ყველა სპორტული სიახლე

ერიკ კინტანი: გაიმარჯვოს ხელბურთმა და მეგობრობამ!

ხელბურთში, თბილისში გასამართ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე 15 დღეღა გვაშორებს. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, ტურნირის უპირობო ფავორიტიაო, ეს უდავოდ საფრანგეთის გუნდია. თავად განსაჯეთ - ფრანგები საქართველოს დედაქალაქში პლანეტის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოემგზავრებიან. ამას გარდა ისინი კონტინენტის 18 წლამდე პირველობისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულებიც არიან. პლუს, საფრანგეთის ნაკრები, 21 წლამდე 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც ატარებს. მათ მხოლოდ შარშანდელი 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხეს. გამოდის რომ ბოლო ხანებში, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს შორის გამართული ხუთი მსხვილი ტურნირიდან საფრანგეთმა ოთხში ჩემპიონობა არავის დაუთმო.

გთავაზობთ ინტერვიუს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერიკ კინტანთან, რომელიც ვფიქრობთ სპორტის და განსაკუთრებით ხელბურთის ქომაგთათვის უინტერესო არ უნდა იყოს.

-ბატონო ერიკ, როგორ ემზადებით მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?

-18 ივლისს შევიკრიბეთ და საწვრთნელი პროცესი ორ კვირას გასტანს. გარდა თეორიული და გუნდური ვარჯიშებისა, ჩვენ 5 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ არაჩვეულებრივ და მართლაც რომ მეგობრულ გუნდებთან - ხორვატიასთან და სლოვენიასთან. ორივე ეს ნაკრები ხელბურთში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები არიან და მათთან სპარინგი უსათუოდ დადებითად წაგვადგება. ვცდილობთ, საწვრთნელი პროცესი ისე დავგეგმოთ, რომ ჩემპიონატს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. მზადებისას არ გვინდა რომ ავჩქარდეთ, მაგრამ არც დროის ფუჭად გაფლანგვა გვსურს.

-მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

-წინა ზაფხულს, ჩვენ გულშემატკივარსაც და საკუთარ თავებსაც საოცარი საჩუქარი გავუკეთეთ - გავხდით რა 18 წლამდე ევროპის ჩემპიონები. ამ ტიტულისთვის ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ, არადა რამდენი გუნდი იყო მიზანთან ახლოს. დღეს, იმაზე ფიქრისას, რომ საუკეთესოობაზე გვქონდა პრეტენზია და ჩვენ ეს შევძელით, სიამაყის გრძნობა მეუფლება. ურთულესი გზა გავიარეთ, თავისი უამრავი წვრილმანი დეტალით და მოწინააღმდეგეებით, სადაც არაერთი ნიჭიერი მოთამაშე იყო თავმოყრილი, რომლებმაც როგორც მინიმუმ ჩვენზე არანაკლები იშრომეს და მოინდომეს.

თბილისში მაღალი მიზნები გვაქვს და თავს არ დავზოგავთ. ვიცით, რომ ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ.

-ჯგუფი ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად შეაფასოთ იგი...

-სიკვდილის ჯგუფია. 3 სკანდინავიური გუნდი (დანია, შვედეთი, ნორვეგია) ხუმრობა საქმე არ არის. ეგვიპტესაც ყოველთვის კარგი ასაკობრივი გუნდები ჰყავს და ბაჰრეინი, ვისთან პაექრობითაც ვიწყებთ ჩემპიონატს სავარაუდოდ ხელწამოსაკრავი ნაკრები არ უნდა იყოს.

-3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

-არაერთი ძლიერი გუნდია თავმოყრილი, რომელთა უმეტესობაზეც მეტ-ნაკლებ ინფორმაციას ვფლობ. კარგი პროგნოზისტი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომაც მოდით გაიმარჯვოს ხელბურთმა და მეგობრობამ.

-დაბოლოს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

-სამწუხაროდ ქართულ ხელბურთზე ბევრი არაფერი მსმენია, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში რაგბი ძალზედ პოპულარულია. ვნახოთ, იქნებ მებრძოლმა სულმა და ხელბურთის ძველმა ტრადიციებმა აქციოს თქვენი ჭაბუკთა ნაკრები საშიშ გუნდად. ყოველივე სუკეთესოს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ თქვენს შესანიშნავ სტუმართმასპინძლობაში.

Handballgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ