ყველა სპორტული სიახლე

სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.

დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ.

სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა.  დარბაზს სრული რეაბილიტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის დაპირების შედეგად, ადგილობირივ მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა,  ძალოსნობის ფედერაციამ კი დარბაზი 100 000 ლარის ღირებულების თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, ასევე რეგიონული მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით 28 ახალი დარბაზი  განახლდა და კეთილმოეწყო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ გრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენი დანაპირები ასრულდა და ვხედავთ, თუ როგორი ემოციებით დაგვხვდნენ ახალგაზრდები სოფელ რიყეში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, ამ დარბაზში აუცილებლად გაიზრდებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ძალზე მნიშვნელოვავია ის ფაქტი, თუ ადრე რეგიონებში მხოლოდ 4 დარბაზი იყო სპორტსმენების განკარგულებაში, ახლა უკვე 28 დარბაზი გვაქვს და ეს აღმშენებლობა ძალოსნობის ფედერაციასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად აუცილებლად გაგრძელდება როგორც სამეგრელოს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ძალოსნობის ფედერაციას, იმისათვის, რომ ძალოსნობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ