ყველა სპორტული სიახლე

ლეგიონერები | მონპელიე დაუმარცხებელია

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში სამი ტური მიილია და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ქართველების ‘მონპელიეა’.

ბონუს ქულით ორი გამარჯვების შემდეგ, ‘მონპელიემ’ მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად ითამაშა და ‘კასტრს’ 22:17 სძლია. სასიამოვნოა, რომ თამაშის მსვლელობისას სტუმართა ქომაგების ტრიბუნაზე საქართველოს დროშა იყო გამოფენილი, მოედანზე კი, ორი ბორჯღალოსანი გავიდა. მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ბრძოლაში 45-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში 10 უპასუხო ქულა აიღეს და გამარჯვებების სერია გააგრძელეს.

ახალი სეზონის სტარტზე მეორედ დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონი ‘კლერმონი’. ‘ვულკანებს’ ‘ლა როშელმა’ 51:20 მოუგო. სტუმართა შორის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ოთარ გიორგაძემ. ის შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. 47-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმაც. ამ დროს ‘კლერმონი’ 6:48 აგებდა და შემდეგი ნახევარი საათი 14:3 მოიგო, თუმცა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია.

ბორდოში 10:30 დამარცხდა ‘სტად ფრანსე’. ზურაბ ჟვანია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 51 წუთი გაატარა.

მეორე პარიზულმა კლუბმა ‘რასინგმა’ ‘ბრივს’ სტუმრად 25:6 აჯობა. მასპინძელთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. ‘რასინგის’ შემადგენლობაში 53-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

სამმა ქართველმა ითამაშა ‘აჟენის’ შემადგენლობაში, რომელიც ‘ოიონას’ ეწვია და ბონუს ქულას გამორჩა - 10:12. თამაზ მჭედლიძე ტრადიციულად შეუცვლელად გაისარჯა, თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ვახტანგ ახობაძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

‘ტულონმა’ ‘ტულუზას’ დაძაბულ ბრძოლაში 20:16 აჯობა. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო მამუკა გორგოძე.

პრო დე2

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში პირველი მარცხი იწვნია ‘გრენობლმა’. მე-4 ტურში ის ‘მონტობანს’ ეწვია და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ბონუს ქულას გამორჩა. სტუმრთა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

‘ბიარიცს’ უმასპინძლა და 26:22 სძლია ‘ანგულემმა’, რომლის რიგებშიც 54-ე წუთიდან ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. მისი მოედანზე გამოჩენისას ანგარიში 15:15 იყო, მალე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში ‘ანგულემმა’ იყოჩაღა.

ფრედ 23:23 დასრულდა ‘ნარბონისა’ და ‘კოლომიეს’ შეხვედრა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო: მასპინძელთა შორის ბექა ბიწაძემ (65-ე წუთიდან), სტუმართა შორის ბექა შეყლაშვილმა (53-ე წუთიდან)

სტუმრად ‘მონ-დე-მარსანთან’ 11:38 დამარცხდა ვახტანგ მაისურაძის ‘ვანი’. ქართველმა მეორეხაზელმა მეორე ტაიმში სრულად ითამაშა.

‘ბეზიესთან’ სტუმრად გამართუული შეხვედრიდან ერთი ქულა წამოიღო ‘ორიაკმა’ – 27:31. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

‘კარკასონი’ ‘პერპინიანს’ 50 წუთის შემდეგ 19:9 უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 20 უპასუხო ქულა გაუშვა და 19:29 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. 54-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული, მაგრამ მე-60-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა და მოედანზე ჯამში 16 წუთი გაატარა. 

rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ