ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ოლიმპიურ გუნდს რიოს ოლიმპიადის 14 ლიცენზია აქვს

რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც 2016 წლის 5-21 აგვისტოს ბრაზილიაში გაიმართება 9 თვე დარჩა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ამ დროისთვის 14 ლიცენზია აქვს.

ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ძირითადი სალიცენზიო ტურნირები გაისად გაიმართება, ზოგიერთ სახეობაში ლიცენზიანტი სპორტმენების ვინაობა პრაქტიკულად გარკვეულია - ოფიციალურად დადასტურება კი უბრალოდ დროის ამბავი.

სიმბოლურია, რომ საქართველოს რიოს პირველი ლიცენზია ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოუტანა. სალუქვაძისთვის ეს მერვე ოლიმპიური თამაშებია, რითიც რეკორდსმენია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ამ სახეობაში.

სალუქვაძემ რიოს თამაშების საგზური სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაისაკუთრა, სადაც 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა მე-4 ადგილით ლიცენზია მიიღო.

სამი ლიცენზია მოიპოვეს ქართველმა მშვილდოსნებმა - ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ, რომლებმაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე პლეი-ოფის მერვედფინალში 5:1 დაამარცხეს იტალია და რიოს საგზური მიიღეს. ჩვენი ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე სრული გუნდით წარსდგება და პირად და გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მშვილდოსნებმა გუნდურად მოიპოვეს ოლიმპიადის საგზური.

მხატვრულ ტანვარჯიშში ლიცენზია სალომე ფაჟავამ მოიპოვა, როცა სექტემბერში შტუტგარტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და რიოს საგზურიც მოიგო.

4 ლიცენზია აქვთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს. მათ რიოს საგზურები ლას ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაისაკუთრეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ, უმედლოდ დარჩა, მაგრამ მე-5 ადგილის დაკავებით ლიცენზია მიიღო ელიზბარ ოდიკაძემაც (96 კგ).

“თავისუფლები“ დარჩენილ წონებში ლიცენზიებისთვის გაისად იბრძოლებენ. ლიცენზიების გარეშე არიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. ისინი რიოს საგზურებისთვის გაისად იჭიდავებენ, თუმცა რთულად წარმოსადგენია ბრაზილიაში სრული გუნდით წარსდგნენ.

საჭიდაო სახეობებიდან ძიუდოისტებს ლიცენზიები ოფიციალურად არ აუღიათ, მაგრამ 7-დან 5 წონაში რიოს საგზურები პრაქტიკულად განაღდებული აქვთ. ეს უბრალოდ დროის ამბავია. პრობლემატურია ორი წონა - 66 და 100. აქ ლიცენზიისთვის ბროლა გრძელდება.

ბერლინში გამართული მარათონის 42,195 კილომეტრიანი დისტანცია დაძლია დავით ხარაზიშვილმა და ლიცენზია დაისაკუთრა. დანიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა და საგზურიც მიიღო ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, ვისთვისაც ეს მესამე ოლიმპიური თამაშები იქნება.

სამი ლიცენზია მოიპოვეს ძალოსნებმაც. გიორგი ასანიძის გუნდი აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა. მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა და გუნდს საჭირო ქულებიც მოუტანა.

ძალოსნობაში ლიცენზიების გაცემის პრინციპი განსხვავებულია - საგზურს ქვეყანა იღებს და არა კონკრეტული სპორტსმენი. ლიცენზიები ორი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები მიხედვით განაწილდა.

საქართველომ 3 ლიცენზია მიიღო. ვინ გაემგზავრება ოლიმპიურ თამაშებზე ამას მწვრთნელთა შტაბი გადაწყვეტს - ერთი, ვისაც ოლიმპიური თამაშების საგზური განაღდებულია აქვს ეს მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ლაშა ტალახაძეა. ეს ბიჭი რიოშიც მედლისთვის იბრძოლებს. დარჩენილი ორი საგზურის ბედს მწვრთნელთა შტაბი გადაწყვეტს, იმის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ვინ როგორ ფორმაში იქნება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, 7-18 სექტემბერს რიო პარალიმპურ თამაშებს უმასპინძლებს. ქართველი პარასპორტსმენებიდან ამ დროისთვის ლიცენზიის მოპოვება ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) შეძლო. გოგოჭური წლეულს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა და რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.

ზამთრის სახეობები, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ