ყველა სპორტული სიახლე

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთმა მოიგო

მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა.

მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება. 28:25 - ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს ერიკ ქუინტინის ბიჭებმა, ჩემპიონტის ყველაზე ლამაზად, ეფექტურად და აზრიანად მოთამაშე ხელბურთელებმა. მათი მეტოქე ასევე კარგი გუნდი ესპანეთი გახლდათ. მომავალ ჩემპიონებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ ამ ნაკრებმა გაუწია. ესპანელებს პირველი ტაიმში თამაში მიჰყავდათ კიდეც და რამდენჯერმე სოლიდური სხვაობითაც იყვნენ დაწინაურებულები, მაგრამ ბოლოს ფრანგებმა ჩამორჩენის შემცირება მაინც მოახერხეს. ტაიმი ესპანეთმა მინიმალური სხვაობით - 13:12 მოიგო.

შესვენების შემდეგ საფრანგეთი, ისევე როგორც ჩემპიონატის ყველა წინა შეხვედრისას, გაცილებით მობილიზებული და მოტივირებული გამოვიდა. მათ გოლების გატანა დაიწყეს და მეტოქეს ერთბაშად ხუთი უპასუხო ბურთი მიართვეს. დაწინაურდნენ და ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ერთხელ ესპანელებმა ფრანგების რიცხობრივი უმცირესობით კი ისარგებლეს და ოთხბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ მხოლოდ წუთით, მერე და მერე საფრანგეთმა ისევ „აიშვა" და ხუთი ბურთითაც დაწინაურდა.

მატჩის დამთავრებამდე წუთით ადრე ესპანეთი მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩებოდა, ბურთს ისინი ფლობდნენ და შეტევისთვის გაემზადნენ, თუმცა რიცხოვნობა დაარღვიეს, მოედანზე ერთი მეტი ესპანელი ხელბურთელი აღმოჩნდა, რაც მსაჯებმაც უმალ შეამჩნიეს და გუნდს ბურთი ჩამოართვეს. ეს უკვე საფრანგეთის ჩემპიონობის მაუწყებელი იყო. ბოლო გოლი ფრანგების 9 ნომერმა გაიტანა - კილიან ვილენიმომ, ფრანგების გამთამაშებელმა ამ შეხვედრაში სულ 13 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ხელბურთელი, რომელიც ასეთი რანგის მატჩში 13 გოლს გაიტანს ჩემპიონატის საუკეთესოობის ღირსიც არის. ასეც მოხდა - ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოდ სწორედ კილიან ვილენიმო დაასახელა. ცხადია, ფრანგთა შორის ფინალური მატჩის საუკეთესოდაც ის მიიჩნიეს, ესპანელთაგან კი 8 გოლის გამტანი მიკელ საბალა.

ყველაზე ცოტა გოლი გოლი საფრანგეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში გაიტანა, თუმც შინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. აკი პირველობასაც სწორედ ეს გუნდი იმსახურებდა.

ერიკ ქუინტინი, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: „უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩვენი ერთად დიდი ხანი მივდიოდით ამ მიზნისკენ და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მადლობა საფრანგეთის ნაკრების თითოეულ წევრს. მადლობა მეტოქეს, რომელმაც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვეთ და ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური იყო".

მიგელ სანჩესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: „დამწუხრებულები ვართ, თუმცა არც ჩემპიონატის მეორე ადგილია ცუდი შედეგი. ფინალი ყოველთვის დაძაბული და სანერვიულო გამოდის, ასე იყო ამჯერადაც. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოს ჩვენმა რამდენიმე შეცდომამ ფრანგებს ჩემპიონობა მოუტანა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას".

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დანიამ 30:29 დაამარცხა ხორვატია.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ რუსი მაქსიმ პოპოვი აღიარეს, საუკეთესო მარცხენა გარემარბი დანიელი ემილ იაკობსენი გახდა, მარცხენა შუამარბი - დანიელი ემილ ლაერკე, მარჯვენა გარემარბი - ედუარდ კემპფი (საფრანგეთი), მარჯვენა შუამარბი - ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ხაზის მოთამაშე - ლუიშ ფრადე (პორტუგალია), საუკეთესო გამთამაშებელი - ესპანელი იან სერანო ტარაფეტა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი კილიან ვილენიმო დაასახელეს, ბომბარდირის პრიზი კი 66 გოლის გამტან ისლანდიელს, ტეიტურ ორნ ეინარსონს გადაეცა.

ხელბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ