ყველა სპორტული სიახლე

მორის ყვითელაშვილი: "არ მაქვს საფუძველი, რამეზე გული მწყდებოდეს"

ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, ვისაც მოპოვებული აქვს ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. მორისი 22 წლისაა, ვარჯიშობს მოსკოვში ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელით გამოდის 2016 წლიდან. ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე დაიკავა მე-6 ადგილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე - მე-13 ადგილი, რამაც ოლიმპიადის საგზური მოუტანა.

დღეს გამოქვეყნდა LENTA. RU-ს ჟურნალისტის ვრცელი ინტერვიუ მორის ყვითელაშვილთან. ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე, მწვრთნელებზე, პირად ცხოვრებაზე, საოლიმპიადო პერსპექტივებზე, საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე, მოქალაქეობის გამოცვლის მიზეზებზე: „ეს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიმიღია, _ ამბობს მორისი, _ ვფიქრობდი, რომ თუ წელს არ გამომივიდოდა, მაშინ ყველაფერი დამთავრებული იყო. ახლოვდებოდა ოლიმპიური წელი. ძალიან მინდოდა ოლიმპიადაზე გამგზავრება, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობა. რუსეთის სახელით რომ გამოვსულიყავი, ამ შეჯიბრებებში მოხვედრის მცირე შანსი მქონდა. ამიტომაც ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა _ უფრო რეალური და აწონილი.“

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნანობს მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მორისი ასე პასუხობს: „არანაირი საფუძველი არა მაქვს, რაიმეზე გული მწყდებოდეს. საქართველოს სახელით შემიძლია ვიასპარეზო უმაღლესი დონის შეჯიბრებებში. მე გავთავისუფლდი, მხრებში გავიშალე, ვსრიალებ უფრო სუფთად და უკეთესად. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზდენტს მაკა გიორგობიანს: ის ყველაფერს და უფრო მეტსაც აკეთებს იმისთვის, რომ მე წარმატებით გამოვიდე სერიოზულ სტარტებზე. რა თქმა უნდა, არ შემიძლია მხარდაჭერისთვის მადლობა არ ვუთხრა საქართველოს სპორტის სამინისტროს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.“

მორისი დეტალურად საუბრობს ახალ საშეჯიბრო პროგრამაზე, მომავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოყოფს მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 2018 წლის თებერვალში სამხრეთ კორეულ პიონჩანგში გაიმართება: „ოლიმპიური თამაშები გამორჩეული, პლანეტარული მასშტაბის შეჯიბრებაა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც პიონჩანგის საგზური ერგო. ვიცი, რომ საქართველოში არიან ძლიერი მოციგავეები და მოთხილამურეები, თუმცა მათი შესარჩევი შეჯიბრებები ჯერ არ გამართულა. “

მორის ყვითელაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს სახელით დიდ გამარჯვებებს მიაღწევს, მერე კი გეგმავს ფიგურული ციგურაობის სკოლის გახსნას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ