ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას პირადი რეკორდი გოლდენ სტეიტში (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიამ “გოლდენ სტეიტში” პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ეს დღეს, გამთენიისას, ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, “მემფის გრიზლისის” წინააღმდეგ მოახერხა. ოკლენდელებმა ტენესელი “დათვები” 141:128 გაანადგურეს, ფაჩულიამ კი “მეომრებს” 17 ქულა მიაშველა, რაც მისი უმაღლესი შედეგია ამ კლუბის შემადგენლობაში.

აქამდე ფაჩულიას 111 მატჩი ჰქონდა “გოლდენ სტეიტში” ჩატარებული და ყველაზე მეტი – 16 ქულა მოეგროვებინა. ეს ზაზამ 2016-17 წლების სეზონში, 27 თებერვალს, “ფილადელფიასთან” 119:108 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. დღეს კი ქართველმა ცენტრმა “მემფისს” 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩაუგდო, რამაც მისთვის პირადსარეკორდო 17 ქულა შეადგინა. 

დღევანდელ მატჩში ფაჩულია უბადლოდ გაისარჯა და მწვრთნელს ის მეტ ხანს რომ დაეტოვებინა მოედანზე, შესაძლოა, სამმაგ დუბლამდეც მისულიყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ფაჩულიამ ჯამში 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. აქვე ვთქვათ, რომ ზაზას კარიერის რეკორდი 27 ქულა გახლავთ, რაც მან 2007 წლის 7 მარტს, “მაიამის” წინააღმდეგ მოაგროვა, როცა “ატლატნა ჰოუქსის” ღირსებას იცავდა.

“მემფისთან” დღეს მოგებულ შეხვედრაში ფაჩულიასთან ერთად გამორჩეული იყო სტეფ კარი, რომელიც 2-კვირიანი ტრავმის გამო მოედანს 38 ქულით დაუბრუნდა. 21 ქულა დააგროვა კლეი ტომპსონმა, ხოლო კევინ დიურანტმა ოკლენდელებს 20 ქულა მიაშველა.

“გოლდენ სტეიტი” 29 მოგებითა და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობენ. შემდეგი მატჩი ფაჩულიას ყოფილ გუნდთან ელის: 4 იანვარს “გოლდენ სტეიტი” ტეხასში” “დალასს” დაუპირისპირდება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ