ყველა სპორტული სიახლე

ბექა ორჯონიკიძე: გპირდებით ბრძოლას, ჟინს, თავდადებას!

გერმანია, ისლანდია, იაპონია, ჩილე და ალჟირი, - ეს იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, რომლებთანაც საქართველოს ჭაბუკთა სახელბურთო ნაკრებს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ალჟირის გუნდთან ექნება და ამ შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მოკლედ, 8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი დიდი სახელბურთო ზეიმის მოლოდინშია. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ბექა ორჯონიკიძესთან.

-პირველ რიგში გკითხავთ, რამდენად კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?

-მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი და მარტივი მეტოქეები არსებობს? რა თქმა უნდა, B ჯგუფი, სადაც ჩვენ მოგვიწევს ასპარეზობა ძლიერი მეტოქეებით არის დაკომპლექტებული, თუმცა სიკვდილის ჯგუფად ვერ შევრაცხავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევდა და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

-ჩვენი მეტოქეები თუ გყავთ შესწავლილი?

-ვცდილობთ, ყველა გუნდზე მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. ევროპული ნაკრებები, გერმანია და ისლანდია ამომწურავად შევისწავლეთ, ნანახი გვაქვს იაპონიის გუნდის სხვადასხვა თამაშებიც, რაც შეეხება ჩილეს და ალჟირს, შედარებით მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია ამ ორ გუნდსაც ზედმიწევნით გავშიფრავთ.

-რამდენად რეალურად გესახებათ ჯგუფუდან გასვლა და რა იქნება ჩვენი ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?

-ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. თავისთავად გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარ კედლებში და ქომაგების აქტიური მხარადჭერით, პლუს მაქსიმალური მობილიზებით შეუძლებელი არაფერია.

ჩვენი პროგრამა მინიმუმიც სწორედ პლეი-ოფში გასვლაა, ხოლო მაქსიმუმს რაც შეეხება, ვფიქრობ შეგვწევს ძალა სახელბურთო სამყაროს და მთლიანად ქართულ სპორტულ საზოგადოებრიობას უფრო მეტი სიურპრიზიც შევთავაზოთ.

-უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე რას იტყოდით?

-ახალი წლის შემდეგ, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად შევუდექით მსოფლიოს

ჩემპიონატისთვის მზადებას და დღემდე რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვქონია. ერთადერთი, ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ყველა მოთამაშე ჩვენს განკარგულებაში ვერ იყო, თუმცა ფორმას და სათამაშო ტონუსს თავიანთ გუნდებში ინარჩუნებდნენ.

დიდად წაგვადგა ივნისის თვეში ბულგარეთის ტურნირში მონაწილეობა. ამ ასაკში ხომ მოთამაშეები უცხოურ გუნდებთან პაექრობებით იზრდებიან. ბიჭებმა გამოცდილება აიმაღლეს და ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოყალიბდნენ.

-ნაკრებში ლეგიონერი ხომ არ გვყავს?

დიახ, ირაკლი კბილაშვილი, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ კლუბში ირიცხებოდა. ბერძნებს ახლაც სურთ მისი შენარჩუნება, თუმცა ირაკლი არ ჩქარობს და უკეთესი შემოთავაზების მოლოდინშია.

-დასკვნითი შეკრების გამართვას სად გეგმავთ?

-თბილისში ვემზადებით. ამჟამად ბაზაზე ვართ შეკრებილი და სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ვცხოვრობთ, სადაც დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი.

ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდებთან სპარინგ მატჩებს სისტემატიურად ვმართავთ, მაგრამ გვსურს ჩემპიონატამდე ერთი-ორი ამხანაგური მატჩი რომელიმე უცხოურ ნაკრებთანაც ვითამაშოთ. მაგალითად, ჩილეს გუნდი თბილისში ყველაზე ადრე 31 ივლისს ჩამოდის, თუმცა სამხრეთ ამერიკელები ქვეჯგუფში გვყავს და მათთან ამხანაგური რამდენად გამოგვივა და მიზანშეწონილი იქნება დასაფიქრებელია. მონაწილე გუნდების ძირითადი ნაკადი ტურნირამდე 4-5 დღით ადრე ჩამოვა და ალბათ რომელიმე ნაკრებთან სპარინგ შეხვედრის გამართვას მოვახერხებთ.

ზემოთ ბულგარეთის ტურნირი ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვითხრათ, რამდენად კმაყოფილი დარჩით?

საბოლოოდ მერვე ადგილი დავიკავეთ და შედეგით შეიძლება დიდად კმაყოფილება ვერ გამოვხატოთ, მაგრამ იმ ბრძოლისუნარიანობით, რაც ბიჭებმა გამოავლინეს, შემართებით და თამაშის ხარისხით იმედი ჩამესახა, რომ თბილისში თავს არ შევირცხვენთ.

ჯგუფში ლუქსემბურგთან ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ დიდ ბრიტანეთს და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

რა მიგაჩნიათ ჩვენი 19 წლამდე ნაკრების სუსტ და ძლიერ მხარეებად?

დაცვის ხაზი და სწრაფი თამაში უდავოდ ჩვენი გუნდის კოზირად მიმაჩნია,

მეკარის პრობლემასაც არ ვუჩივით. რაც შეეხება სუსტ რგოლს, ბურთის გათამაშების დროს ხშირად მოგვდის ტექნიკური წუნი და ამ მხრივ სამუშაო გვაქვს.

დაბოლოს. რას ჰპირდებით ქართველ გულშემატკივარს?

-8-დან 20 აგვისტომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში არა მხოლოდ სახელბურთო, არამედ ზოგადად სპორტული ზეიმი იქნება. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრი 24 ნაკრების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა და დარწმუნებული ვარ მის ორგანიზებას ღირსეულად გავართმევთ თავს.

გულშემატკივარს კი ვპირდებით ბრძოლას, ჟინს და თავდადებას. სავსე ტრიბუნები და ქომაგების აქტიური მხარდაჭერა ბიჭების კიდევ უფრო დასამუხტად აუცილებელია. თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით და დარბაზში თუ ტელეეკრანებთან მყოფი გულშემატკივრის გასახარებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

საქართველოს ნაკრები.

ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში შევა 16. ტურნირის განმავლობაში შეიძლება 3 ცვლილება, ოღონდ მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება 28-კაციანი სიიდან (მაგალითად, შესაძლებელია ორის შეცვლა და ერთი გამოცვლილის უკან დაბრუნება - ჯამში, 18 მოთამაშის გამოყენება)

GK: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი), გიორგი ვათიაშვილი (გორი)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი (იმედი თელავი)

LB: ზურაბ გოგავა (პეგასი), გიგი ფერაძე (ქარიშხალა), ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი)

CB: გიგა ბაინაზიშვილი, დავით ყორიაული (იმედი თელავი)

RB: გიორგი ცხოვრებაძე (პეგასი), გიორგი ტიელიძე (გორი)

RW: ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), ნიკოლოზ ბაჯალაძე (ფოთი), დავით ნიაზაშვილი (გორი)

P: გიორგი მიქავა (იმედი თელავი), ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი)

მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (უკრ), მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი, გულდის უფროსი: ვახტანგ მეიფარიანი

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

ესაუბრა კახა ბერიძე

Handballgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ