიტანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, სკანდინავიური ქვეყნების წარმომადგენლები. მაღალი რანგის სკაუტები, რომელთა სიტყვასაც ანგარიშს უწევენ. 

- რომელიმე ქართველი ფეხბურთელებით ხომ არ დაინტერესებულან? 

- შემიძლია გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულნი იყვნენ ქართველი ფეხურთელებით. რიგი ამ საკუტებისა ადრეც არის საქართველოში ნამყოფი და გასულ წელს ჩატარებული ოთხთა ტურნირის შემდეგ ჩვენი გუნდის პროგრესი სახეზეა. ამ ბიჭების უმრავლესობამ დიდების ფეხბურთში სულ რაღაც 6 თვის წინ გადადგეს პირველი ნაბიჯი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის პირობები და საფეხბურთო გარემო, რომელშიც ჩვენი მოთამაშეები იზრდებიან და მათი ევროპელი თანატოლების პირობებთან შედარებით.

საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალის საგზურო რომ მოეპოვებინა, გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნებოდა ჩვენი ფეხბურთელებით დაინტერესების საკითხში. როგორც წესი, პატარა საფეხბურთო ქვეყნები და მასიურად აუთვისებელი ბაზარი ყოველთვის საინტერესოა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ადგილზე შეეძლო, ამიტომ დანარჩენი მოგვიანებით გამოჩნდება. ეს არ არის მარტივი პროცესი, გადაწყვეტილების მიღება კი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ არაევროკავშირელი ფეხბურთელის წაყვანა 18 წლამდე არ შეიძლება, ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი უკვე დაგვინებულია, რადგან მათ უკვე სერიოზული კონკურენტები ჰყავთ ევროპული კლუბების აკადემიების აღსაზრდელების სახით, რაც ხაზგასმით აღინიშნა კიდეც. ევროპული გრანდები აკადემიებს უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ და გაძლიერებულად მუშაობენ, რაც ჩვენს ნიჭიერ ბიჭებს ბარიერს უქმნის. ამიტომ, მეტი ხარისხი გვჭირდება საწვრთნელ პროცესში, ინდივიდუალურ მუშაობაში, საკუთარ თავზე მუშაობაში. ამის გარეშე პროფესიონალური ფეხბურთი უკვე წარმოუდგენელია. 

ბევრმა შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ 16 წლის ასაკიდან შეიძლებოდეს ფეხბურთელების ევროპაში წაყვანა. ჩემპიონატის ზოგადი დონე, სათამაშო ტემპი დაბალია, სხვაობა მხოლოდ იმაშია, თუ რა ანგარიშით მოუგებენ ლიდერები სუსტ გუნდებს, რაც ფეხბურთელს განვითარებაში ხელს უშლის და სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ჩვენი ნაკრებისთვისაც და კლუბებისთვისაც უკეთესი იქნება ფეხბურთელების კარგ ევროპულ გუნდებში წაყვანა. ახლა კი ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. სამუშაო ძალიან ბევრია, ბევრია მასალაც და დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდებიც მრავლად გვყავს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ