ყველა სპორტული სიახლე

ლეგიონერები | ლომიძის დებიუტი პრემიერშიპში

ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ ინგლისის ავივა პრემიერშიპში პირველად ითამაშა.

‘ლონდონ აირიშის’ მესამეხაზელი შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა.

მე-6 ტურში ლონდონელები ‘ლესთერ თაიგერსს’ მასპინძლობდნენ და 63-ე წუთისთვის 13:28 აგებდნენ. დარჩენილ დროში ‘აირიშმა’ 2 ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და მინიმალური მარცხისთვის ერთ სატურნირო ქულას გამორჩა - 27:28.

ლომიძემ 17 წუთში 4-ჯერ შეუტია და ჯამში 7 მეტრი მოიგო, 3 პასი და 1 ოფლოუდი გააკეთა, დაცვაში კი 2 ბოჭვა შეასრულა.

ლომიძე ლონდონ აირიშში ამ სეზონში გადავიდა და აქამდე მხოლოდ კლუბის ‘ა’ გუნდში (დულიორთა შემადგენლობაში) უწევდა თამაში. წინა ტურში მან სრულად ითამაშა ‘ა’ შემადგენლობაში ‘ექსეთერის’ წინააღმდეგ და ორი ლელოც მიითვალა. ამის შემდეგ მას კლუბის სამწვრთნელო შტაბი ენდო და მისი დებიუტიც შედგა პრემიერშიპში.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მე-7 ტურის შეხვედრებში მოედანზე 10 ქართველი ვიხილეთ.

‘ტულონი’ ‘ბორდოს’ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 27:30 დამარცხდა, თუმცა თამაშიდან გამომდინარე 1 ბონუს-ქულაზე მეტს იმსახურებდა. სტუმართა შორის გამორჩეულად კარგები იყვნენ ქართველი ლეგიონერები. მამუკა გორგოძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა - ის 53-ედან 63-ე წუთამდე გასინბინებული პირველხაზელის შესაცვლელად გაიყვანეს. ამ პერიოდში მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი.

გორგოძე ჩვეულად იბრძოდა და ბოლომდე დაიხარჯა. ლევან ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-11 წუთზე შეცვალა და მას შემდეგ მეტოქის ბურჯებს შავი დღე აყარა. ის კარგი იყო შავი სამუშაოს შესრულებისას და ღია თამაშში.

მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილმა ითამაშა ‘სტად ფრანსესა’ და ‘მონპელიეს’ დაპირისპირებაში. ქართველი ბურჯი სტუმართა ძირითადში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა. თამაში პარიზელებმა 31:20 მოიგეს.

‘ბრივმა’ ‘კასტრი’ მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ამაში წვლილი ორ ჩვენებურს მიუძღვის და ორივემ შეცვლაზე ითამაშა: ბურჯი კარლენ ასიეშვილი მოედანზე 49-ე, ხოლო 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

ორმა ქართველმა ითამაშა ‘აჟენის’ შემადგენლობაშიც, რომელმაც ‘ლიონს’ უმასპინძლა და 6:25 დამარცხდა. თამაზ მჭედლიძე მწვრთნელმა ძველ პოზიციაზე დააბრუნა და პირველიდან 54-ე წუთამდე ათამაშა. თადარიგში იყო გიორგი თეთრაშვილი: მან პირველ ტაიმში 25-იდან 33-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 54-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ‘რასინგის’ ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. მისი ‘რასინგი’ ‘ლა როშელს’ ეწვია და 9:16 დამარცხდა.

‘კლერმონის’ რიგებში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა ბექა კაკაბაძემ. ‘ტულუზთან’ სტუმრად გამართულ შეხვედრაში ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი, რომელიც მე-3 წუთზე დაშავდა, 10 წუთით შეცვალეს და მერე 51-ე წუთამდე ითამაშა. ‘ტულუზმა’ მატჩი 28:18 მოიგო.

ახლა ფრანგულ კლუბებს ევროთასების ორ-ორი მატჩი ელით.

პრო დე 2

პრო დე 2-ის მე-7 ტურში, ‘ორიაკმა’ ‘ბაიონს’ ნახევარ საათში ორი ლელო გაუტანა და 11 ქულას უგებდა (17:6), თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდა - 20:24. ტრადიციულად, მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა, შუამარბმა მერაბ შარიქაძემ. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა ქართველების კიდევ ერთი გუნდი ‘კარკასონი’. ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ (10:10), ის 67-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 17:13 დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელი შეტევა ვერ მოიგერია და ლელო გაუშვა - 17:18. მასპინძლები სამჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით. სინბინში 10 წუთი გაატარა ბურჯმა მირიან ბურდულმა, თუმცა მასთან ერთად ყვითელი ბარათი მეტოქე გუნდის ბურჯმაც იხილა.

ბურდული შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი 61-ე წუთზე მიიღო. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო ბორჯღალოსანი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, თუმცა 73-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

‘ნარბონის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ. მისი გუნდი ლიდერ ‘გრენობლს’ ეწვია და 9:31 დამარცხდა.

‘მონ-დე-მარსანს’ ეწვია და 12:38 დამარცხდა ‘ანგულემი’.  სამწუხაროდ, მხოლოდ 11 წუთი ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. ის ძირითადში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა.

შეცვლაზე 19 წუთი ითამაშა ‘ვანის’ მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ. მისი გუნდი ‘კოლომიესთან’ სტუმრად 19:40 დამარცხდა. 

‘დაქსი’ ‘პერპინიენს’ ეწვია და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ 25:51 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 23 წუთი ითამაშა ელიზბარ ყუფარაძემ.  

rugby.ge

რაგბი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ